ვანიკო თარხნიშვილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2010 წლის 1 თებერვლიდან იყოს მსოფლიოში შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგის, „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი. აგრეთვე ცნობილია ქართული კომედიური ჟანრის სერიალიდან „ჩვენი ოფისი“, სადაც ის „ლაშას“ როლს ასრულებდა. თამაშობდა მუსიკოს „ირაკლი ხურცილავას“ როლს რუსთავი 2-ის პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. არის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.
პირადი ცხოვრება
ვანიკოს და მის მეუღლეს - სოფო გელავას, ორი შვილი ჰყავთ.
"ჩემი ცხოვრება ისედაც საჯაროა და, ხომ შეიძლება, მინდოდეს, რომ, რაღაცები, რაც ძალიან პირადულია, ჩემთვის დავიტოვო?! ეს მხოლოდ და მხოლოდ მოფრთხილების, საყვარელ ადამიანზე მზრუნველობის გამო ხდება, სხვა მიზეზი არ არსებობს. ამიტომაც, პრესასთან ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა. " - ამბობდა ვანიკო.
პოპულარობასთან ერთად, სულ უფრო იმატებს ინტერესი მისი ცხოვრებისადმი, რაზეც ღიად მის ოჯახში საუბარი არ უყვართ.
თუმცა, ვანიკოს დედა, ქალბატონი ქეთევან სიხარულიძე რამდენიმე წლის წინ ურნალ „თბილისელებს“ ოჯახურ ბედნიერებასა და საზოგადოებისთვის უცნობ, სხვა თემებზეც ესაუბრა:
"ვანიკოს პროფესიას თავიდან არასერიოზულადაც კი ვუყურებდით ოჯახში. მაგრამ, ვფიქრობ, დრომ ამ არჩევნის სისწორე ნამდვილად გვიჩვენა. ყველაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა უფროს ძმას, იურისტს. ეუბნებოდა, შენი შვილები რომ საჭმელს მოგთხოვენ, სცენაზე მონიჭებულ გვირგვინს ხომ არ დაანახვებო. მსახიობი არავინ გვყოლია. ფაქტობრივად, ვანოა პირველი ამ მხრივ, ჩვენს ოჯახში და სანათესაოში. ოჯახში არსებული პროფესიებიდან ყველაზე რთული ვანიკოს სფეროა და ამაში, ალბათ, დანარჩენებიც დამეთანხმებიან. ერთხელ, მონოსპექტაკლი წაიღო ქეთი დოლიძემ ედინბურგში. გვერდით დაიყენა ვანო, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ჯგუფში, მისი შვილი თორნიკე ბზიავაც იყო. ვანო ასრულებდა შვილის სულის როლს. ეს როლი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან უსიტყვოდ, პლასტიკით უნდა გამოეხატა ყველაფერი. ვანიკო ამბობდა ხოლმე, ერთი დაღმუილება ყველაფერს მერჩიაო. ძალიან ეფექტური სპექტაკლი გამოდგა. ლონდონის თეატრშიც გაიტანეს და ასე აღმოჩნდა ვანიკო დიდ სცენაზე."