"მეგობრებო, დავწერ ცოტა მეტად დაწვრილებით გუშინ რაც მოხდა ჩემს თავს. ბოდიში, რომ აქამდე არ დავწერე. პირველ რიგში, ყველას გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ არ იყოთ აქციაზე მარტო, არ გამოეყოთ სხვებს და არ დარჩეთ მარტო იქ, სადაც ახლოს მოიწევენ.
ჩოჩქოლისას, როცა წავბორძიკდი და ხალხი უკან გაიქცა, მგონი სამმა რობოკოპმა წამომაყენა - "წამო, წამო, გაგიყვანოთ აქედანო". მე, შტერს და მიამიტს, მეგონა, რომ რაღაც ძალიან საშინელება ხდება უკან და ესენი მარიდებენ, მშველიან-მეთქი… თუმცა ვერ გავექცეოდი, რომც შემძლებოდა, რადგან შემეშინდა მათთან ერთად რომ აღმოვჩნდი.
წამოყენებისას ვთხოვე რამდენჯერმე, გთხოვთ, ოღონდ არ დამარტყათ-მეთქი. გამიყვანეს გვერდით ქუჩაზე, იქ, სადაც მათი მხარე იყო და მხოლოდ ისინი იყვნენ განლაგებული, ვიდექით შენობის კედელთან, მე და დაახლოებით 4 მათგანი ჩემ გარშემო. მკითხეს მანქანა სად მყავს, მეგობრები სად მყავს, მითხრეს, რომ სახლში წავიდე და ასე შემდეგ, წინ მდგომს ვპასუხობდი რაღაცას მსგავს თემაზე, სრულებით არ მეგონა, რომ რამე ცუდს მიპირებდნენ და - ბამ თავში მარჯვნივ მდგომისგან, საუბრის დროს, პაუზაში, არსაიდან, ორჯერ.
წამსკდა ცხვირიდან სისხლი, ენა ჩამივარდა, ვერაფერი ვთქვი და ვერაფერი ვქენი და უკვე მივხვდი, რაც გააკეთა. მალევე გამიყვანა ერთ-ერთმა მათგანმა და ჩამაცილა ჩემებისკენ. ვიცი, ეს მცირე შემთხვევაა ძალიან სხვებთან შედარებით, მაგრამ ი,ს რომ ადამიანებმა წამომაყენეს, გამიყვანეს და მერე თავში მირტყეს, ამაზე აზრს უბრალოდ ვერ ვკრებ. ბედნიერი ვარ, რომ მარტო აღმოვჩნდი იქ, ბიჭების გარეშე, რომლებიც ახლა ციხეში იქნებოდნენ. გთხოვთ, არ დარჩეთ მარტო და ფრთხილად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება, მალე და დასრულდება ეს ჯოჯოხეთიც!" - დაწერა სოციალურ ქსელში ბალერინა ნათია ბუნტურმა.
მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
ნათია ბუნტური, რომელიც 2024 წლის ნოებრის აქციებზე ერთ-ერთი დაშავებულია, ქართველი ბალერინა და ტელეწამყვანია. დაიბადა 1986 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 2002-2004 წლებში სწავლობდა ბოსტონის საბალეტო სკოლაში, 2004-2005 წლებში კი ჯოფრის საბალეტო სკოლაში, ნიუ-იორკში. 2005-2008 წლებში პენსილვანიის ბალეტის დასის მოცეკვავე იყო, აშშ-ში. 2008-2012 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა. 2015 წლიდან დღემდე მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სტუდიის ბალეტის პედაგოგია. 2016 წლიდან ნათია ბუნტური “გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი გახდა. დადგმული აქვს, როგორც საბავშვო საბალეტო სპექტაკლები, ისე ქორეოგრაფიული მინიატიურები. დგამს ქორეოგრაფიას დრამატული თეატრებისთვისაც.
ნათია ბუნტური 4 წლის მანძილზე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი.