„თუ გაითვალისწინებთ, რომ მე ვარ არქიტექტორი და ასპირანტურა მაქვს დამთავრებული, თუ გაითვალისწინებთ, რომ მე კინოში მიღებდნენ, ვიყავი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და მაინც ავირჩიე ტელევიზია, ესე იგი, ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ჩემთვის ტელევიზია“, − ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მართლაც, წარმოუდგენელია ქართული ტელევიზია ჯულიეტა ვაშაყმაძის, მისი საოცარი ტემბრისა და განსაკუთრებული სიმშვიდით მოყოლილი ამბების გარეშე.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის მოსწავლე იყო, როდესაც პირველად ტელევიზიაში სამუშაოდ მივიდა. პირველი ნაბიჯებიდან მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რამდენიმეთვიანი გამოცდილების შემდეგ თბილისის დაარსების 1500 საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების გადაცემის წაყვანა იყო. სწორედ ამ დღეს დაიბადა პატარა გოგონასგან დიდი ტელევარსკვლავი.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს. გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჯულიეტა ეკრანზე არავის უნახავს, ალბათ, საყვარელ პროფესიაში დაბრუნების სურვილი მუდამ თან სდევდა:
"მე და ჩემი მეუღლე ხშირად მივდიოდით ტელევიზიაში, ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ვბრუნდებოდით უკან, ბავშვებს მივხედავდით და ისევ ვბრუნდებოდით და ეს დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ხდებოდა ხოლმე", - ამბობდა ის, ხოლო კითხვაზე - რომ შეეთავაზებინათ, დაბრუნდებოდა თუ არა ტელევიზიაში, ასე პასუხობდა: "სხვათა შორის, ეს ჩემთვის უცხო არ იქნება და მაქვს კიდევაც არაერთი გადაცემა ჩაფიქრებული".
მისი პირველი, ძირითადი სპეციალობა არქიტექტურა იყო, პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და ასპირანტურაც ამ განხრით დაამთავრა, მაგრამ... თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩააბარა... გენიალური მსახიობის - სერგო ზაქარიაძის რჩევით. თურმე, ბატონი სერგო მას მეტყველებას ასწავლიდა პიონერთა სასახლეში, სადაც ძალიან საინტერესო საღამოებს აწყობდნენ. ერთხელაც ჯულიეტა ვაშაყმაძე მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე მიემგზავრებოდა, წამყვანი უნდა ყოფილიყო და წასვლის წინ მისთვის სერგო ზაქარიაძეს უთქვამს: სულ სცენაზე ხარ, ამდენი ღონისძიება მიგყავს, ამიტომ აუცილებელია, თეატრალური განათლებაც მიიღოო.
რაკი პედაგოგს პროფესიული განათლების მიღება საჭიროდ მიაჩნდა, მის რჩევას გვერდი ვერ აუარა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად, სწავლას თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზეც შეუდგა. მერე სიამაყით იხსენებდა, ბატონმა სერგომ არაერთხელ მომანდო თეატრში თავისი შემოქმედებითი საღამოს წაყვანაო.
ჯულიეტა ვაშაყმაძის ოჯახი
დაქორწინებული იყო ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა, ასევე სატელევიზიო სფეროში საქმიანობს, პროდიუსერია.
ცოტამ თუ იცის ჯულიეტა ვაშაყმაძის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - მას ერთი თვის შვილი გარდაეცვალა. ამ ტრაგედიამ იმსხვერპლა კიდეც მისი პირველი ოჯახი და ქმარს დაშორდა.
გიორგი გაბუნიამ, ჯულიეტა ვაშაყმაძის ვაჟმა, ერთ-ერთი გადაცემა ოჯახსა და დედაზე ვრცელი მონოლოგით დაიწყო:
“2004 წელს დედას უთხრეს, რომ მისი ადგილი ტელევიზიაში აღარ იყო და ჩემი მშობლები მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, შეგრძნებით, რომ არავის სჭირდებოდნენ. კი იმ დროს, დედაჩემი კალენდარული ასაკით საპენსიო ასაკში იყო. იმ მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი ნგრევა, როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკური.
