_ კარგი-მეთქი, ვიფიქრე, ჯანდაბას, შევხვდები. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ დავუწვები, იქნებ დაწყნარდეს და მომეშვას-მეთქი. პირველზე დამირეკე! _ ვეუბნები. _ გაგიჟდი? მაგდენ ხანს რა მომათმენინებს? თერთმეტზე დაგირეკავ! _ მეუბნება. ამაზეც დავთანხმდი. ჰოდა, ვზივარ დღეს დილიდან და ამ დრომდე ველოდებოდი, როდის დამირეკავდა. შენც არ მომიკვდე! აი, უკვე რომელი საათია და არ დაურეკავს. არც კი გავახსენდი. მაგის დედას… _ გინება მუშტზე ხელისგულის დატყაპუნებით დაასრულა.
_ დაიკიდე, რა. საერთოდ აღარ დაელაპარაკო, გაუთიშე ხოლმე, როცა გირეკავს და მორჩა.
_ ეგრეც ვაპირებ, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები, ახლა რომ არ დავლიო, მოვკვდები. არ გინდა ერთად დავლიოთ? კომპანიონი მჭირდება.
_ შენთან ერთად ყველაფერი მინდა, _ ტკბილად ვუთხარი და მისი თავი მკერდზე მივიხუტე.
ეს გოგო მართლა გულით მიყვარდა. ალალ-მართალი იყო და იმიტომ. სულ არ მაინტერესებდა მისი ცხოვრების სტილი. ჩემთვის ყველაზე სუფთა და ფაქიზი ადამიანი იყო ამქვეყნად, როგორც ნინი.
_ მადლობა, ანდრია! _ გულაჩუყებულმა მითხრა, ხელები წელზე მომხვია და თავის შამპანურიანად ჩამეხუტა.
_ წამო, შევუდგეთ საქმეს, _ კიბის მოაჯირს დავეყრდენი, _ მაგრამ მე საჭმელი არაფერი მაქვს, შენ?
_ არც მე… ყველი მაქვს და პური… და კიდევ მწნილი.
_ ოჰ, მეტი რაღა გინდა, შე ქალო! მეფური სუფრა გაგვიშლია და ეგაა! _ სიცილით მივაძახე თავისი ოთახისკენ გაქცეულს და შამპანურის ბოთლი, ხელში რომ მომაჩეჩა, გასაგრილებლად გახურებულ შუბლზე მივიდე.
აბა, ორ კაცს ერთი ბოთლი შამპანური რას გვიზამდა? თანაც, მე ცოტას ვსვამდი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შამპანურს არ ვწყალობ, გულძმარვა მეწყება და მეორეც _ არ მათრობს. ძმაკაცები მეხუმრებიან, შამპანური არისტოკრატების სასმელია და შენ, როგორც არისტოკრატს, რას მოგერევაო. მე კი ვიცი, რომ არისტოკრატობა არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც არ ვეკამათები. დაე, ილაყბონ.
მე, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს, ბარი გამოტენილი მაქვს სასმელებით. რა გინდა, სულო და გულო, რომელი ქვეყნის რა სახის სასმელს მოისურვებთ, მე რომ არ მქონდეს. მაგრამ ხანდახან ისე მენანება ხოლმე ჩემი იშვიათი ეგზემპლარები, რომ გახსნა მიძნელდება და თუ დავაპირე, ხელები მიკანკალებს. ისე, ხუმრობა იქით იყოს და კოლექციონერობას ზედმეტად სცოდნია მიჩვევა. შეგროვების პროცესი უფრო და უფრო მიტაცებდა, აი, გახსნის კი პირიქით, მინელდებოდა. ჩემი მეგობრები ისე არ ჩამოვიდოდნენ საზღვარგარეთიდან, ჩემთვის ერთი ბოთლი უცხო სასმელი არ ჩამოეტანათ. ყველაზე ძვირიანებს და ყველაზე უცხოებს ხელს არ ვახლებდი, სამარიაჟოდ მჭირდებოდა, უფრო წვრილ-წვრილებს კი შეძლებისდაგვარად ვიმეტებდი გასახსნელად. ყველაფერი მაინც სტუმარზე იყო დამოკიდებული. სტუმარზე და… სიმთვრალის ხარისხზეც. კარგა გვარიანად შემთვრალი ძალიან გულუხვი ვხდებოდი და შემეძლო, ნებისმიერი ბოთლი გამეხსნა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასიც კი, მაგრამ თუ ჭკუა მომეკითხებოდა, მაშინ ვერავინ შეძლებდა ჩემს ცდუნებას.
ახლა შემთვრალიც კი არ ვიყავი, მაგრამ ევასთან თავის მოწონება მომინდა და ჯეკ დენიელსის ყველაზე ძვირიანი ვისკი გავხსენი. ამოვიღე თუ არა თავისი მეტალის ყუთიდან, ევა გადაირია.
_ აუ, ეს ყუთი თუ არ მაჩუქო, შენ იყო უსინდისო ადამიანი!
_ წაიღე, გოგო, რა ოხრობად მინდა, თუ იცი? _ ასეთ ადვილ თხოვნაზე უარს როგორ ვეტყოდი?
_ მაგარი ხარ, ანდრო, გენაცვალე მე შენ! _ ევა კარგა გვარიანად იყო შეზარხოშებული, _ მე ამას ვერ დავლევ, თორემ სასმლის არევა ბოლოს მომიღებს, მაგრამ გიყურებ, შენ როგორ დალევ.
_ შენ შამპანურს გაგიხსნი. გგონია, არ მაქვს?
_ არ მინდა, ამაში კიდევ ბლომად ასხია, ვიმყოფინებ. თუ არადა, მერე ვნახოთ. აქ არაა? სად წავა.
_ მართალი ხარ, სად წავა.
_ ისე, თუ აკვირდები, ბოლო დროს სულ ერთფეროვანი ცხოვრება რომ გვაქვს მე და შენ? დავეჩვიეთ ლოთურ ყოფას, აი. _ და სიცილი ატეხა. მეც გამეცინა.
_ ნეტავ სად უფრო გვიჭირს, ტვინში თუ გულში? _ დააყოლა და ტვინის წარმოთქმისას თითი თავის შუბლზე მიიდო, გულის წარმოთქმისას კი მე მატაკა მკერდში.
_ ალბათ უფრო ტვინში, _ ეშმაკური გამომეტყველებით მივუგე.
_ გიჯერებ… როგორც მედიცინის მუშაკს, გიჯერებ… შენ უკეთ იცი, ამ დროს სად უფრო ძლიერად ფეთქდება სიყვარულის ჭურვები. ისე, ჩვენში დარჩეს და… არ მომიყვები, რა გჭირს?
_ მოგიყვები, აბა, რას ვიზამ! _ და მოვუყევი, რაც ნანამ მითხრა.
_ საინტერესო ამბავია, _ სანამ ვყვებოდი, კრინტი არ დაუძრავს, არც გაკვირვება გამოუხატავს და არც გაბრაზება, თვალებს აფახულებდა მხოლოდ. როცა ლაპარაკს მოვრჩი, მაშინღა ამოიდგა ენა, მაგრამ ისევ ისე, უემოციოდ, _ გჯერა მისი?
_ არ მჯერა, მაგრამ მაინც მჯერა… არ ვიცი, რა ვიფიქრო. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში გადავამოწმებ, მაგრამ ამისთვის უდიდესი სიფრთხილის და ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო. არ მინდა, ნინი დავაშინო… არც ის მინდა, ტყუილად გული ვატკინო.
_ იქნებ არც გატყუებს… აუცილებლად უნდა გაარკვიო, _ შეცვლილი ხმით გამოთქვა თავისი მოსაზრება, _ ბანალური შემთხვევაა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ბანალური არ არის? არავის არაფერი არ უკვირს უკვე. სურათი არ გაქვს იმ ქალის? მაჩვენე და გეტყვი, რამდენად გულწრფელია. ადამიანს სახეზე აწერია საკუთარი ბუნება.
