გია სურამელაშვილს მალე 56 წელი შეუსრულდება და, ბოლო სამი ათწლეულია, პოპულარობა არასდროს დაუკარგავს. 90-იან წლებში მის კონცერტებზე უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ქალებში პოპულარულ ახალგაზრდა მომღერალს ხშირად სთხოვდნენ ავტოგრაფს და მასთან მიახლოებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.
იმ დროისთვის უცნაურად ჩაცმული, ექსტრავაგანტური გია სურამელაშვილის პოპულარობის პიკი საქართველოში სამოქალაქო ომს დაემთხვა და მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია ფილარმონიის დარბაზს სრულად ავსებდა.
ვინ იყო გია სურამელაშვილის ცოლი?
ამ პოპულარობის ფონზე, გია სურამელაშვილმა ცოლად მაია კვესელავა შეირთო, თუმცა ეს ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. გიასა და მაიას ერთი შვილი, ნუგო შეეძინათ, თუმცა ერთმანეთს დაშორდნენ, ბავშვის აღზრდა კი გიას და მის ოჯახს დაეკისრა.
გია სურამელაშვილის შვილი
„ყურადღებიანი მამა იყო, ბევრ საჩუქარს მიკეთებდა ყოველთვის. ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მამები შვილების მიმართ, ალბათ, ყოველთვის მკაცრები არიან, მამის პოზიცია ეჭირა. თუ გაბრაზდებოდა, მაქსიმუმ ორი დღის მანძილზე ფული არ მოეცა, სულ ეს იყო. მე მუსიკალური მონაცემები არ მაქვს, არასდროს მიცდია სიმღერა“, - ამბობდა ნუგო სურამელაშვილი მამის შესახებ.
თავად გია სურამელაშვილიც იხსენებდა, რომ შვილი მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი იყო:
„კარგი მამა ვიყავი, სასწაული. მე ვიყავი ყველაფერი მის ცხოვრებაში და ის ჩემთვის იყო ყველაფერი. კონცერტები მომიხსნია მის გამო. სცენიდან გამოვრბოდი, რომ დამეძინებინა. მკაცრიც ვიყავი. მეშინოდა, თამამი ბავშვი იყო, დაგვიანება უყვარდა, განებივრებული იყო, კერპივით გვყავს ოჯახში და ყველა ვნერვიულობდით“, - იხსენებდა გია სურამელაშვილი.
ნუგო სურამელაშვილი
ნუგო სურამელაშვილი მეუღლესთან, სოფოსთან და შვილთან, ლიკასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია, რაც შვედეთში ცხოვრობს: „აქ პატარ-პატარა ბიზნესები გვაქვს, მალე საქართველოშიც ვაპირებთ ჩვენი ბიზნესის დაწყებას“, - ამბობდა ნუგო.
ნუგო სურამელაშვილი, მამისგან განსხვავებით, კამერებთან იშვიათად ჩნდება. სულ რამდენჯერმე დათანხმდა ინტერვიუსა და საჯარო გამოჩენას. "გიასთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონდა. მე სხვა სფეროში ვარ, გია – სხვა სფეროში. სალაპარაკო თემა არ გვქონდა, ვერ ვთანხმდებოდით. როგორც მამა-შვილს, კონფლიქტი გვქონია. ბოლოს გია სულ გადატვირთული იყო, ხშირად მეც არ ვიყავი საქართველოში. პატიმრობიდან რომ გავთავისუფლდი და ცოლი მოვიყვანე, მერე უფრო დავახლოვდით. გიაც არაფერს მიყვება და მეც არ დავინტერესებულვარ მისი პირადით", - ამბობდა ის ცნობილი მამის შესახებ.