უკვე გზაში ვიყავი, კოკას «მესიჯი» რომ მომივიდა: «სადა ხარ?». პასუხი არ დავაყოვნე: «მოვფრინავ».
სულმოუთქმელად ავირბინე კიბის საფეხურები, როგორც ყოველთვის. მობილურზე კვლავ ფოსტის სიგნალი გაისმა. «ორივე კარი ღიაა», _ მატყობინებდა კოკა. «მოვფრინდი», _ გავუგზავნე მეც და კარის სახელური ჩამოვწიე. დაპირებისამებრ, ღია დამხვდა. მერე ბინის კარიც ასევე ადვილად «დავიპყარი», ჰოლში შევედი და გეზი პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე. ყოველ მოსვლაზე ასე მემართება _ სიხარულისაგან სუნთქვა მეკვრის, თითქოს პირველად ვხვდები საყვარელ მამაკაცს. არადა… სამი წელია, ვურთიერთობთ. «ურთიერთობა» _ კოკა ამ სიტყვას ვერ იტანს. კომუნისტების გამოგონილიაო, იტყვის ხოლმე, ისევე როგორც «ამხანაგი» და «კოლექტივი». ეს ორი სიტყვა «ურთიერთობით» დააკავშირეს ერთმანეთთანო.
ოთახის კარი შევაღე. საბნიდან ნახევრად ამოყო თავი და თვალები გამოაჩინა.
_ გძინავს? _ ჩურჩულით ვკითხე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი.
_ აჰა, _ ზანტად მითხრა, თბილი ლოგინიდან მკლავები ამოაცურა, მხრებზე მომხვია და მიმიზიდა. მეც მეტი რა მინდოდა, ტკიპასავით ჩავეკარი მკერდში.
_ ცხელი წყალი დამახვედრე? _ თან ვეფერებოდი, თან ვეკითხებოდი.
_ არა, _ ისიც კოცნა-კოცნით მპასუხობდა.
_ რას ამბობ, მართლა? _ თავი გავითავისუფლე და საყვედურით შევხედე.
_ ჰო რა, დილას ადგომა დამეზარა, _ «საპატიო» ტონით თქვა.
_ კი მაგრამ, კარის გასაღებად რომ ადექი, ბარემ წყალიც გაგეცხელებინა. რა ვქნა, ახლა, რითი ვრეცხო? _ დავიწუწუნე.
_ რაც არის, არის, დაანებე თავი. სხვა დროს იყოს, _ კვლავ მიმიზიდა.
გავუძალიანდი.
_ წავალ, გავაცხელებ თორემ, პერანგი აღარ დაგრჩა გამოსაცვლელი, _ წამოვდექი და სააბაზანოში გავედი. სარეცხი მანქანა წყლით გავავსე, მადუღარა ჩავდე და და ჩამრთველში შევაერთე.
_ სად დაიკარგე? _ ოთახში შესულს ღიმილით შემომხედა.
_ არსად, აქ ვარ.
_ არ გაიხდი?
_ აბა რას ვიზამ!
კვლავ საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და გახდას შევუდექი. ხარბად მიყურებდა.
_ მაგდა! _ ხმადაბლა დამიძახა.
_ ბატონო!
_ მიყვარხარ, _ ჩურჩულით თქვა.
სასიამოვნოდ დამიარა სხეულში. ორივე ხელი ყელზე მოვხვიე, ლოყა ლოყაზე მივადე და ჩემი ბურბუშელასავით ქერა კულულები სახეზე დავაფინე.
_ დავიჯერო, ამდენი წელი არ მოგბეზრდი? _ ზედ ყურთან მივუტანე ტუჩები და ოდნავ შევეხე.
_ შენ? _ კითხვა შემომიბრუნა, საბანი გამომაცალა და ლოგინში ჩამიწვინა.
_ უჰ, რა გრილი ხარ, _ სიამოვნებანარევი ხმით თქვა.
_ შენ კი ცხელი ხარ, _ მოხერხებულად «მოვკალათდი» მის მკლავზე და მკერდზე ვაკოცე.
_ კითხვას ბანზე რატომ მიგდებ, ჰა, მაგდალინა? _ წელზე მომითათუნა თითები.
