მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა. გარდა ამისა, უძღვება ჯანსაღი ტკბილეულის წარმოების ბიზნესს, რაც ახლა მისი მთავარი საქმიანობაა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ნანიკო მოდელია და მისი სტილი ყოველთვის გამორჩეულია. იგი სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებს, თუმცა მისი ყველა გამოჩენა უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ნანიკოს სადა და დახვეწილი სტილი აქვს. უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ ფერებს, ხშირად ირგებს თეთრსა და შავს.
ნანიკო კლდიაშვილის დედას, მაკა იოსელიანს, საზოგადოება კარგად იცნობს. ქალი წლებია, რაც უნივერსიტეტ "ჯიპას“ რექტორია. უნივერსიტეტში მოღვაწეობამდე კი მუშაობდა დიპლომატიურ მისიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაკას, ნანიკოს გარდა, კიდევ ერთი გოგონა ჰყავს - ლიკუნა კლდიაშვილი.
სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად მილანში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა... თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. მაგისტრატურა ჯიპაში გაიარა. შემდეგ იყო პარიზი, სადაც კორდონ ბლუს კულინარიის სკოლაში სწავლობდა.
ამბობს, რომ ეს იყო მისი ოცნება, ოღონდ ჰობის დონეზე... ჯერ კიდევ წლების წინ ფიქრობდა, რომ კულინარიას პროფესიულად დაეუფლებოდა. დილის 6-დან ღამის 10 საათამდე მუშაობდა. ნანიკოს თქმით, ბევრჯერ უტირია და იქაურობის მიტოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ სერტიფიკატი მაინც აიღო. ნანიკომ შემდეგ პროფესიად ნუტრიციოლოგია აირჩია და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. ახალ პროფესიას კი ახალ ბიზნესპროექტში იყენებს.
მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... შვილის დაბადების შემდეგ კი ამბობს, რომ საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს... კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე იქორწინეს. პატარძალს ქორწილში ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა. ამბობს, რომ ეს დღე მისთვის და მისი მეგობრებისთვის საუკეთესო მოგონებად რჩება.
კახი კი პირველივე წამიდან იმდენად ახლობელ ადამიანად იქცა, რომ ლოგიკური იყო, მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულებულიყო.
"კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.