იმ ღამეს არ მიძინია. ალბათ არც კოკას. ან კი რა დააძინებდა, იმისთანა ქალი ეწვა მკლავზე… ახალი, თანაც «ერთადერთი»… თუმცა ვინ იცის, იქნებ არც არის ახალი? იქნებ ეგ მხოლოდ ჩემთვის არის «სიახლე»!..
სამი დღე არ გამოჩენილა. არც დაურეკავს. მობილური ხომ აღარ მქონდა, მაგრამ არც სახლის ტელეფონზე შეუწუხებია თავი. ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა. ბოღმა მახრჩობდა. გალიაში გამომწყვდეული ძუ ვეფხვივით ვბრდღვინავდი. ჩემდა ჭირად დაემთხვა ეს შაბათ-კვირაც, სამსახურში მაინც გავიდოდი და გულს გადავაყოლებდი. მაგრამ არ გინდა, ამ ყოფაში გამოეცხადო თანამშრომლებს? ადამიანის სახე არა მაქვს, ფერი არ მადევს, ნამდვილ «უჟასს» დავემსგავსე. თვალის უპეებიც ჩამიცვივდა. ეს დღეები ლუკმა არ გადამცდენია ყელში. როგორ მაშინვე დამეტყობა ხოლმე სიგამხდრე. საკმარისია, ჭამის ერთი ჯერი გამოვტოვო, მაშინვე წონაში ვიკლებ. ამ დროს სულაც არ მჭირდება გახდომა. ისედაც მშვენიერ ფორმაში ვარ. ჩემ გარშემო ყველას შურს ჩემი. ფიგურას როგორ ინარჩუნებო, მეკითხებიან. «სეკრეტ ფირმი»-მეთქი, მეც ჯინაზე ვპასუხობ, რადგან არ სჯერათ, რომ ჯიში მაქვს ასეთი, რაც უნდა ბევრი «ვხეთქო», მაინც არ გავსუქდები. ახლა მით უმეტეს, ისეთი რამის გადატანამ მომიწია ამ სამ დღეში, შეიძლება ზედმეტადაც გავხდე. ეჰ, აღარ ვჩივი. ჯანდაბამდის გზა მქონია. ისეთ შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა დამთავრდა _ ყველაზე თბილი და ყველაზე სანუკვარი. თითქოს გამყინვარების პერიოდი დაიწყო. მეც თუ «გადავშენდი» დინოზავრებივით. ჰმ, რა დროს ხუმრობაა, ორი აგური უნდა მეჭიროს ხელში…
7 7 7
ორშაბათს სამსახურში გავედი. მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამშრომლებს. მე ექიმი ვარ, ფსიქოთერაპევტი, კერძო კლინიკაში ვმუშაობ. ვზივარ კეთილმოწყობილ კაბინეტში, პასუხისმგებლობით ვეკიდები საკუთარ საქმეს. საშუალო ხელფასი მაქვს, მაგრამ მყავს კარგი კოლეგები და დიდი რაოდენობით თაყვანისმცემლები. კლინიკაში მეგობრული ატმოსფერო სუფევს, ინტრიგების ხლართები ჯერ არ მომწვდენია. შეიძლება იმიტომაც, რომ ვფრთხილობ ურთიერთობაში, მე ხომ პროფესია მაქვს ასეთი. ეჰ, სხვებს ვუგვარებ პრობლემებს, სხვებს ვუტარებ ფსიქოლოგიურ ტრენინგებს და თვითონ რა დღეში ვარ, საკუთარი ცხოვრება ვერ მომიგვარებია. სამაგიეროდ, პაციენტები მენდობიან, კმაყოფილი არიან ჩემით, ამბობენ, შენთან კონსულტაციებით ცხოვრება გავილამაზეთო. ეს მეამაყება. პაციენტების რიცხვმაც იმატა, ყველას ჩემთან უნდა მკურნალობის კურსის ჩატარება. როგორც გითხარით, დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ ასეა თუ ისე, გამაქვს ჩემი თავი. ისე, კოკა როგორ მიმართავდა ხელს! თუმცა იმას ხელის გამართვა აღარ ჰქვია. სიმართლე რომ ვთქვა, მარჩენდა, როგორც ნამდვილ «ჯიბეშესქელებულ» საყვარელს შეეფერება _ საკმარისი იყო, პირი გამეღო და რამე მენატრა, ციმციმ მოჰქონდა…
უკვე დღის ბოლო იყო. სადღაც ნახევარ საათში გასვლას ვაპირებდი, რომ ტელეფონზე გთხოვენო, ნიკომ შემოყო თავი მეზობელი ოთახიდან. ფეხათრევით გავედი. ვიცოდი, ვინც იქნებოდა.
* * *
_ გისმენთ, _ რაც შეიძლებოდა, უდარდელი ხმით ჩავძახე ყურმილში.
_ მე ვარ, _ ყრუდ თქვა.
გავჩუმდი.
_ ალო, გესმის ჩემი, კოკა ვარ, _ კვლავ გაიმეორა.
_ მესმის, ჯერ არ დავყრუებულვარ, _ ცივად ვუპასუხე.
_ არ გამოდიხარ?
_ რა გინდა? _ მკვახედ ვკითხე.
_ უნდა გნახო.
_ რისთვის, გინდა გამომემშვიდობო? ვეღარ მოასწარი, არა? _ ძაღლივით ვიღრინებოდი.
_ შეგხვდები და გეტყვი, რისთვისაც.
_ ტელეფონზე მითხარი, შენი ნახვის სურვილი სულაც არა მაქვს.
_ ეგ არ არის სატელეფონო თემა. მითხარი, რამდენ ხანში გამოხვალ, _ ხმას აუწია.
_ ნახევარ საათში.
_ გარეთ დაგელოდები, _ მოკლედ მოჭრა და ყურმილი დაკიდა.
ცუდად გავხდი. რაღაც ტალღასავით მიმოდიოდა მთელ სხეულში. შემამცივნა. როცა გავნერვიულდები, ვიცი ხოლმე შემცივნება. მერე მთელი დღე ვერ ვთბები. ფეხიც და ხელიც სულ გაყინული მაქვს. თუმცა გაზაფხული ჯერ ახლა დაიწყო…
მალე გოგონებს დავემშვიდობე და დაბლა ჩავედი. ჭიშკართან დამხვდა გამოჯგიმული. ისე კოხტად ეცვა, ნებისმიერ ქალს თვალი ზედ დარჩებოდა. ვითომ არც შემიმჩნევია. ჩემთვის უკვე სულერთი იყო. მისი «მერსედესიც» როგორ ლაპლაპებს!
_ როგორა ხარ? _ მზრუნველად მომიკითხა.
_ მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, _ დავაჯახე მაშინვე.
_ სამაგიეროდ, მე მაქვს. ჩაჯექი, _ თითქმის მიბრძანა, მკლავში ხელი ჩამავლო და წინა სალონისკენ მიბიძგა.
ჩემი ოთახის ფანჯრებს ავხედე. მაკა და ნინო გადმომდგარიყვნენ და გვიყურებდნენ. მეუხერხულა. უხმოდ ჩავჯექი…
კარგა ხანს ვიარეთ ასე, უბრად.
_ სად მივდივართ? _ დავარღვიე სიჩუმე.
_ ჩემთან.
_ არ ღირს. მოაბრუნე მანქანა ან გააჩერე, _ მოვითხოვე.
ჩემდა გასაოცრად, მოულოდნელად დაამუხრუჭა, მოატრიალა და გეზი სხვა მიმართულებით აიღო.
_ კმაყოფილი ხარ? _ ცინიკურად გადმომხედა.
_ მეტი არ შეიძლება! რა დამჯერი ბიჭი გამხდარხარ, _ არც მე ჩამოვრჩი.
ლისის ტბის ასახვევთან შეაჩერა მანქანა. ნახევრად ჩემკენ მოტრიალდა და ზურგით კარის მინას მიეყრდნო.
შევხედე. ვაი, იმ შეხედვას. სადღაც, სულის სიღრმეში ჩავუძვერი. იმ ერთი შეხედვით ყველაფერი ვუთხარი.
_ მაპატიე, _ თქვა ბოლოს.
_ ნაპატიები არა ხარ?
_ მე შენ მართლა მიყვარხარ, მაგდა. მე შენ არასდრ…
_ ის? _ გავაწყვეტინე «პროლოგი».
_ «ის» არ ითვლება. ეგ მხოლოდ გართობა იყო, ერთი ღამის გართობა და მეტი არაფერი.
_ დიდი ხანია, მაგ მეთოდით ერთობი?
_ ეს პირველი შემთხვევა იყო, თუმცა ვიცი, მაინც არ დამიჯერებ.
_ იცი, ვის მაგონებ? ქალს, რომელიც წარამარა იცვლის მამაკაცს და ყოველ ახალ პარტნიორთან ამტკიცებს, შენ ჩემთვის პირველი ხარო.
_ ძალიან უნიჭო შედარება მოიყვანე, მინდა გითხრა.
_ შეიძლება. სამაგიეროდ, შენ ხარ ნიჭიერი.
_ რაში?
_ «ერთადერთისა და განუმეორებლის» თქმაში. ძვირფასად გამოგდის, ბუნებრივად.
