ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე თვის წინ მეორედ გახდა დედა. ქეთი უსაყვარლეს შვილთან ერთად დროს მხიარულად ატარებს და კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ქეთი მეუღლესთან, დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:
ქეთი ხატიაშვილი დედობის შესახებ
„მინდა, დედებს ვურჩიო, რომ საკუთარ თავსაც დაუთმონ დრო, თუნდაც დილას, ან ძილის წინ. მქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ბავშვებთან მუშაობამ ძალიან მალევე გამომიყვანა. ყველა დედას ვუსურვებ, იპოვონ ერთი ადგილი, სადაც განმარტოვდებიან და დაიცლებიან უარყოფითი ენერგიისგან, შემდეგ კი ოჯახის წევრებთან ერთად დაიმუხტებიან დადებითი ენერგიით…
ჩემს შემთხვევაში, ენერგიის წყარო არიან ბავშვები, როგორც აკადემიაში, ასევე სახლში. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ვიპოვე სამსახური, რომელიც მიყვარს და მაბედნიერებს. რომ არ დაგიმალოთ, განვიცდი და მინდა, რომ ოჯახისთვის უფრო მეტი დრო მქონდეს, დილას და საღამოს ერთად ვატარებთ დროს. საღამოს, სამსახური მორჩება თუ არა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ილია შეგვეძინა, გამოქცევაზე ვარ, რომ ერთად გავატაროთ დრო დაძინებამდე. ოჯახი, რა თქმა უნდა, არის მთავარი… თუ არის თავისუფალი დრო, უნდა დაიხარჯოს განათლებაში ან ოჯახთან ერთად გატარებულ დროში. ღამე დათო ძალიან მეხმარება, მორიგეა, ასე ვთქვათ, ღამეში ოთხჯერ გაღვიძება ძნელია. ძალიან გამიმართლა, დათო ძალიან კარგი მამაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და დიდი ბონუსია.
ჯერ მიჭირს თქმა, ვის ჰგავს ილია. სულ უნდა თამაში, თუ რამე არ აწუხებს…“
ქეთი ხატიაშვილი "დედა უკრაინელი მყავს და ზაფხულში ოდესაში ზღვის სეზონი რომ იწყებოდა, ამ პერიოდზე ვგიჟდებოდი. ბავშვობის მოგონებები სულ ზღვასთან ასოცირდება... მახსოვს იქაური სანაპირო, ქვიშა, ოქროსფერი მზე, როგორ ვსწავლობდით ცურვას მე და ჩემი და...
ექვს წლამდე უკრაინაში ვცხოვრობდით, საქართველოში შემდეგ გადმოვედით საცხოვრებლად, როცა მშობლები შერიგდნენ... აქ ზაფხულში ქობულეთში, ბათუმში დავდიოდით... ოჯახი არდადეგებს შეძლებისდაგვარად ზღვაზე და სოფელში ვატარებდით. მამის მხრიდან კახეთიდან გახლავართ, მაგრამ დღეს იქ აღარაფერი გვაქვს და ლაგოდეხში ნათესავთან ჩავდიოდით. მახსოვს, როგორ დავდიოდით ტყეში, მდინარეზე... ძალიან ლამაზი იყო იქ გატარებული პერიოდი", - იხსენებდა ქეთი საკუთარი ბავშვობის შესახებ.
ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში ცნობადობა მოულოდნელად მოვიდა, როცა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მე-13 მონაწილედ საზოგადოებისთვის უცნობი კონკურსანტის მიღება გადაწყვიტა. მაშინ გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიხედვითაც, სპეციალურად შერჩეულ მუსიკაზე მსურველებს უნდა ჩაეწერათ ვიდეო. სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილედ ქეთი ხატიაშვილი შეირჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთის მანამდე აუდიტორია არ იცნობდა, მან საკუთარი პროფესიონალიზმითა და უშუალობით მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული, საბოლოოდ კი, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ეს ყველაფერი 2013 წელს ხდებოდა და სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ პერსონად.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.
მოგვიანებით, 2019 წელს, ცნობილი გახდა, რომ ქეთი მორაგბე დავით კაჭარავას ხვდებოდა. კაჭარავას, ქეთის მსგავსად, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. წყვილი ურთიერთობის გსაჯაროებასა და გაოფიციალურებას ერიდებოდა, თუმცა საჯარო ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ.