„…თმებით გამოათრიეს, 19 წლის გოგოს ქუჩაში მიათრევდნენ… უკან მისდევდა დედა და ეხვეწებოდა, ოღონდაც ეს დამიტოვეთ და 3 ბიჭიდან რომელიმე წაიყვანეთო… ამას ვინ შეისმენდა?! წაიყვანეს ”, – ამ ტრაგიკული წუთების მთავარი გმირი 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო - საბჭოთა კავშირის მიერ დახვრეტილი ყველაზე ახალგაზრდა ქალი.
ვერა ვარაზაშვილი
ვერა ვარაზაშვილი დაიბადა ბორჯომში 1918 წელს.
მამა, ივანე ვარაზაშვილი ცნობილი ინჟინერი იყო, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ აქტიურად იდევნებოდა. იგი 1928 წელს, სპარსეთის შაჰის, რეზა–შაჰ ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობის ნებართვით, ირანში გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას. მოგვიანებით, 1930-იან წლებში, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირში აგორებული რეპრესიების გამო, ივანე ვარაზაშვილს მოუწია თეირანში დარჩენა. იგი თეირანიდან უწევდა ოჯახს ფულად დახმარებას. ივანეს სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ მას ხელს არ ახლებდნენ.
დაპატიმრება და სიკვდილი
მამის ჩანაფიქრმა ვერ გაამართლა და 19 წლის ვერა დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ მას სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. ვერა ვარაზაშვილის ძმისშვილის, ლია ვარაზაშვილის ვერსიით, იგი ციხეში წამებით მოკლეს.
რეპრესიების მსხვერპლი ქალები
გამომძიებლები ქალების წამების მრავალ ხერხს მიმართავდნენ, რათა მათ ჩაუდენელი დანაშაული ეღიარებინათ. მაგალითად, ზამთარში საკანში უშვებდნენ ორთქლს, შემდეგ კი იქაურობას ყინავდნენ. "ხელებს შემიკრავდნენ, ჯიბეებში შაქარს ჩამიყრიდნენ და ვირთხებით სავსე ოთახში მიშვებდნენ, ვირთხები სულ ზედ დამდიოდნენ" - ვკითხულობთ ერთ ჩვენებაში. ერთ-ერთ პატიმარ ქალს თურმე თმის ღერები სათითაოდ დააგლიჯეს. ყველაზე საშინელი კი ფსიქოლოგიური წამება ყოფილა. გამომძიებელი პატიმრის თვალწინ მაგიდას ტკბილეულობით ავსებდა, მიუჯდებოდა სუფრას და იწყებდა ჭამას, თან პატიმრის პირად ცხოვრებაზე, ქორწინების პირველ ღამეზე გარყვნილებას ჰყვებოდა...
ერთ დროს სტალინთან დაახლოებული პირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას ცოლის მიმართ გამოძიება ჩვენების მისაღებად წარმოუდგენელ სისასტიკეს მიმართავდა - სარია ლაკობას სცემეს მაჯისსიმსხო მათრახით, რომელიც მავთულებიანი ბუნიკებით ბოლოვდებოდა. შეაგდეს წყლითა და ვირთხებით სავსე საკანში, ქალის თვალწინ სცემეს მის შვილს ისე, რომ ბიჭუნას პირიდან, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა. სარიას ღრიალი შინსახკომის მთელ შენობაში ისმოდა. სარია ცემის შედეგად გარდაიცვალა...