_ კი, მაქვს, ნინის დაბადების დღეზე მობილურით გადავიღეთ. აგერ მაქვს, ალბომში. _ მობილურში ალბომი მოვძებნე და ევას გავუწოდე.
თავისი ჩამოქნილი თითებით დაიწყო ფოტოების გადაფურცვლა. ხმას არ იღებდა. ერთი-ორჯერ ძალიან სერიოზული და გამომცდელი თუ დაკვირვებული მზერით გამომხედა, თქმით კი არაფერი უთქვამს. დიდხანს ათვალიერებდა. ბევრი ფოტო არ მქონდა მობილურში, მაგრამ იმდენ ხანს ათვალიერებდა ერთსა და იმავეს, რომ გეგონებოდათ, სქელტანიანი ალბომი უდევს წინ და მის გადაფურცვლას ვერ აუდისო.
_ აი, თურმე რა ყოფილა! _ თქვა ბოლოს ყრუ ხმით და ტელეფონი გამომიწოდა, _ იცი რამდენი წელია, ამ ქალს ვეძებ? მხოლოდ ახლა, ამწუთას მივხვდი, რომ ვერც ერთი ადამიანი თავის ბედისწერას ვერ გაექცევა.
_ რატომ ეძებ? აგერაა და როცა გაგიხარდება, მაშინ მიგიყვან, რა პრობლემაა? არ მითხრა ახლა, ვალი აქვს ჩემიო.
_ თანაც რამხელა!.. ვერასდროს ვერაფრით რომ ვერ გადაიხდის.
დამაინტრიგებელი შემთხვევა იყო. გაოცებული დავრჩი. საიდან იცნობდა ნანას? განა რა უნდა ყოფილიყო ისეთი ვალი, რომლის გადახდას ადამიანი ვერასდროს შეძლებდა? ან კი რად უნდოდა ამდენი ფული, თუ დიდძალ თანხაზე მიდიოდა საუბარი? ახლავე უნდა გამერკვია ეს საკითხი…
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია. ჩემი დარჩენილი სიცოცხლის დარჩენილმა მონაკვეთმა ათვლა დაიწყო. თუმცა, სანამ ახალ ამბავს გავიგებდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ პოსტლუდიის ფაზაში უნდა შემებიჯებინა.
ხმას არ ვიღებდი, შევყურებდი ევას და ნანაზე ვფიქრობდი. რატომ გადაეჯაჭვა ასე ყველაფერი ერთმანეთს? სად ნანა და სად ევა? რატომ მაინცდამაინც ჩემი მდგმური? ის არ იყო საკმარისი, თვითონ რომ გამომეცხადა მოჩვენებასავით და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა? ნეტავ არ შემხვედროდა, ნეტავ სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან!
_ როდის შემახვედრებ, ანდრია? _ ევას ხმა შეეცვალა.
_ არ მეტყვი, რატომ დაეძებ ასე გამწარებული?
_ არ ღირს, გითხრა. სასტიკად არ მოგეწონება.
_ რატომ, რა არის ასეთი?
_ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ცუდად ვარ, _ გაფითრებულ ევას შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა.
_ ევა, რა გემართება?
_ ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ნინი შენი შვილი არ აღმოჩნდეს.
_ მაგას უკვე ვევედრები ღმერთს. ახლა მთავარი ისაა, როგორ გავიგო სიმართლე.
_ მარტივად. დნმ-ის ანალიზით.
_ ჰო, მაგრამ ეგ როგორ მოვახერხო? რა ვუთხრა? ნინი, მგონი ჩემი შვილი ხარ და ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთო? მაგას ვერ ვიზამ. იქით ნანა აყვირდება, ჩემი არ გჯერაო…
_ მაგის გარკვევა ჩემი დნმ-ითაც შეიძლება, _ მოგუდული ხმით ამოთქვა და მზერა ამარიდა.