_ მოდი, დავივიწყოთ ეს ამბავი, თითქოს არც ყოფილა, არ შეგიძლია?
_ მე რომ მსგავსი რამ ჩამედინა, შეძლებდი პატიებას? მით უმეტეს, დავიწყებას?
დაკვირვებით შემომხედა.
_ შენ ქალი ხარ, ხომ არ გავიწყდება?
_ მერე რა, რომ ქალი ვარ!
_ მსგავს შემთხვევაში შენს საქციელს სხვა სახელი დაერქმეოდა, _ განმიმარტა.
_ ბოზობა, არა?
_ სწორად მიხვდი.
_ შენს შემთხვევაში რა სახელი ჰქვია, არ დამიმალო, _ ვერაგულად მოვჭუტე თვალები.
_ კაცს ასეთი რამ ეპატიება. ერთჯერადი გატაცებები მოსულა. როგორ აგიხსნა, ეს ერთგვარი განტვირთვაა ჩვენთვის.
როგორ მძულდა იმ მომენტში! რა თავხედურად ამბობდა ამ სიტყვებს!
_ მამაკაცი ვერ იტანს ერთფეროვნებას, შენც ხომ კარგად იცი. იგი მუდამ ძიების პროცესშია.
_ რას ეძებს? _ ამრეზით ავხედე. ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის.
_ თავგადასავალს. აი, შენ ხომ ამბობ, რომ წლობით შეგიძლია იჯდე და მხოლოდ ჩემზე იფიქრო, ჩემი ცხოვრებით იცხოვრო და სხვა არავინ ამქვეყნად არ გაგახსენდეს? კაცისთვის ეს მომაბეზრებელია. ძალაუნებურად გჭირდება რაღაც სხვა, ახალი, ჯერარგანცდილი ან ხელახლა განსაცდელი. რა ვიცი, რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენ არ მიყვარხარ. ის ერთი ღამით იყო, შენ _ მთელი ცხოვრებით.
_ ღმერთო ჩემო! შენ ერთი რამ არ გესმის, კოკა! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, «ერთი ღამის ქალი» შეიძლება «მთელი ცხოვრების ქალის» ლოგინში ჩააწვინო? ხომ არსებობს რაღაც, რაც არ უნდა გაისვაროს, რაც ხელშეუხებელი რჩება, როგორც ყველაზე სუფთა და ყველაზე წმინდა? ხომ არ შეიძლება ერთი და იმავე სიტყვებით მიეფერო «ერთჯერადსაც» და «მრავალჯერადსაც»? სიყვარული ხომ პოლიტიკა არ არის, სიბინძურესა და სიყალბეზე ააგო ურთიერთობა და ტყუილებით ეცადო მის შენარჩუნებას?
_ მე შენ არ გატყუებ და ჩემი შენდამი დამოკიდებულება შორსაა სიბინძურისგან. ეს იცოდე!
_ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, შენზეა ნათქვამი.
_ ისევ შენსას იწყებ, არა?
_ მე ვიწყებ? პირიქით, შენს დაწყებულს ვაგრძელებ. შენ კი იმის აღიარებაც არ გინდა, რომ დააშავე.
_ ხომ გთხოვე, მაპატიე-მეთქი, მეტი რა გავაკეთო? დაგიჩოქო? ვიტირო? ხვეწნით ყელი გამოვიღადრო? მითხარი, რა უნდა ვქნა! შენ ხომ იცი, მე სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი აღიარება და მონანიება ამ ფორმისაა მხოლოდ.
_ შენ კუზიანი ხარ, _ ვთქვი უცებ.
_ რა ვარ? _ ვერ მიხვდა.
_ კუზიანი, რომელსაც სამარეც ვერ გაასწორებს.
_ დიდი მადლობა, _ ნაწყენი დარჩა.
_ არაფრის. აზრი არა აქვს ჩვენს ამ საუბარს. მე დავამთავრე ყველაფერი. დღეიდან ქარივით თავისუფალი ვარ და სულ სხვა ცხოვრებას ვიწყებ.
_ რას აპირებ, სხვას გაიჩენ?
_ რატომაც არა! ჭკუა დამიშლის თუ გონება? პირველია ძნელი, თორემ მერე მიდის რიხინ-რიხინით, _ რაც შეიძლებოდა, ვთამაშობდი მის ნერვებზე, _ ეგ თუ არ გამომივიდა, ავდგები და გავთხოვდები.
_ ასე ადვილად ვერ გათხოვდები.
_ რატომ ვითომ? აკი მეუბნებოდი, «პაკლონიკების» მთელი არმია გყავსო?
_ იმიტომ, რომ შენ სხვას ვერ შეიყვარებ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
გაგრძელება იქნება