"ჩემო მედიკო!
კი არ მაგონდები, მელანდები, რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდები ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები, თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები.
შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები, რა ვქნა ჩემო "ტაიტი'', ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე...''
"მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს", - ამბობდა მასზე ვერიკო ანჯაფარიძე.
"ქართული კინოს მშვენება", "მარადიული სილამაზე", "სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება", - ეს ეპითეტებიც მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც ასე უხვად იყენებდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები. სულ რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ მნახველი ამ საოცარი ქალით მოხიბლულიყო. მედიკო (მას ყველა ასე ეძახდა) გარდა წარმტაცი გარეგნობისა, სულიერადაც მშვენიერი იყო, ყველას ერთნაირად ატყვევებდა, - დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს.იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს", - ამბობდა ლილი იოსელიანი.
მედეა ჯაფარიძეს ერთი შეხედვით ლამაზი ცხოვრება არგუნა ბედმა, თუმცა მისი ეკლიანი გზა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როცა მამა დაუპატიმრეს, დედას კი ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო.
რთული აღმოჩნდა მედეას პირველი ქორწინება გრიშა კოსტავაზე, რომელიც მერაბ კოსტავას ბიძა იყო. ადრე შექმნილმა ოჯახმა და ოჯახურმა პრობლემებმა მას ოცნებაზე - სწავლასა და მსახიობობაზე უარის თქმა აიძულა. მისი მეუღლე, გრიშა გადაასახლეს და თავდაპირველად სიკვდილით დასჯა, შემდეგ კი 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "ნუ დამელოდები, არ ვიცი, როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი?! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო..." - ასე შემოუთვლია გრიშა კოსტავას მეუღლისთვის.
მედეას ცხოვრებაში მართლაც გამოჩნდა ღირსეული კაცი და ეს კაცი რეზო თაბუკაშვილი იყო. მას შემდეგ, რაც საკუთარი ოცნების ახდენა და მოსკოვში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა, მისი ცხოვრებაც შეიცვალა. სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდა, როცა მომავალი მეუღლე გაიცნო. რეზო მაშინ დიპლომატიურზე სწავლობდა. იგი არ იყო მიჩვეული გოგონებისგან უარს. მედიკო დანახვისთანავე მოეწონა და პაემანიც დაუნიშნა, მაგრამ მედიკო არ მივიდა. გაუკვირდა რეზოს. მერე კაფეში დაპატიჟა. ქალი მისვლას არ დაჰპირებია, მაგრამ არც უარი უთქვამს, ამიტომაც ეგონა რეზოს, რომ პაემანი შედგებოდა, თუმცა კვლავ გაწბილებული დარჩა... ახლა უკვე საგონებელში ჩავარდა ქალებისგან განებივრებული რეზო.
ეს სიცივე მედიკოსგან დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მას თბილისიდან ცუდი ამბავი შეატყობინეს - მისი დედა ავად გამხდარიყო და მედიკოს თბილისში ჩასვლას სთხოვდნენ. წასვლამდე ახალგაზრდა ქალმა საკუთარი დარდის რეზოსთვის გამხელა მოინდომა. მთელი ღამის მანძილზე საუბრობდნენ, მედეას ტრაგიკული ამბების მოსმენის შემდეგ კი რეზო ატირებულა - მედეა მიხვდა, რომ ასეთი კაცის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.
მედეა ჯაფარიძე თბილისში ავადმყოფ დედასთან დაბრუნდა, რეზომ კი როგორც სწავლა დაასრულა, ისიც სამშობლოში გამოფრინდა. მედეამ და რეზომ იქორწინეს. სადაც კი გამოჩნდებოდნენ, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ - ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდა - თითქოს ასხივებდნენო...
მედიკო ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც "მზე შემოდგომისაშიო", - ამბობდა რეზო.