სამი ცალი ათქვეფილი კვერცხი შევწვი, ძეხვიც დავჭერი და კოკას საყვარელი «რამაც» დავდე მაგიდაზე აჯიკასთან ერთად. როგორც ჩანს, დედამისს ამ დღეებში ცხელი სადილი არ მოურთმევია ნაბოლარა შვილისთვის. ახლა რომ მოგვადგეს უცებ! ვაი სულო! კარგ დროს კი გავატარებ!
კოკაც გამოვიდა. მართალია, სუფრა მდიდრული არ იყო, მაგრამ მასთან ერთად ისე გემრიელად მივირთმევდი ხოლმე, თითქოს გოჭის ხორცი და ხაჭაპური მეჭამოს.
_ ამას მე ავალაგებ. შენ მიდი, საქმეს მიხედე, _ ვუთხარი სადილობის შემდეგ.
ერთხანს იდუმალი გამომეტყველებით მიყურა.
_ მოდი, აქ ჩამოჯექი, _ თქვა ბოლოს და მუხლზე დაირტყა ხელი.
უთქმელად შევასრულე მისი თხოვნა. წელზე ხელი მომხვია, თავი მკერდზე მომადო და ჩემი სურნელი შეისრუტა.
_ რა გემრიელი ხარ, რომ იცოდე, ყველანაირ «რამას» ჯობიხარ, _ მითხრა და ფარულად ამომხედა, რა რეაქცია მექნებოდა.
_ ეგეც ხეირია, _ არ დავაყოვნე პასუხი და თვალები დავუკოცნე.
_ შენ საყვარელზე საყვარელი ქალი ხარ, _ თქვა და გაისუსა.
მივუხვდი ქარაგმას. არ შევარჩინე.
_ რომელ საყვარელზე?
_ აჰა, მაინც შენებურად გაიგე, არა?
_ როგორც მითხარი, ისე გავიგე, _ უკან არ დავიხიე.
_ მოკლედ, იეღოვას მოწმესავით ხარ, როგორც შენ გინდა, ისე კითხულობ ბიბლიას, გაგების შენებური მეთოდი გაქვს, _ მისაყვედურა სიცილით.
_ ასე არ თქვი? თუ სხვა რამის გამოხატვა გინდოდა, უნდა გეთქვა უსაყვარლესი ხარო.
_ ორ სიტყვას უფრო მეტი დატვირთვა აქვს. «უსაყვარლესი» ძალიან მარტივად ჟღერს, «ყველაზე საყვარელი» კი მაგარი გოიმურია. აი, «საყვარელზე საყვარელი» უკვე დონეა! _ გაფშიკა საჩვენებელი თითი თავისი ბრძნული აზრის დასადასტურებლად.
_ შენს სინდისზე იყოს, აღარ გეკამათები, _ დანებების ნიშნად ხელები ავწიე.
7 7 7
სამი იყო დაწყებული, კოკა რომ წავიდა. მე ჩემი გასაღები მქონდა, ამიტომ მისი სახლში ყოფნა-არყოფნა არაფერს წყვეტდა. დღეს საქმიანი შეხვედრა აქვს. ხუმრობა ხომ არ არის, ღვინის ქარხნის დირექტორია კაცი. უცხოელ სტუმრებს ელოდება, ბატონო!
_ შემოსასვლელში ორჯერ უნდა გადაატრიალო გასაღები. არ დაგავიწყდეს, _ შემახსენა გასვლის წინ.
_ ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი. არც ფანჯრები უნდა გავაღო, თორემ ორპირმა ქარმა შეიძლება მინები ჩალეწოს, არც სველი ტილო უნდა მოვუსვა იატაკს, რომ ლაკიანმა პარკეტმა «ბლესკი» არ დაკარგოს. როგორც ყოველთვის, ყველაფერი გასაგებია, _ დაპროგრამებული რობოტივით ჩამოვაყალიბე ყველა პუნქტი.
კოკას გასვლისთანავე ჩავკეტე სადარბაზოს კარიც და ბინისაც. საძინებელში გავედი, ფანჯარა გამოვაღე და მიმავალს მზერა გავაყოლე. ასე ვაცილებდი ყოველთვის, მზერით. სანამ ქუჩაში გავიდოდა, მოიხედა, ხელი დამიქნია. მერე მობილური დააძრო ბუდიდან. მივხვდი, «მესიჯს» მიგზავნიდა. წ-წ-წ, _ დაიწრიპინა ჩემმა ტელეფონმა. ჩავიკითხე: «დაიწყე რეცხვა, ნუ ცდები, ჩემო ერთადერთო». მეც ეგრევე «ვაფრინე» პასუხი: «არის, უფროსო». ამ დროს საშინელი ჯახუნის ხმა გაისმა. მობილური ხელიდან გამივარდა და დაიშალა. გული გადამიქანდა. რა გატყდა? რამ გამოიწვია ორპირი? სხვა ფანჯარა რომ არ გამიღია? შეშინებული გამოვვარდი საძინებლიდან. ჰოლში გამავალი კარი ჩაკეტილიყო. ჩაკეტვაც არის და ჩაკეტვაც. კარს სახელური არ ჰქონდა. როგორც ჩანს, არც არასდროს ჰქონია ან, უკეთეს შემთხვევაში, დიდი ხანია, აღარ აქვს. რა გინდა ქნა? გასაღების ღრიჩოში თითები ჩავყავი და დავეჯაჯგურე. არაფერი გეტკინოს! ოთახში შემოვტრიალდი. ტანსაცმლის კარადას ვეცი. ზედა თაროდან ჭრელი ზარდახშა გადმოვიღე, რომელშიც ძაფები და ნემსები ეწყო. მაკრატელს დავავლე ხელი და პატარა, ვერცხლისფერ დასაკეპ დანას. კვლავ კარს ვეცი. როგორ არ ვუჩხიკინე, მაგრამ ვერაფერი გავაწყე. ახლა მობილურს მივუტრიალდი. ჩემი სიკვდილი! ისე იყო დაშლილი, იმას რა ააწყობდა. მაინც მოვახერხე, მაგრამ… ესეც ახალი შემექნა საყიდელი. თუმცა, ტელეფონს ვჩივი, ისე ჩავიკეტე, ვერც სარეცხს დავრეცხავ და ვერც შინ წავალ. უფრო უარესი! კოკას მოსვლამდე მომიწევს მშიერს ყოფნა. ტუალეტში რომ მომინდეს შესვლა? კიდევ კარგი, წეღან ეგ საქმე «მოვითავე». არა, როგორღაც უნდა ვეცადო, იქნებ რამ გამომივიდეს. ვაითუ, დედამისი წამომადგეს თავზე. მაშინ რა ვქნა? რა ვუთხრა, ვინ ვარ-მეთქი? ჭურჭლის მრეცხავი, თუ მისი ვაჟიშვილის «სახლიქალი?» ო! ეს უკანასკნელი მომეწონა, კარგად ჟღერს. გასაღები მაინც შემომეტანა აქეთ. ვინმეს გადავუგდებდი გარეთ და ვთხოვდი დახმარებას. ხომ არ დავარეკინო? მაგრამ ვის? ამ მიყრუებულ ვარკეთილში ვინ დარეკავს შენი გულისთვის მობილურზე!
რაც არის, ეგ არის. მომიწევს მოცდა. ბოლოს და ბოლოს, მოვა, სად წავა! ამაღამ რომ არ მოვიდეს? გადაირიე? მოვკვდები კიდევაც ჯავრისაგან. ჩემები გაგიჟდებიან. თუმცა რა, გვიან წავალ და ეგ იქნება. დედაჩემი აიკლებს ტელეფონს. თანაც აღარ მუშაობს. «გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან», _ მოახსენებს რობოტი. რას გაახარებს?! მამაჩემთან მაინც არ ჩამიშვებს, ვიცი. განა ერთხელ და ორჯერ გადავურჩენივარ? «ჯიგარო» დედა მყავს!
