"ამიტომ ეხვეწებოდა სახელოვანი იტალიელი სცენარისტი, პოეტი, მწერალი, მხატვარი ტონინო გუერა მის მიერ ასე მარჯვედ გადმოცემული ამბები ქაღალდისთვის მიენდო, მკითხველს რომ არ დაეკარგა და ხელმისაწვდომი გამხდარიყო ერთი საინტერესო ქართველი მთხრობლის ნაამბობი. შემთხვევით არ ქმნიდნენ მის პორტრეტებს ცნობილი მხატვრები, რომლებზეც უწინარესად მომხიბვლელი ქალბატონის მდიდარი სულიერება იკითხება..." - აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე ახლახან გარდაცვლილი მადლენ (მილერ) ყუშიტაშვილის შესახებ გვიამბობს...
- ფოტო, თუნდაც მაღალი ხარისხის, უძლურია მთელი სისავსით გადმოსცეს მადლენ (მილერ) ყუშიტაშვილის გარეგნული სილამაზე და სულიერი სიმტკიცე. ძლიერი ინტელექტი, ერუდიცია, მაღალი გემოვნება, საკუთარი თუ სხვისი ნააზრევის ლოგიკურ კონებად აკინძვისა და გადმოცემის ოსტატობა, მყარი, საკმაოდ მკაცრი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი პოზიცია მადლენ ყუშიტაშვილის პიროვნულ თვისებებს უაღრესად საინტერესო შტრიხებით ავსებდა. რთული შინაგანი ბუნება, ხასიათის თავისებურებებს რომ განსაზღვრავს, საკუთარი ნააზრევისა თუ თავისივე ხელით ოსტატურად შექმნილის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საზღვრებს საგრძნობლად უზღუდავდა... რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ დიდი ძალისხმევით დაითანხმა ჩრდილში მყოფი ქალბატონი, რომ შეერთებოდა "იავნანას" გადამღებ ჯგუფს. მისი გადაწყვეტილება ზუსტი და ფილმისთვის უაღრესად სასარგებლო აღმოჩნდა. ვინც მადლენს იცნობდა, არ გაჰკვირვებია მისი შექმნილი ტანსაცმლის დიზაინი თუ მხატვრის თვალით დანახული ცალკეული ეპიზოდები. მას ჰქონდა უნარი, რასაც ხელს შეახებდა - იქნებოდა ეს ქსოვილი, ტრივიალური ამბავი თუ უკვე გადასაგდებად განწირული რაიმე ნივთი, მისთვის ესთეტიკური ხიბლი და მიმზიდველობა უნდა მიენიჭებინა... ამიტომაც მეგობრობდა დემიურგთან, რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან; ამიტომ ეხვეწებოდა სახელოვანი იტალიელი სცენარისტი, პოეტი, მწერალი, მხატვარი ტონინო გუერა მის მიერ ასე მარჯვედ გადმოცემული ამბები ქაღალდისთვის მიენდო, მკითხველს რომ არ დაეკარგა და ხელმისაწვდომი გამხდარიყო ერთი საინტერესო ქართველი მთხრობელის ნაამბობი. შემთხვევით არ ქმნიდნენ მის პორტრეტებს ცნობილი მხატვრები, რომლებზეც უწინარესად, მომხიბვლელი ქალბატონის მდიდარი სულიერება იკითხება.
- მხატვრების მუზა იყო?
- დიახ, მადლენი თბილისელი მხატვრის, გაიანე ხაჩატურიანის მუზაც იყო. მიუხედავად მხატვრის სტილის თავისებურებისა, რაც ძნელად ამოსაცნობს ხდის ამა თუ იმ ფიგურის პროტოტიპს, თუ კარგად დააკვირდებით, უთუოდ შენიშნავთ მადლენისთვის ჩვეულ მზერასა და განწყობას. მადლენის რჩევებს სიამოვნებით ითვალისწინებდნენ შემოქმედებასთან წილნაყარი ადამიანები, აფასებდნენ მის გემოვნებასა და სიახლის გასაოცარ განცდას... სერგო ფარაჯანოვი დიდ ანგარიშს უწევდა მის აზრს, თავის კოლაჟებსა თუ ფილმებში ითვალისწინებდა და ამას არც მალავდა.
სერგო ფარაჯანოვის მძიმედ დაავადებულ დას მადლენი თავისი საუბრებითა და თანადგომით უმსუბუქებდა მძიმედ სავალ გზას. ხოლო როდესაც გარდაიცვალა, რეჟისორის თვალით აკვირდებოდა სერგო, როგორ ამზადებდა მადლენი მიცვალებულს მარადიულ სასუფეველში გასამგზავრებლად. მერე კი პირობა ჩამოართვა, რომ მასაც ასევე გააპატიოსნებდა და მასთან სხვას არავის მიუშვებდა. ეს დაპირება თბილისელ კაცს, სერგო ფარაჯანოვს მადლენმა ვერ შეუსრულა, რადგან გარდაცვლილის ნეშტი მის მშობლიურ ქალაქში თვალით ვერავინ ნახა.