ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს, სადაც ჩანს როგორ თევზაობს მისი შვილი, ვაჩე კალაძე.
დიზაინერმა ასევე მეუღლესთან, კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ბევრ დადებით კომენტარს შეხვდებით.
„ყველაზე გემოვნებიანი წყვილი მსოფლიოში“…„საუკეთესო წყვილი ხართ, ერთმანეთს საოცრად უხდებით“.
კახა კალაძის ოჯახი
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარ ვლოგში კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე: "კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება... ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით", - ამბობს ანუკი.
"მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა... პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება...
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ", - იხსენებს ანუკი არეშიძე.
ანუკი არეშიძის ბრენდი
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.