ბედს შევეგუე. შევატყვე, რომ ვერაფერს გავაწყობდი. ნეტავ კოკა არ მომიკითხავს? რომ მომიკითხოს, რა მერე? რას მოიფიქრებს, ჩაკეტილი რომ ვარ. აზრადაც არ მოუვა. შეიძლება კიდევაც გაბრაზდეს, რატომ გამორთო მობილურიო, მაგრამ ეგ უშველის საქმეს? ნამდვილად არ უშველის. ჰოდა, მომიწევს მოცდა. რომ მოვა, სიურპრიზი დახვდება.
საწოლზე გავიშოტე სასოწარკვეთილი და მისავათებული. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. საღამომდე თვალი არ მომიხუჭავს. მერე, როგორც ჩანს, ფიქრებისგან დაღლილს, ჩამეძინა…
7 7 7
კარის გაღება-ჩაკეტვის ხმამ გამომაღვიძა. «მოვიდა», _ სიხარულისაგან ზეზე წამოვხტი. შუქიც არ ამინთია. ის იყო, დაძახებას ვაპირებდი, რომ ქალის სიცილის ხმა შემომესმა.
«ეს ვინღაა?» _ პირკატა მეცა. მივაყურადე. ორივენი გულიანად იცინოდნენ. კოკა რაღაც საინტერესოს უყვებოდა. გული ამიჩქარდა. ფეხაკრეფით მოვბრუნდი და კვლავ საწოლზე წამოვწექი. ეგ თუ «სხვა» ქალია, თანაც ჩემსავით «ერთადერთი», მაგასაც ვნახავ. მერე მიყუროს, ლოგინში რომ დავხვდები გაშოტილი!
_ ვახ! ეს კარი რაღამ ჩაკეტა? _ გაისმა კოკას ხმა.
ცოტა ხნით ორივენი მიწყნარდნენ. მერე ჩხაკუნის ხმა მომესმა. როგორც ჩანს, კარს აღებდა. მალე ჩხაკუნი ჭრიალით შეიცვალა. გააღო ალბათ. მოემზადე, მაგდა, მაგრად დადექი, _ გავამხნევე საკუთარი თავი და «პოზა» მივიღე. ფეხები მუხლებში მოვხარე და ერთმანეთზე გადავიდე, ხელები კი თავქვეშ ამოვიწყვე.
_ მოიცა, მოიცა, ხელში უნდა აგიყვანო, ჩემო ერთადერთო, _ მხიარულობდა «ღვინის დირექტორი».
გულმა ცემას უმატა. ყურებმა შხუილი დამიწყო. მერე კოკამ ფეხით შემოაღო საძინებლის კარი7 შუქი აანთო და…
არასდროს დამავიწყდება მისი და მისი «მეორე ერთადერთის» შეძრწუნებულ-შეცბუნებული სახეები.
_ შე-ენ? _ გაოცებულმა კოკამ ძირს ჩამოსვა ხელში ატატებული ქალი.
იგი მაღალი იყო, გამხდარი, შავთმიანი და შავთვალება. საკმაოდ ლამაზი. შეიძლება ჩემზე უკეთესიც, ვინ იცის.
_ უკაცრავად, _ აღმოხდა მასაც.
_ კარი ჩამეკეტა და… მობილურიც დამემტვრა, _ მივუთითე მაგიდაზე დაყრილი აპარატის ნაწილებზე. ხმა მიკანკალებდა.
_ კოკა, რა ხდება? _ იკითხა «მეორე ერთადერთმა», _ თქვენ ვინ ბრძანდებით? _ ახლა მე მომიტრიალდა.
_ მე მრეცხავი ვარ, კოკას პირადი მრეცხავი, თანაც ერთადერთი და განუმეორებელი, მაგრამ ორპირმა ქარმა კარი ჩაკეტა და საძინებლიდან გასვლა ვერ მოვახერხე, სამწუხაროდ, _ ირონიულად შევნიშნე.
კოკა ხმას არ იღებდა. გაფითრებული იდგა, შიგადაშიგ ცხვირზე მოისვამდა ხელს, როგორც ნერვიულობისას ჩვეოდა.
