- ნათია, სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ მოხვდი?
- როგორც ხდება ხოლმე, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა და როლი შემომთავაზა. სერიალის - "სიყვარულს მიღმა" მეხუთე, საფინალო სეზონია. შესაბამისად, სერიალი დასრულდება. ცოტათი გული კი დამწყდა, რომ საფინალო სეზონში ვმონაწილეობ, მაგრამ არა უშავს... რა თქმა უნდა, ამ პროექტში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ყოველთვის ძალიან მომწონდა.
- როგორ პერსონაჟს თამაშობ?
- ჩემი პერსონაჟი სერიალს მერვე სერიიდან უერთდება. კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც მივხვდი, ურთიერთობებში ცოტათი გამოუცდელია და შეიძლება, რაღაც სისულელეებიც ჩაიდინოს.
- მისი ხასიათის თვისებები შენს რეალურ ხასიათს რამდენად ჰგავს ან განსხვავდება?
- უი, ჩემი რეალური ხასიათისგან ძალიან "შორსაა". აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა - ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ, თუმცა სათამაშოდ კარგი პერსონაჟია. თან, საყვარელიცაა. საერთოდ, ყველა შტერი ხომ საყვარელია, არა?
- როგორ ფიქრობ, მაყურებელი შენს პერსონაჟს როგორ მიიღებს?
- სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, რადგან როგორც იცი, დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. სიმართლე გითხრა, ამის მიზეზი არ ვიცი. რატომღაც, მიიჩნიეს, რომ გარკვეული პერიოდი განსაკუთრებულად დავუთმე ოჯახს, ბავშვის აღზრდას... ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მაყურებლებზე პირველი შთაბეჭდილება უკვე მოვახდინე სოციალურ ქსელში "სთორებით", "პოსტებით"... როგორც მივხვდი, ეკრანზე ჩემი გამოჩენა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ ხომ იცი, ყველანაირი ხალხი არსებობს, არა? ამიტომ შესაძლოა, ჩემი პერსონაჟის შესახებ ვინმემ ნეგატიური კომენტარიც დაწეროს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც პერსონაჟს მსახიობთან აიგივებს... მოკლედ, დაველოდოთ, რა მოხდება, მაგრამ მგონია, რომ დადებითი შეფასება და კარგი კომენტარები იქნება, რადგან დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ.
- უკვე პოპულარული სერიალის გუნდთან შეერთება როგორი გამოცდილება იყო? როგორ მიგიღეს?
- რა თქმა უნდა, უმრავლესობას ვიცნობ. სტაფთან მუშაობის გამოცდილება ერთხელ მქონდა - შორიდან მათაც ვიცნობდი. ერთმანეთთან განსაკუთრებულად გულთბილი დამოკიდებულება აქვთ, რადგან ერთი გუნდია. მათი მეგობრობა და ერთგულება ამ სერიალით არ დაწყებულა - ბევრ წელს ითვლის. განსაკუთრებულად კარგი შემოქმედებითი გუნდია. მათ წარსულში საერთოდ რომ არ შევხვედროდი, დარწმუნებული ვარ, მაინც გულთბილად მიმიღებდნენ, ისეთი კარგი პიროვნებები და თავიანთი საქმის დიდი პროფესიონალები არიან.
- წლების წინ სერიალიდან - "ჩიფსების თაობა" გახდი პოპულარული. იმ პირველმა გამოცდილებამ შენი ცხოვრება და კარიერა როგორ შეცვალა?
- იცი, როგორ იყო? თავდაპირველად სერიალი - "ბიჭები და გოგოები" გადიოდა. როცა ამ სერიალს ვუყურებდი, იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი - სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ვერ აღგიწერ, ამ სერიალში მონაწილეობის როგორი ძლიერი სურვილი მქონდა! როცა "ბიჭები და გოგოები" დასრულდა, ახალი სერიალისთვის - "ჩიფსების თაობა" კასტინგი გამოცხადდა. მივედი, როლზე დამამტკიცეს... ჩემს სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მაშინ ეკრანზე პირველად გამოვჩნდი, მანამდე სხვა გამოცდილება არ მქონია... პირველი საქმე ეს იყო, რაც შეიძლებოდა მეკეთებინა. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაზე, კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
- ხომ არ ფიქრობ, რომ უფრო "სერიალების მსახიობად" მოიაზრები, მიუხედავად იმისა, რომ ფილმებშიც მონაწილეობ, რეკლამებშიც?..
- "ჩიფსების თაობა" ბევრი წლის განმავლობაში გადიოდა. შემდეგ სახელი გადაერქვა - "ჩვენი ოფისი" დაარქვეს. როდესაც ეს სერიალი დასრულდა, რამდენიმე წელი თითქოს "დავიშტამპეთ": წარმოიდგინე, სერიალი ბევრი წელი რომ "ტრიალებს", უკვე ყველა შენს პერსონაჟთან გაიგივებს. შესაბამისად, ამ მიზეზს ვასახელებ, რომ როცა სხვა პროექტები დაიწყო, დიდი ხნის განმავლობაში შემოთავაზება არ მიმიღია, თუმცა მერე და მერე, ხალხს ცოტათი რომ გადავავიწყდით, შემოთავაზებებიც იყო. "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვმონაწილეობდი და კიდევ ბევრ სხვა პროექტშიც.არსებობს კლიპები და რამდენიმე ფილმიც, რეკლამებიც, რომლებშიც ვმონაწილეობ. სხვათა შორის, გაგიკვირდება და, ერთ-ერთ ფილმს პანდემიის დროს ვიღებდით. ლოკდაუნის პერიოდში, როცა ყველაფერი "გაყინული" იყო - კინოინდუსტრია, შოუბიზნესი, სარეკლამო ბიზნესი, ზუსტად მაშინ ქართულ-ყაზახურ ფილმზე ვმუშაობდით. 1 თვე ყაზახეთში ვიცხოვრე. ტესტებს ვიკეთებდით, პირბადეები გვეკეთა... მოკლედ, გადაღებები ძალიან მკაცრად ორგანიზებული იყო. შემდეგ, როგორც იქნა, ფილმის პრემიერაც გაიმართა...
- სერიალების უკვე განსახიერებული პერსონაჟები როგორი გრძნობით გახსენდება? მათ შორის შენთვის განსაკუთრებული რომელია?
- იმდენი ხანია, ამ სფეროში არ გამოვჩენილვარ, რომ რა თქმა უნდა, ცოტათი ნოსტალგიაც მქონდა, რადგან ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს - ამ პროფესიით გავიზარდე და ამ პროფესიამ გამზარდა. განსაკუთრებულ როლს ვერ გამოვყოფ, თუმცა ალბათ, ისევ ნინის დავასახელებ "ჩიფსების თაობიდან", რადგან პირველი გამოცდილება, ასე ვთქვათ - პირველი სიყვარული იყო, რა...