ქალების როლი მსოფლიოში მუდმივად ვითარდება და მრავალფეროვანია. ისტორიულად, ქალები ხშირად იყვნენ შეზღუდულები გენდერული სტერეოტიპებისა და კულტურული ნორმების მიერ, თუმცა დღეს, ყველა სფეროში უფრო აქტიური და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია იმ ქალების შესახებ, რომლებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ ქალების ადგილი არის ყველგან, ყველა სფეროში, სადაც ისინი მოინდომებენ საქმიანობას, იქნება ეს ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა თუ სპორტის მიმართულება.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ქართველი ქალების შესახებ, რომლებიც წარმატებით მართავენ საკუთარ ბიზნესს და ამ სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა შეძლეს:
ნინო ვასაძე უკრაინაში მოღვაწე ტარიელ ვასაძის ქალიშვილია, თუმცა ბიზნესის მართვის განსაკუთრებული ალღოთი ქალიშვილი მამას არ ჩამოუვარდება.
ის უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნეს ქალბატონად მიიჩნევა. ცნობილია, რომ მამამისი მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია. მისი ქონება 183 მილიონ დოლარს აღემატება, თავად ნინომ კი ზუსტად რამდენის გამომუშავება შეძლო უკვე, უცნობია. ახალგაზრდა ბიზნესლედი კომპანია "ფალკონ-ავტოს" ფინანსური დირექტორია და ამავე დროს "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, ჟურნალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.
სოფიო კორძახია "ფრესკოს" დირექტორის პოსტზე 1 თებერვალს დაინიშნა. სოფიო კორძახია ოტტო-ფონ-გუერიკეს უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსურ მეცნიერებათა მაგისტრია. ასევე განათლება მიიღო Northern State University-ში (ამერიკის შეერთებულ შტატები). 2009-2011 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. "ფრესკოში" მუშაობის დაწყებამდე ის "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი იყო.
სოფო ჭყონია საქართველოში Mercedes-Benz Fashion week-ის დამფუძნებელია და მას ყოველწლიურად აწყობს. რამდენიმე წლის წინ ის მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში, BoF500-ში, შეიყვანეს.
თემურ ჭყონია, სოფოს მამა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიის” დამფუძნებელია. „არც არასდროს უარვყოფ, რომ მამაჩემი მეხმარება... ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რატომღაც საქართველოში მიღებულია, რომ ეს თემა უნდა გაკომპლექსებდეს, გაურბოდე და ამბობდე, რომ არა, მე ჩემით მივაღწიე, რასაც მივაღწიე. სისულელე იქნება, რომ ახლა მე დავდგე და ვილაპარაკო, რომ მე ყველაფერს ჩემით, ჩემი წვალებითა და შრომით მივაღწიე. ამას არც არავინ დამიჯერებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ როცა გამიჭირდება, ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე და მამაზე ახლობელთან ვისთან მიხვალ.