„დაახლოებით ოცი წლის წინ გერმანიაში ვიყავი რუსულ თეატრთან ერთად გასტროლებით. ჩემთან მოვიდა ქალბატონი და მეკითხება:
– თქვენ ქართველი ხართ?
– დიახ, ქართველი ვარ!
– იცით, მე მინდოდა თქვენი ნახვა, ალბათ გიკვირთ?
– დიახ! – იყო პასუხი, თუმცა ყურადღება მაყურებლის და თაყვანისმცემლის არასდროს ჰკლებია ცნობილ რეჟისორს, მაგრამ ქალბატონი ცდილობდა მოსაუბრე გაკვირვებული დარჩენილიყო და ისიც გაკვირვებულის როლს დათანხმდა და როგორც აღმოჩნდა არც თუ უსაფუძვლოდ.
– იცით, მე გერმანელი ვარ, – აგრძელებს ქალბატონი, – ომამდე ოჯახით სოხუმში ვცხოვრობდი. მამაჩემი სკოლაში მუშაობდა. მეშვიდე კლასში ვიყავი და მომწონდა ბიჭი, რომელიც მაშინ მეათე კლასში იყო. მე გვარი მახსოვს მისი – მაისურაძე. ერთმანეთისთვის სიტყვა არასდროს გვითქვამს, ჩვენი სიყვარული უბრალოდ შესვენებებზე შემთხვევით შეხვედრით და შეხედვით მთავრდებოდა.
ომი რომ დაიწყო, რამდენიმე დღეში მამაჩემი სახეშეცვლილი დაბრუნდა სახლში, ორ დღეში ყველა გერმანულ ოჯახს გვასახლებენო. ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა ჩემს ოჯახს, მაგრამ ის ორი დღე არავინ გამოჩენილა ჩვენთან. მესამე დღეს უკვე ვაგზალზე ვიყავით, ირგვლივ სულ ჯარისკაცები იყვნენ. თითქმის არავინ გვაცილებდა და ვინც გვაცილებდა მათაც უკრძალავდნენ კორდონს აქეთ გადმოსვლას. ყველანი საბარგო ვაგონში შეგვყარეს. მე, როგორც პატარას, უფლება მომცეს ფანჯარასთან მივსულიყავი და მაშინ დავინახე ის ჩემი შეყვარებული ბიჭი, რომელიც ჯარისკაცებს რაღაცას უხსნიდა. ცოტა ყოყმანის შემდეგ კორდონი გაიხსნა და ბიჭი ბაქნისკენ გამოიქცა და ვაგონებს ათვალიერებს, ვიცი რომ მე მეძებს. მე ფანჯარასთან რაც შემიძლია ვიწევი და ვეძახი. ის შემობრუნდა და დამინახა. თან მატარებელიც დაიძრა. ცოტა ხანს მოჰყვებოდა მატარებელს და მიყურებდა…
ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა. რამდენი წელი გავიდა ამის მერე, არასდროს დამავიწყდება მისი თვალები და ახლა ვხვდები, რომ ეს იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელმაც ჩემთვის თავი გაწირა. იმის მერე სულ ამ ბიჭს ვეძებ, მაისურაძეს, იქნებ ცოცხალია, იქნებ… თქვენ ხომ საქართველოში ნაცნობები გყავთ, იქნებ იცის ვინმემ ეს მაისურაძე, იქნებ იცის…
ამის შემდეგ იქით ვთხოვდი რადიო თუ ტელეჟურნალისტებს მომისმინეთ-მეთქი, ვყვებოდი ამ ამბავს, დამეხმარეთ, ვიპოვოთ, იქნებ იცით ეს მაისურაძე, არ გამოჩენილა თურმე… ქალი კი კიდევ ელის და დრო და დრო მეკონტაქტება ახალი ხომ არ არის რამეო…”
ეს ამბავი თემურ ჩხეიძეს გერმანიაში გადახდენია, აუდიტორიას კი ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს უამბო.
„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო: „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ: „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხედო.“
მსახიობების, მედეა ჩახავასა და ნოდარ ჩხეიძის ოჯახში დაბადებული თემურ ჩხეიძე თავმდაბლობით, სიმშვიდით, სიკეთითა და ადამიანურობით გამორჩეული სახე იყო. "თემურს დედას თვალები ჰქონდა, თვალებიდან სითბო გამოსჭვიოდა. მედიკოს მიმტევებლობის საოცარი თვისება ჰქონდა. აი, ეს ჰქონდა თემურს მისგან. მე არ გამიგია, ჩემს ძმას ვინმეს მისამართით საყვედური ეთქვას. ყოველთვის თავის თავზე იბრალებდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მექნაო...“ - იხსენებდა მისი და, მაკა მახარაძე.
"არც გადიდგულებულა, ბოლომდე თავმდაბალი დარჩა და მისი სპექტაკლებიც ასეთი იყო. შინაგანად ძალიან ემოციური და ტკივილიანი, გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბევრ პიროვნულ წყენას მალავდა და ფიზიკურ ტკივილსაც, ბოლო წლებში ძალიან ავადმყოფობდა" - ამბობდა თემურ ჩხეიძეზე ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.
ავადმყოფობდა, სიცოცხლის ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა, თუმცა იმედი და იუმორი არასდროს დაუკარგავს: "კლინიკაში, სანამ დამძიმდებოდა, ვნახე და აჟიტირებული საუბრობდა, იუმორი ჰქონდა საოცარი. შენ ცუდად არ ხარ-მეთქი, ვუთხარი. არ ვიმჩნევდი. ფერმკრთალი კი იყო... ბოლო საუბარი ვერ მოვახერხე, ვერ შევედი მასთან... რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო. ვერ ვიყავი..." - ამბობდა მაკა მახარაძე. თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში, 2022 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა.