"ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო. კიდევ ერთხელ იკადრეს უკადრებელი სახელისუფლებო არხებმა, და დამიჭრეს დღევანდელი ჩემი სიტყვიერი გამოსვლა ჩემს რუბრიკაში, სადაც არაადამიანური ცილისწამებაა ყველაფერი ის, რაც გამოაქვეყნეს... მე მოგმართავდით თქვენ და თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენ მიმართ, ყოველ მეორე-მესამე გადაცემაში თქვენზე ვსაუბრობ. მე თქვენ მადლიერებას გიძღვნით ყოველთვის, იმიტომ, რომ თქვენ მართლა ძალიან ღირსეულები ხართ. მე თქვენით ძალიან ვამაყობ... ჩემი თხოვნა იქნება, ნახოთ მთლიანი გადაცემა... სწორედ ეს ზიზღია, რომ აქცევს ქვეყანას... თურმე საშინელი პანიკა ატყდა და რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. გასალანძღია ის ადამიანი, ვინც ზოგადად ემიგრანტებს ლანძღავს. მაგრამ სამწუხაროდ, გამოერია თქვენში ისეთი არაერთი ემიგრანტი, რომელიც პროპაგანდირებს რუსეთს, რაც ნერვებს უშლის აქ ადამიანებს, რომელთა სიცოცხლე ყოველ წუთს, ყოველ წამს საფრთხეშია... ამიტომ ვთქვი და მივმართე იმათ, რომ გაჩუმდით-მეთქი. და კიდევ ვეტყვი, რომ გაჩუმდით! შეიმალეთ სოროებში, როგორც ვირთხები, იმიტომ, რომ მართლა არ ხართ ამის ღირსი. თქვენ საქართველოს ღირსი არ ყოფილხართ!...კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ნახოთ ჩემი ვიდეო".
ეს მიმართვა თამრიკო ჭოხონელიძემ მას შემდეგ ჩაწერა, რაც სოციალურ ქსელში მისი ემიგრანტებისადმი მიმართვა ვირუსულად გავრცელდა. თავად მომღერალი განმარტავს, რომ ვიდეო უკონტექსტოდ ამოჭრეს და მისი სათქმელი განსხვავებული იყო.
თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე არის ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტი. დაიბადა მუსიკოსების - ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი.
თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი - მარიამ როინიშვილი არის მომღერალი კლასიკური ვოკალის მიმართულებით, სოპრანო. ვაჟი - კოკო როინიშვილი არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახი და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს არც თავად ერიდებოდა. მომღერლის მეუღლე მსახიობი გია როინიშვილია. გია როინიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“.