მარტივად არ დაუყრია ფარ-ხმალი, იჩივლა კიდეც. დედაჩემს ჰყავდა ადვოკატი, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო დარჩა, მოიშორა ადვოკატი, შეისწავლა კანონები და თვითონ მიჰყავდა საქმე სასამართლოში.
რაც მთავარია, მამაჩემის საქმე მოიგო. მოსამართლე იძულებული გახადა მამაჩემი თანამდებობაზე აღედგინათ, თუმცა “პირველმა არხმა” გაასაჩივრა ეს.
როდესაც ეს ბრძოლაც დასრულდა, დედას მომავალი გაუქრა. აქ უკვე მიხვდა, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა საყვარელ ტელევიზიაში, სადაც 50 წელი გაატარა. ნელ-ნელა იკეტებოდა გარესამყაროსგან. იშვიათად გადიოდა სახლიდან, უარს ამბობდა ინტერვიუებზე, იმიტომ რომ ამჩნევდა მის უბერებელ სახესაც შეემატა მძიმე და უსამართლო განცდების კვალი.
ზედმეტად თავმოყვარე ადამიანიც კი იყო. ამ დროს მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება. დედა ყოველთვის ამაყობდა თავისი მხედველობით.
კატარაქტის განვითარება დაეწყო, თვალებზე გადაკრული ბინდი ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამომყვა. ჯიუტი იყო, მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ წესიერად ვეღარ ხედავდა, ეშინოდა რამეს ფეხს წამოკრავდა და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში.
არ მახსოვს რომელი წელი იყო, ოჯახი რაჭაში იყო დასასვენებლად, მაგრამ როცა დაბრუნდა, შევამჩნიე, მარჯვენა ხელი უკანკალებდა.
ამტკიცებდა, არაფერი მჭირსო. ამ დროს მე თვითონ ვიყავი რუსთავი 2-ზე წამყვანი, ბევრი რამ მოსწონდა, მაგრამ ბევრი მიუღებელი იყო და სასტიკად ვჩხუბობდით. თვეებიც გადიოდა ისე, ერთად ვცხოვრობდით და საერთოდ არ ვლაპარაკობდით.
ერთხელ მახსოვს, ღამე ქვითინი მომესმა. არ მიკითხავს, ვიცოდი, რაც აწუხებდა, საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, მიტოვებულს, არასაჭიროს და დავიწყებულ საკუთარ თავს.
ამის მერე იყო ზუსტად, რამდენიმე დღეში მითხრა, გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე, არ ვლაპარაკობდეთო. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია. მას შემდეგ მამაჩემის გადარჩენაც კი მოასწრო.
კიდურებიც დაუსუსტდა, მხედველობა დაუქვეითდა. ერთ დღეს შეამჩნია მამაჩემს ისეთი სახე არ ჰქონდა და მითხრა ყურადღება მიაქციეო. საბოლოოდ, მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა და ძლივს გადავარჩინეთ. დედას არ ვეუბნებოდით.
როდესაც მან დააფიქსირა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მისი ქმარი სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, ჩაწვა ლოგინში და მას შემდეგ დახმარების გარეშე არ ამდგარა. ბოლო წლებში მას მამაჩემი და ჩემი და უვლიდნენ.
არავისთან ვამბობდით, ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა, ვინ ვიყავით. ვისაც ეს გამოცდილი აქვს, იცის როგორი მძიმე შეგრძნებაა, ნელ-ნელა დაავიწყდა კიდეც ვინ ვიყავით. ერთადერთი ვისაც ბოლომდე ეძახდა, მამაჩემი იყო, მაგრამ სულ ბოლოს ესეც წაეშალა მეხსიერებიდან” - იხსენებდა გიორგი გაბუნია დედის შესახებ.