მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა:
"ძალიან ბევრ მადლობის წერილს ვიღებ ჩემი პოზიციის გამოხატვისთვის. რისთვის მიხდით მადლობას? ეს ხომ ის მინიმუმია, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ. ვთვლი, რომ ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს და ერთი მოტივი - არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ეროვნული იდენტობით, ბრძოლითა და ღირსებით მოიპოვეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, გავხდეთ ის თაობა, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენი დასავლური კურსის რადიკალურ ჩაკეტვას" - წერს თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
თაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.