მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა საქართველოზე წარუშლელი კვალი დაატოვა. ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა კომუნისტურ რეჟიმს. ბევრი იმ დროისათვის უკვე გენიად მონათლული ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. კიდევ უფრო მეტი ისეთი იყო, ვინც თავისი სიტყვის დატოვება ვერ მოასწრო.
ნუცა ღოღობერიძე 1902 წლის 25 ოქტომბერს, საინგილოს სოფელ კახში დაიბადა. მამისს ბართლომე ხუციშვილს გორის სამასწავლებლო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და საინგილოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1917 წელს, როცა საინგილოში არეულობა დაიწყო, ხუციშვილების დიდი ოჯახი კახეთში, ცოდნისკარში გადმოსახლდა. ბართლომე საკუთარი ქალიშვილების განათლებაზე გამორჩეულად ზრუნავდა. მისმა ექვსივე ქალიშვილმა, უმაღლესი განათლება მიიღო, რაც იმ დროის საქართველოში იშვიათობა იყო. ნუცამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია.
ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-25 წლებში, იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. იენიდან დაბრუნებული ნუცა ძმის, რაჟდენის ოჯახში შეხვდა მის ცოლისძმას — ბოლშევიკური იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდა კაცს, ლევან ღოღობერიძეს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინაღმდეგებოდა რაჟდენი. ორ ოჯახს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ რაჟდენი ბოლოს თავის ცოლს, ლიზასაც კი გაშორდა. ნუცას და ლევანს დიდი სიყვარული აკავშირებდათ, თუმცა, ნუცა ქმარს ბევრ არსებით იდეოლოგიურ საკითხში არ ეთანხმებოდა. უთანხმოება სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ბოლოს მათი ფაქტობრივი დაშორების მიზეზიც გახდა.
25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან გადაიღო მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად, სახელწოდებით „მათი სამეფო“, რომელშიც გამოყენებული იყო იმდროინდელი ნოვატორული „კონტრასტული მონტაჟის“ სტილი. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა“.
1932–33 წლებში, ნუცა ღოღბერიძემ გადაიღო მხატვრული ფილმი „უჟმური“, რომლის სცენარმაც ცეკას 1933 წლის დადგენილების საფუძველზე, ინტენსიური გადაკეთება-გადმოკეთება განიცადა.
„უჟმური“ 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე, რომელიც პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი გახდა, გადაღებული რეჟისორი ქალის მიერ.
1936 წელს, როდესაც ნუცა უმუშევარი და ყოვლად უსახსროდ იყო, გერონტი ქიქოძემ, შარლ პეროს ზღაპრების თარგმანზე დაუდო ხელშეკრულება გამომცემლობას, ტექსტი კი ნუცა ღოღობერიძეს ათარგმნინა და ჰონორარიც მას გადასცა. წიგნი, გერონტი ქიქოძის სახელით გამოიცა, თუმცა, მისი ასეთი საქციელი მაშინ გმირობის ტოლფასი იყო.
დაპატიმრებულმა ლევანმა ციხიდან მისწერა ნუცას, დაეწერა, რომ დაშორებული იყო მასთან და დაჭერას გადარჩებოდა, მაგრამ ნუცამ ასეთი საქციელი სულმდაბლობად მიიჩნია. ნუცა ღოღობერიძე, 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში „პოტმა“-ში, შემდეგ ვორკუტის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში.
„7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედა დააპატიმრეს. 10 წელი არ მენახა და შემდეგ დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. შემდეგი ეტაპი იყო დედას ფილმებზე ფიქრი და მერე მათი პოვნა. თავიდან იმ სარდაფშიც კი ვეძებდი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ბოლოს, როდესაც ვიპოვე და ჩამოვიტანე თბილისში, მათი ნახვის მეშინოდა. საბოლოოდ ფოტოები დარჩა ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოდ. ისინი ძირითადად შეხვედრა და დაშორება იყო, საბოლოოდ კი მაინც შეხვედრად იქცა. იქნებ კინორეჟისორიც იმიტომ გავხდი, რომ დედაზე ფილმი გადამეღო. დედაჩემმა საკუთარ მოთხრობებში შექმნა დედა-შვილის ხატი, როგორც მარადიული წყვილი. მგონია, რომ ურთიერთობებია მთავარი. ყოველი ახალი ადამიანის აღმოჩენა არის ახალი საჩუქარი. ძალიან მიყვარს გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: „იცხოვრო იმისთვის, რომ მოჰყვე”. კარგია სიცოცხლე, ღირს, რომ იცოცხლო”, – ამბობდა ნუცას ქალიშვილი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.
გადასახლებიდან ნუცა 10 წლის შემდეგ დაბრუნდა. ამის შემდეგ კინოს ჩამოშორდა და ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. გარდაიცვალა თბილისში, 1966 წელს.
სტატიის ბოლოს, გიზიარებთ კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილის ტექტს ნუცა ღოღობერიძის შესახებ:
"ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს იყო თუ არა..." - პირველ ქართველ ქალ კინორეჟისორს ტიციან ტაბიძის ლექსის ეს სტრიქონები განსაკუთრებით ჰყვარებია - იქნებ იმიტომაც რომ ეს "იყო თუ არა..." მის ცხოვრებასაც გამოხატავდა. საბჭოთა რეჟიმმა ის 2 ფილმის გადაღების შემდეგ კინოს სამუდამოდ ჩამოაშორა, 10 წლით იმიერპოლარეთში გადაასახლა, დაბრუნების შემდეგ დიდ ქალაქებში ცხოვრებაც კი აუკრძალა და კინოსკენ მიმავალი ყველა გზა გადაუღობა. მისი სახელი და გვარი საბჭოთა ენციკლოპედიებიდანაც კი ამოშალა და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი მოღვაწეობა. იყო თუ არა საერთოდ ნუცა ხუციშვილი ღოღობერიძე და მისი კინო?! მაგრამ თითქმის 100 წლის შემდეგ აღმოჩენილმა მისმა ფილმებმა მთელი მსოფლიო მოიარეს და მას იმ გენიოსთა სიაში ასახელებენ, რომლებმაც 1930-იან წლებში კინო ხელოვნებად აქციეს, თავად კი უკანასკნელ წლებში თურმე ხშირად იჯდა ფანჯარასთან და თავისი დაბალი, ხავერდოვანი ხმით იმეორებდა: ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს იყო თუ არა..."