მსახიობი მარიამ ჯოლოგუა გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გარდაცვლილი ყოფილი მეუღლის, კოტე თოლორდავას შესახებ საუბრობს.
მარიამს და კოტეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
„ჩემი და კოტეს დაშორება მძიმედ გადაიტანეს. განსაკუთრებით დედამ, რადგან ძალიან მოულოდნელი და ადრე იყო. 19 წლის ვხდებოდი. ქორწინებამ 4 წელი გასტანა. ახლა ჩვენ კოტეზე ვიწყებთ საუბარს, არავის ახსოვს, რომ მე ამ თემაზე მელაპარაკოს საჯაროდ. ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე, მაგრამ უკვე დიდი დრო გავიდა და რაღაცების მოყოლა შემიძლია.
ქვეცნობიერში, რა თქმა უნდა, დაშორების მიზეზი გახდა ისიც, რომ მსახიობი იყო. პირველს მას მოვეწონე და იმდენად უკომპლექსო იყო, რომ პირდაპირ, ღიად გამოხატავდა. ჩვენი ურთიერთობა იმდენად კონფლიქტური იყო, რომ ბუკას კითხვები უბრალოდ არ ექნებოდა. არ ვიცნობდით ერთმანეთს, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით და მერე მივხვდით, რომ ერთმანეთიც არ მოგვწონდა“, – საუბრობს მარიამ ჯოლოგუა.
მარიამ ჯოლოგუა 1980 წლის 17 მაისს დაიბადა. ფართო საზოგადოებამ სერიალ "შუა ქალაქიდან" გაიცნო, სადაც ზედმეტად გულუბრყვილო ანანოს როლს განასახიერებდა. სერიალის დასრულების შემდეგ მის მიმართ ინტერესი არასდროს წყდებოდა.
მარიამის პირველი მეუღლე მსახიობი კოტე თოლორდავა იყო, რომელმაც მაყურებელს თავი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული დიტოს როლით შეაყვარა. წყვილს ერთი შვილი, ბუკა თოლორდავა ჰყავს.
კოტემ 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა. მსახიობის გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად. კოტე თოლორდავა გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში. მსახიობი მაშინ ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. იგი საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ბუკა თოლორდავა ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან "ცვალებადი ნიშნები" გაიცნო, თუმცა ის მანამდეც აქტიურად ჩანდა თეატრის სცენაზე და ცნობილი მშობლების კვალს ახლაც წარმატებით აგრძელებს.
„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი. ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ. დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი. პირველი ადამიანი, რომლის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“, - ამბობდა ბუკა.