_ მე არ მბეზრდები და არც არასდროს მომბეზრდები, _ მონატრებულად ჩამოვუსვი მარცხენა ხელი მის ფართო მხარ-ბეჭს.
_ მეც მაგ დღეში ვარ. აი, ხომ არის რაღაც, რასაც ჭამ, ჭამ და ვერ ნაყრდები. კიდევ და კიდევ გინდა. შენ სწორედ ასეთი ხარ.
_ გამოდის, «არაკალორიული» ვყოფილვარ, _ გავიცინე, _ დროა, შეცვალო საკვები.
_ შენ «საკვები» არა ხარ, შენ დესერტი ხარ.
_ მართლა? რა სახის დესერტი ვარ? _ ვაგრძელებდი ფლირტს.
_ შოკოლადი, თეთრი შოკოლადი, _ თქვა, თავი ასწია და ისე შემომხედა.
_ მართლა ასეთი თეთრი ვარ?
_ უთეთრესი. შენი კანის ფერს თეთრი აღარ ეთქმის. ეს რაღაც იშვიათობაა. პირდაპირ მაგიჟებ.
_ რა კარგია! _ ყასიდად აღვფრთოვანდი.
_ რა არის კარგი, შენი უთეთრესი კანი თუ ჩემი გაგიჟება? _ ეშმაკურად დამისვა შეკითხვა.
_ ერთიც და მეორეც, _ არც მწვადი დავწვი და არც შამფური, _ ოღონდ არ ვიცი, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე. ოდესმე ხომ დასრულდება ეს ურთიერთობა. ამქვეყნად არაფერია მარადიული.
_ ე! დაიწყე ახლა შენებურად! _ ხელი ცივად შემიშვა და გულაღმა გაწვა, _ არ მოგბეზრდა ერთი და იგივე თემაზე საუბარი? არ შეიძლება ერთად ყოფნით დავტკბეთ? მოდი რა, შევირგოთ ის, რაც დღეს არის. ხვალინდელზე კი ხვალ ვილაპარაკოთ.
_ მე პატარა აღარა ვარ, კოკა. საცაა, ოცდათერთმეტს მივუკაკუნებ. ვიცი, შენ რასაც გაურბიხარ. დედაშენი ალბათ, განათხოვარ ქალს რძლად არასდროს მიიღებს. მე მესმის მისი, მაგრამ… ამის გამო ბედნიერების უფლება არა მაქვს? მითხარი, _ ხმა დამისევდიანდა.
_ იცი? ცოლ-ქმარი რომ გავხდებით, მერე კი არ გვეყვარება ერთმანეთი ასე, _ დაიწყო შეგონებები.
_ შენ რა იცი? იქნებ პირიქით ხდება?
_ ექსპერიმენტები ვატაროთ? _ ტონი შეეცვალა, აშკარად არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.
_ აბა, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე, სანამ შენ ცოლის მოყვანას არ დააპირებ და სამაგისო «ობიექტს» არ გამოძებნი? მერე ვიცი, სხვანაირად ალაპარაკდები, _ ნელ-ნელა გაბუტვას ვიწყებდი.
_ ასე ძალიან გინდა გათხოვება?
გავჩუმდი.
_ ჰა, მაგდა, მითხარი, ასე ძალიან გეჩქარება? მერე? «პაკლონიკების» მთელი არმია გყავს, რაღას უცდი? ერთი თითის გატკაცუნება და რიგში ჩამწკრივდებიან, შენც ხომ კარგად იცი, რაღას მალაპარაკებ, _ საუბარმა «ზესერიოზული» სახე მიიღო.
_ მე შენ მიყვარხარ და არა ისინი. მე შენთან მინდა და არა მათთან.
_ მერე? ჩემთან არა ხარ? მეტი რა გინდა? ხომ იცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი. რაც ერთად ვართ, მე შენთვის არ მიღალატია. სურვილიც არ გამჩენია. ხომ იცი? თუ არ იცი?
_ ვიცი, _ ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
_ აბა, რაღა გინდა? ჯერ არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად. ხომ ხედავ, ვერ ვქმნი სამაგისო პირობებს. რატომ მახრჩობ?
_ კარგი, კარგი. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა, _ დავთმე პოზიციები.
_ ასე არ ჯობია? მოდი, ჩამეხუტე. შენ მართლა განუმეორებელი ხარ. თუ ოდესმე გადავწყვიტე ცოლის შერთვა, პირობას გაძლევ, არ აგცდება, _ ხუმრობანარევად მითხრა და ტუჩებზე დამეკონა.
7 7 7
ჩვენი ყველა შეხვედრა თითქმის ასე იწყება და ასე მთავრდება. «დიალოგი ყურადსაღებ საკითხებზე», შეარქვა კოკამ ჩემს «უტოპიურ თეზისებს». მეც შეგუებული ვარ ასეთ ყოფას. მართალია, ხშირად ვეწინააღმდეგები და ჩემსას «ვახურებ», მაგრამ მალევე ვიცლები დასატენი ელემენტივით. «კარგად დატენილი» ერთ მშვენიერ დღეს «ავმუშავდები», გადმოვალაგებ ჩემი «საჩივრის წიგნს» და ბოლომდე დავიცლები. მერე კვლავ «დატენვას» ვუნდები რამდენიმე ხანს. ასე გრძელდება ჯერჯერობით და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. შვილი რომ მყავდეს, ალბათ არ მექნებოდა ამგვარი პრეტენზია, მაგრამ სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი რომ არ არსებობს? თუმცა როგორ არ არსებობს _ დედამისი. ვიცი, რომ კოკა მის აზრს უწევს ანგარიშს. განათხოვარ ქალს რძლად არ მოვიყვან! ეს მისი კატეგორიული მოთხოვნაა. ალბათ კოკაც მაგ ჭკუაზეა, თორემ დღეს რომელი შვილი დადის დედის შეგონებებზე? მეტყვით ალბათ, დადის, როგორ არ დადის, მაგრამ იშვიათადო. ჰოდა, მეც მანდა ვარ. სწორედ ეგეთი «იშვიათობა» შემხვდა. მე, მაინცდამაინც მე!
_ ხომ არ გაგვიანდება? რომელი საათია? _ შევაჯანჯღარე ბურანში წასული კოკა, რომელიც ჩემკენ ზურგშექცევით იწვა და ოდნავ ფშვინავდა.
მობილურს გადაწვდა, საათს დახედა.
_ პირველი ხდება, _ თქვა და გაიზმორა, _ აუ, როგორ მეზარება ადგომა!
_ პირველი? რას ამბობ! ჩემი წყალი გაფრინდებოდა, _ შეშფოთებული წამოვხტი და ტიტველი სააბაზანოში კისრისტეხით გავქანდი.
წყალი უკვე შიშინებდა. საცაა, დუღილს დაიწყებდა. სასწრაფოდ გამოვრთე და ოთახში შევბრუნდი.
_ რაო, გაფრინდა? _ სიცილით მკითხა.
_ აპირებდა, მაგრამ მივუსწარი. დავაცდი, ცოტა შეგრილდეს.
_ დაგიღამდება მაგის ლოდინში.
_ არა უშავს, შენ რომ წახვალ, მერე გავაზავებ. ნუ გეშინია, აქ არ ჩაგისახლდები, _ გესლიანად ვუთხარი.
_ რა გჭირს, რა ყველაფერს სერიოზულად იღებ? შენ მართლა გჭირდება გათხოვება, როგორც ვატყობ. სად გიშოვო ახლა საქმრო, ამ შუადღისას? _ გაშაყირება დამიწყო.
_ მე რომ მინდა, ისეთს შენ ვერ მიშოვი, _ არ დავინდე და ბოღმა ჩავაქსოვე ნათქვამში.
სიმწრისაგან თვალები დახუჭა, ეს რა თქვიო. პასუხი არ დაუბრუნებია.
კარადა გამოვაღე. კოკას შორტი და მაისური გადმოვიღე და გადავიცვი.
_ გავშალო მაგიდა? _ კოპებშეკრულმა ვკითხე.
_ აჰა! _ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, წამოდგა და იქვე სკამზე გადაკიდებულ ტანისამოსს გადაწვდა.
სამზარეულოში გამოვედი. გული დამიმძიმდა. რა იქნება, ამ სახლის დიასახლისი მე ვიყო? რა დაშავდება? არც არაფერი, მაგრამ… ასეა საჭირო და ვერ ვიქნები… ვერასდროს. მორჩა!
გაგრძელება იქნება