ანიკო ვაჩნაძე სილამაზითა და გონიერებით განთქმული ქალი ყოფილა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თუმცა სანამ დამზადების სამინისტროში, მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტროში დაიწყება მუშაობას, წარმატებით და ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირში. ცხოვრების ამ ეტაპმა შეცვალა მისი მომავალი სამუდამოდ - აქ გაიცნო მწერალი ლადო ასათიანი, რომლის ცოლიც გახდა.
ანიკო ვაჩნაძე ულამაზესი ქალი იყო. ლადო ასათიანის გაცნობამდე, მას ლექსები სიმონ ჩიქოვანმა, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, გიორგი შატბერაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ, გიორგი ქუჩიშვილმა, სერგეი მიხალკოვმა მიუძღვნეს. მოგვიანებით ყველა ამ ლექსს პოეტმა მინაწერები გაუკეთა.
ამ სტატიაში სწორედ ლადო ასათიანისა და უმშვენიერესი ანიკო ვაჩნაძის სიყვარულის ლამაზ, თუმცა ტრაგიკულ ისტორიაზე მოგიყვებით.
ლადო ასათიანი 21 წლის იყო, როცა საცხოვრებლად თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა და მუშაობა "ნორჩ ლენინელში" დაიწყო. ლადო მწერალთა კავშირს ხშირად სტუმრობდა, სადაც მისი მომავალი მეუღლე, ანიკო მუშაობდა. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას მას შეხვდა გოგონა, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მაშინ ლადო ასათიანს მეგობარი, ნიკა აგიაშვილი ახლდა, რომელიც თურმე ანიკო ვაჩნაძის ახლობელი ყოფილა.
ლადოს ანიკო გულში ისე ჩაუვარდა, რომ მეგობარს მეორე დღესვე მიუძღვნა ლექსი და მეგობარს გაატანა. ლადოს არ სურდა, რომ ანიკოს მისი ვინაობა გაეგო, თუმცა ახალგაზრდა ეკონომისტმა სხვა მწერლების დახმარებით მაინც გაიგო, ვინ იდგა ამ სატრფიალო სტროფებს მიღმა - გაბრაზდა და წერილი დახია...
ასეთი საქციელის მიუხედავად, ლადოს და ანიკოს ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა – პოეტმა სატრფოს ციხისძირში ჩააკითხა და სიყვარული იქ აუხსნა. ანიკომ და ლადომ იქორწინეს და თანაცხოვრება მაშინდელი ძერჟინსკის 14 ნომერში პატარა ბინაში დაიწყეს. ბინას ფანჯარა არ ჰქონდა, მაგრამ მათ კარი ამოჭრეს და სარკმელი გააკეთეს.
წყვილს მალევე შეეძინა შვილი - მანანა. სახლში ახლა უკვე სამნი იყვნენ, თუმცა ეს ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ გამოკეთდებოდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო ორიენტში იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა. ერთხელ პოეტს უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა - ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა.
1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-1941 წლებში გამომცემლობა "ფედერაციას" გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული "წინაპრები“, რომელიც მისმა მეგობარმა ლადო ავალიანმა გააფორმა მხატვრულად. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
ლადოს და ანიკოს 1941 წელს შეეძინათ ქალიშვილი მანანა. ლადომ შვილს სახელი მანანა ორბელიანის პატივსაცემად დაარქვა. ლადოს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მას ლექსი მიუძღვნა, უნდოდა ის კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანს, ნიკა აგიაშვილს და ლადო გუდიაშვილს მოენათლათ, თუმცა ლადომ თავის სიცოცხლეში ეს ვერ მოახერხა, მისი გარდაცვალების შემდეგ მანანა კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანის და ლადო გუდიაშვილის მეუღლეებმა მონათლეს. სიცოცხლის ბოლო წუთებში ლადო ქალიშვილს ეალერსებოდა და ლექსის დაწერას ცდილობდა, სიკვდილის წინ მამას უხმობდა, თუმცა მოხუცმა მელქისედეკმა ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.
ანიკომ და ლადომ ერთად 4 წელს იცხოვრეს. ანიკო ვაჩნაძე სიცოცხლის ბოლომდე ლადოს ერთგულად დარჩა და ყოველთვის ნანობდა, რომ მეუღლის პირველი წერილი არ შეინახა.
ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს… “მნათობისათვის”. უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რაიმე შეიცვლება, თუნდაც ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი, არც სადაოა რამე. აგვისტოს ნომერში რომ დაბეჭდონ, კარგი იქნება. ისევ გიმეორებ, თუ ასე დაიბეჭდება, თორემ არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები რომ სხვანაირად რამე მოხდეს, ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ მანქანაზე რომ გადააბეჭდინებენ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს. კიდევ გიმეორებ, თუ ასე არ დაიბეჭდება, არ მინდა, კარგად დაიმახსოვრე. სხვას არავის მისცე, სიმონი სჯობია, ან კარლო.
საგზურისას რას შვრები, უკვე მითავდება ვადა. როგორც გწერდი, ერთი თვის იშოვნე კიდევ, მეტი არ მინდა, მალე, თორემ აქ ახლა ერთი ამბავია. წერილები და ცნობა თუ მიიღე? საგზური თუ მოხერხდეს, თორემ გზის ფული გამომიგზავნე და ან ქუთაისში წავალ და ან მანდ ჩამოვალ.
ასე, გენაცვალე, საჩქაროდ გააკეთე ეს, ანიკო. ლექსებს არაფერი ჩხიკინი არ დაუწყო, არ გადამრიო, შვილივით გაბარებ, იცოდე! წიგნის საქმე როგორაა? აჩვენე ლექსები, ხალხი რომ არ იქნეს, მაშინ, როგორც გწერდი სიმონს ან კარლოს; თუ მოხერხდა ასე დაბეჭდვა, დაუტოვე, თუ არა და ისე ჩუმად წაიღე შინ და შეინახე. რომელ ნომერშიც დაიბეჭდება, სულ ერთია, მხოლოდ ასე და ამგვარი რაოდენობით უნდა დაიბეჭდოს.
ასე და ასე! წერილები მოიწერე.
გკოცნის მრავალს შენი ლადო ასათიანი.
წერილის თარიღი უცნობია