მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა პარიზის ფილარმონიაში კონცერტი გამართა.
კონცერტის დასასრულს, მუსიკოსმა მაყურებელს მიმართა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს ბახის კანტატა – „გიხმობ შენ, უფალო ისეო ქრისტე“ მიუძღვნა.
„მე მინდა დღეს საღამოს ჩემი ბისი ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ამ წუთებში აქციაზე დგანან და ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვიან რუსული გავლენის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლიზა ბათიაშვილმა.
“ლიზა ბათიაშვილი, 35 წლის ქართველი მევიოლინე, რომელიც ნიუ იორკის ფილარმონიაში მოწვეული შემსრულებელია და ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ამ კვირაში ბარბერის სავიოლინო კონცერტს შეასრულებს, დახვეწილი მუსიკოსია. კონცერტებსა და ჩანაწერებში, რომლებსაც მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული, ის ნუსხავს კრიტიკოსებს და აუდიტორიას თავისი ბუნებრივი ელეგანტურობით, აბრეშუმისებრი ჟღერადობითა და ბგერების კეთილხმოვანებით. მის შესრულების მანერაში გამჭოლი პირდაპირობაა, რაც ეხმარება მას გადმოსცეს ემოცია ხელოვნურობისა და მანერულობის გარეშე. საუბარში ბათიაშვილი მსგავს ღირსებებს გამოხატავს. ის ისევე ღიად საუბრობს ხელოვანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, როგორც ბახის მუსიკასთან პირად დამოკიდებულებაზე” - ასე ახასიათებდა ქართველ მევიოლინეს ამერიკული გამოცემა New York Times-ი.
დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. მისი ოჯახი 1991 წელს გერმანიაში გადასახლდა. მოგვიანებით იგი სწავლობდა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 წელს ლიზა ბათიაშვილმა იან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემია მოიპოვა.
„დასავლეთში ყველას ჰგონია, რომ უბედური ბავშვი ვიყავი, მე კი ეს დრო ძალიან ბედნიერად მახსენდება. ინტენსიური ბავშვობა მქონდა, ბევრი მეგობარი მყავდა და ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები უკავშირდება მამაჩემს, მის კონცერტებს, ბავშვებს, რომლებიც მასთან სამეცადინოდ დადიოდნენ. თოჯინებს, რომელიც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჩემთვის. ამ სათამაშოებთან დიდ დროს ვატარებდი და სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი და გაცნობიერება, რომ დასავლეთში, სადაც ამ თოჯინებს ამზადებდნენ, რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.
ძალიან საინტერესო დროს დავიბადე. ეს იყო საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის ბოლო წლები, გარდატეხის პერიოდი, როცა ეს ყველაფერი დაინგრა. მაშინ 10 წლის ვიყავი, და მძაფრად მახსოვს საქართველოს ინტენსიური ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ცხრა აპრილი. გერმანიაში გადმოსვლის შემდეგ, პოლიტიკა საერთოდ ამოვარდა ჩემი ცხოვრებიდან, რადგან აქ ამ თემით ძალიან ცოტა ადამიანი ინტერესდება. თუმცა ადაპტირების პერიოდი რთულად გავიარეთ. განსაკუთრებით მძიმე იყო ეს ჩემი მშობლებისთვის და მე ამას ვგრძნობდი. ძალიან გვენატრებოდა ქართული კლიმატი და სითბო, ადამიანური ურთიერთობები. გერმანული ცხოვრების სტილი ქართულისგან ძალიან განსხვავდება და ჩვენ მოუმზადებლები აღმოვჩნდით ამისთვის” - ამბობდა ლიზა. (Tabula. ge)
ლიზა ბათიაშვილი არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული, შესრულებული აქვს კონცერტები „Berliner Philharmoniker“-თან, ევროპის კამერულ ორკესტრთან (დირიჟორი იანიკ ნეზე სეგენი), გუსტავ მალერის ახალგაზრდულ ორკესტრთან (დირიჟორი ფრანც ველზერ მიოსტი), ნიუ-იორკის ფილარმონიულ (დირიჟორი ალან გილბერტი) და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრებთან (დირიჟორი ზუბინ მეჰტა), უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, ბოსტონის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.