26 ოქტომბერს საქართველოში არჩვნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფატებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
რამდენიმე დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ ცნობილი და წარმატებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებდა. ხატიას პირად გვერდზეც ხშირად მოუწოდებდნენ, რომ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. პიანისტმა კადრები აქციიდან 2 დეკემბერს გამოაქვეყნა: „ქართველი ახალგაზრდობა - მომავალი თქვენია“, - დაწერა მან.
„როგორ ველოდი თქვენგან ამ სიტყვებს! დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის და მაგალითისთვის, ჩვენია ნამდვილად მომავალი“, „აი, რატომ უყვარხარ ქართველ ახალგაზრდობას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ გენიოსი ხარ“, - წაიკითხავთ კომენტარებში. ხატიას პოსტს მისი უცხოელი გულშემატკივრების მხარდაჭერაც მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, წერდნენ იმასაც, ხატიას კომენტარი დაგვიანებულია და მან საკუთარი აზრის დაფიქსირება მხოლოდ სხვების მოწოდების შემდეგ გადაწყვიტა.
ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა 6 წლიდან დაიწყო. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
11-15 წლის ასაკში, ბუნიათიშვილმა შეწყვიტა სწავლება თბილისის მუსიკალურ ათწლედში და ინტენსიური მასტერკლასები გაიარა უნგრული წარმოშობის ფრანგ პედაგოგთან და პიანისტთან, მაესტრო მიშელ სონისთან ავსტრიაში, „ვილა შინდლერში“, სადაც ეუფლებოდა სონის საფორტეპიანო ინოვაციურ მეთოდოლოგიას.
ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“ - იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ - კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, „Musical Olympus International Festival“, სანქტ-პეტერბურგი და სხვა.
ხატია ასრულებდა სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად (UBS ვერბიე ფესტივალის, ისრაელისა და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიული, არტურ რუბინსტეინის ფილარმონიული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრები).
ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორის მნიშვნელოვანია: პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია და სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის“, 2005, თბილისი); არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: „შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ და „მსმენელის სიმპატია“, 2008, თელ-ავივი).
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. თენგიზ ამირეჯიბი). ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია (პროფ. ოლეგ მაიზენბერგი).