_ საძინებელში რა გინდოდათ? _ არ მეშვებოდა «ახალი».
«რა კონკურენტუნარიანი მეტოქე ჩანს», _ ავხედ-დავხედე ცნობისმოყვარე ქალს და ახლა უკვე გესლიანად ვუთხარი.
_ ეგ კოკას ჰკითხეთ, მან უკეთ იცის, _ ნიშნის მოგებით გადავხედე ჩემს «ყოფილს».
_ არ გინდა, მაგდა, არ გირჩევ, _ დამრიგებლური ტონით მომმართა კოკამ.
_ ჩვენ ბოდიში, ასე უნებურად რომ დაგირღვიეთ «ღამეული იდილია». იმედია, მომიტევებთ. ვწუხვარ, რომ სხვა მრეცხავს მოუწევს დარეცხვა. ბედნიერ თაფლობის ღამეს გისურვებთ, ბატონებო, _ ბოროტად დავაკვესე თვალები და გასასვლელისკენ გავეშურე.
კოკა არ გამომკიდებია. უფრო მეტიც _ ადგილიდან არ დაძრულა. კართან შევჩერდი, წამით შევყოვნდი, იქნებ სინდისის ქენჯნამ შეაწუხოს და გამაცილოს-მეთქი, მაგრამ… თქვენც არ მომიკვდეთ. მსგავსი არაფერი მომხდარა. რომ გამოსულიყო, პატიება რომ ეთხოვა, თავი რომ ემართლებინა, ალბათ… ალბათ ვაპატიებდი, ყველაფერს ვაპატიებდი… მერე რა, მამაკაცურ სისუსტეში ჩავუთვლიდი, ერთჯერად გართობაში და კიდევ სხვა მსგავს «ჯანდაბაში», მე ხომ სიგიჟემდე მიყვარდა იგი.
7 7 7
არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ქუჩაში. გაწვიმებულა. ეს ქარი რაღამ ამოაგდო! პირდაპირ სახეში მეძგერა, თითქოს სილას მაწნავდა და გესლიანად ჩამსისინებდა: «ახია შენზე, ახია შენზე!» ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა და წვიმის წვეთებს უერთდებოდა თითქოს. აი, სოლიდარობაც ამას ჰქვია. როგორ მიცხადებს თანაგრძნობას. წვიმაც ჩემსავით ტირის. რაღაც პოეტურმა აზრებმა შემაწუხა. ღამის სიბნელეში ძლივს გავიკვლიე გზა ტრასისაკენ. ტაქსი გავაჩერე…
7 7 7
ჩემს დანახვაზე საცოდავმა დედაჩემმა თავში წაიშინა ხელები, ცოცხალი არ მეგონეო. უკვე გამოტირებული ვყავდი. თან ცდილობდა, ჩურჩულით ელაპარაკა, მამაჩემს რომ არ გაღვიძებოდა. როგორც ჩანს, ამჯერადაც გადამარჩინა ჩხუბსა და დავიდარაბას. არა უშავს, სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი დაგვიანება იქნება. აწი «გამოვსწორდები». მორჩა! კოკასთან გატარებული დღევანდელი დღე ჩემი «ბოლო ბანაობა» იყო.
ჩემს ოთახში გავედი გაწუწული, გალუმპული. საათს ავხედე. პირველი ხდებოდა. სარკეში ჩავიხედე. საკუთარი თავი ვერ ვიცანი. თვალები დამსიებოდა ტირილისაგან. ეტყობა, სანამ ტაქსის გავაჩერებდი, კარგა გვარიანი მანძილი გავიარე ფეხით. ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ნუთუ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ შეურიგდე ასეთ ნაძირალას? გამორიცხულია! რომ დამიჩოქოს, მაგას არ ვიზამ! საინტერესოა, დაიწყებს თუ არა თავის მართლებას? განა რა უნდა თქვას? მოვა კი ახსნა-განმარტების მოსაცემად? არ ვიცი, ვნახოთ. ხვალინდელი დღეც გათენდება…
გაგრძლება იქნება