_ შენი? შენ რა შუაში ხარ? _ ვერაფერი ვერ გავიგე.
_ მე და ნინი ტყუპისცალები ვართ. მაგ საზიზღარმა ქალმა მე გამაშვილა, ნინი კი დაიტოვა. აი, რატომაც ვეძებ ამ დრომდე.
ეს არ იყო თავზარდაცემა, არც სასოწარკვეთა, არც მოულოდნელობით გამოწვეული შიში, არც შოკი! ეს რაღაც სრულიად უცხო განცდა იყო, რომელიც ცხოვრებაში არ გამომიცდია. ალბათ ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად, თან კუბში აყვანილი. ვგრძნობდი მხოლოდ იმას, რომ თვალთ დამიბნელდა, ენა გამიშრა და მეტყველების უნარი დავკარგე. შემეშინდა, ინსულტმა ან ინფარქტმა არ მხიოს-მეთქი. ჩემს ასაკში ხომ ყველაზე მეტადაა გახშირებული ეს ორი დაავადება. ამაზე ამაზრზენი რა უნდა გამეგო? ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? იქნებ მესიზმრება და კოშმარიდან ვერ გამოვდივარ?
_ ანდრია! ანდრია! _ ვიგრძენი, რამდენჯერმე როგორ გამილაწუნა ევამ სახეზე.
_ დამშვიდდი, კარგად ვარ, _ ამოვილუღლუღე.
_ რაღა კარგად ხარ, თვალები გვერდულად წაგივიდა, სადღაც იყურებოდი ალმაცერად, თითქოს მარცხნივ და თითქოს ზეცაში. _ შეშინებულმა ისე ჩქარა-ჩქარა მომაყარა, ძლვის გავიგე, რა მითხრა.
_ არა, გადავრჩი, როგორც ჩანს, გავუძელი, _ ვთქვი და ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ისე ძლიერად დავაჭირე, ყბები მეტკინა, _ ასე არ შეიძლება იყოს, ევა! დავიჯერო, ღმერთმა ასე გამწირა? შენ რომ ჩემი შვილი აღმოჩნდე, ხომ ყველა ვარიანტში უნდა მოვიკლა თავი, ა?
ევას ნერვიული სიცილი აუტყდა. აშკარად ისტერიკამ შეიპყრო. თავი უკან გადააგდო და უაზროდ ახარხარდა.
_ ევა! _ ახლა მე შემოვულაწუნე და უცებ გავაჩუმე.
შემომხედა. ნელ-ნელა ეღრიცებოდა სახე, ებრიცებოდა ტუჩები და უსევდიანდებოდა თვალები. მერე ცრემლები ჩაუდგა გუგებში, მერე შიში, მერე სიბრაზე…
_ სისულელეა… ეს ყველაფერი სისულელეა, _ ამოიჩურჩულა, _ ის ქალი არ არის ნორმალური. მანია აქვს, ტყუილები მოიგონოს და სხვები `დააბოლოს~. ჩვენ მას გავშიფრავთ.
_ ევა, დარწმუნებული ხარ, რომ ნანა ის არის, ვისაც ეძებ? იქნებ ფოტოზე ჰგავს მხოლოდ და გეშლება?
_ არა, არ მეშლება. ეგაა, ზუსტად ვიცი. ერთხელ შევხვდი და მაშინაც მომატყუა, დამემალა. მერე კი ვეღარ ვიპოვე.
_ მაგრამ… მოიცა, შენ ხომ ოცდაექვსი წლის ხარ? ნინი კი ოცდახუთისაა. _ მოულოდნელად მომაგონდა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა რომ იყო და ისე გამიხარდა, თითქოს ერთ წამში მილიონი მეშოვოს.
_ არ ვარ ოცდაექვსის. მხოლოდ დაბადების მოწმობაში მიწერია ასე. ისიც იმიტომ, რომ დედაჩემს ცხრა თვის ბავშვი გარდაეცვალა თურმე, გოგონა, და ქმარს არაფერი სცოდნია, რადგან ციხეში მჯდარა მკვლელობისთვის. ამასაც უფიქრია, სხვა ბავშვს ავიყვან და სანამ ის ციხიდან გამოვა, ბავშვი გაიზრდება და ვერ მიხვდებაო. ერთი სიტყვით, ჩემი და, მგონი, შენი ცხოვრებაც ძალიან ჰგავს თურქულ სერიალს.
_ ბრაზილიურს, _ შევუსწორე ნერვიული სიცილით.
უკანასკნელი იმედიც გამიხუნდა. მეგონა, მისი წლოვანება სხვა გზაზე დაგვაყენებდა, მაგრამ ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
მოცელილივით გადავესვენე დივანზე.
_ ევა, რა ვქნათ? _ ძლივს გასაგონი ხმით ვკითხე და თვალები მივლულე.
_ პირველ რიგში, დნმ-ს მივხედოთ. მერე კი გავიგოთ, რომელ სამშობიაროში იმშობიარა ქალბატონმა და 1990 წელს ვინ იყო ჩვენი გაჩენის ღამეს მორიგე ექიმი ან ბებიაქალი, ან ვინ ჩაიბარა მშობიარობა… როგორც იყო, რა.
თავში ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. ძალიან ცუდად ვიყავი, ვერა და ვერ ვწყნარდებოდი. ამხელა კაცი გულში ქალივით ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, ამ საშინელი მდგომარეობიდან როგორმე გამოვეყვანე, ოღონდ ეს გოგოები ჩემი შვილები არ აღმოჩენილიყვნენ, და ყველა სხვა სასჯელზე, ასჯერ უარესზეც თანახმა ვიყავი, თუ განგება მომივლენდა.
ისე ვიყავით ანერვიულებულები, რომ ლაპარაკის თავიც არ გვქონდა. ჯეელობის შემდეგ სიგარეტი არ მომიწევია, ახლა კი რომ მივეძალე ევას წვრილღერიან რაღაც უცნაურ `მონდს~, სანამ კოლოფი არ ჩავამთავრე, პირიდან არ გამიგდია. არც ჩემი მდგმური თუ შვილი იყო უკეთეს დღეში.
_ რა უცნაურია, შენ მართლა ჰგავხარ ნანას. ეს მაშინვე შევნიშნე, როცა პირველად დაგინახე, მაგრამ ნინი არც შენ გგავს და არც ნანას. ტყუპისცალები როგორ ხართ?
_ მერე რა? არ გინახავს ისეთი ტყუპისცალები, ერთმანეთს რომ არ ჰგვანან? მე მინახავს და თანაც არა ერთი და ორი.
_ ისე, ჰო, ეგეც მართალია… _ კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი.
_ არ გვინდა ამდენი მკითხაობა და თვითგვემა. იცი სად აკეთებენ დნმ-ის ტესტებს?
_ როგორ არ ვიცი, მაგის მეტი რა ვი… _ წინადადება ვერ დავამთავრე, ისეთი ხველება ამიტყდა. როგორც ჩანს, ერთდროულად ამდენის მოწევამ თავისი ქნა.
_ წავალ, სიგარეტს ამოვიტან, _ ევა წამოდგა.
_ რა დროს სიგარეტია ამ შუაღამეს, სადღა იქნება ახლა რამე ღია.
_ არა, ოთახში მაქვს მთელი ბლოკი. მე ხომ ვიმარაგებ. ქვემოდან ამოვიტან.
_ ააა, _ გამეღიმა, როგორი თავშენახული ქალია. ამ მხრივ მართლა მგავს. ამის გაფიქრებაზე შემაკანკალა. ღმერთო, მე ხომ ამ გოგოსთან სექსი მქონდა. მოაწყვე ისე, რომ ჩემი შვილი არ აღმოჩნდეს, თორემ თავს არ ვიცოცხლებ!
გაგრძელება იქნება