_ ცდები! სიყვარული არ ყოფილა მთავარი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. ამაში უკვე დავრწმუნდი. ვინ იცის, იქნებ უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი უფრო მყარი გამოდგეს, ვიდრე სამი წლის ნალოლიავები სიყვარული, რომელიც ერთი კარის ჩაკეტვამ ხუხულასავით დამანგრია თავზე. ვცდი. ცდა ბედის მონახევრეა. მე მგონი, ჯერ კიდევ ვარ ფორმაში. იმედია, ჩემი «არმიიდან» ერთი მაინც გამოჩნდება მსურველი, ცოლად შემირთოს. თუ არ გამიმართლა, ჩემი რა მიდის, უკან წამოვალ. ნაქმარევი ისედაც ვარ. ახლა არც ქმრიანი მქვია, არც ნაქმარევი და არც უქმრო. რაღაც «უსახელო» მდგომარეობაში ვარ.
_ გინდა სამაგიერო გადამიხადო, არა? _ საყვედური გამოეხატა სახეზე.
_ არა, არ მინდა.
_ აბა რა გინდა?
_ კარგად ვიყო, ის მინდა.
_ მე როგორ ვიქნები, იმაზე არ ფიქრობ?
_ შენ ფიქრობდი მაგაზე ეს დღეები?
_ შენ რა იცი, რომ არ ვფიქრობდი!
_ და სამი დღე მოუნდი გადაწყვეტილების მიღებას, შემხვედროდი თუ არ შემხვედროდი?
_ არა, უბრალოდ, ვერ მოვიცალე. უცხოელები არიან ქარხანაში და…
_ მაშინაც ფიქრობდი, შუაღამისას მარტო რომ გამომიშვი სახლიდან და არ გამომაცილე?
_ მაგდა, შენ ხომ იცი…
_ არაფერი არ ვიცი და არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრა. მე შენთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი ვიყავი. ყოველთვის დანართად მოვდევდი შენს საქმეებს. მომბეზრდა. ყელში ამომივიდა ეგ ყველაფერი. არ მინდა ასეთი ცხოვრება. მე კარგი ცხოვრება მინდა, _ დავამთავრე ჩემი მონოლოგი, მანქანის კარი გამოვაღე და გადმოვედი. ქუჩა გადავჭერი, ტაქსი გავაჩერე, ძალად გაღიმებულმა ხელი დავუქნიე კოკას და… ჩემი გზით წავედი.
7 7 7
იქ დავამთავრე ყველაფერი. არაფრის შეცვლა არ მიცდია. კოკამ ერთი-ორჯერ კიდევ სცადა ჩემთან შერიგება, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურდა, შეუვალი ვიყავი. სურვილი აღარ შემრჩა ყველაფრის ხელახლა დაწყების. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვიყავი აქამდე დაბრმავებული, როგორ მიყვარდა ასეთი მამაკაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში.
სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი, ჩვეული რიტმიდან ამოვვარდი. ძალიან ემოციური ვარ, რასაც განვიცდი, ეგრევე სახეზე მაწერია. ჩემი ცვლილება არც პაციენტებს გამორჩენიათ. ისინიც შეწუხდნენ ჩემი ტანჯული სახის დანახვაზე. ახლა ისინი მიცხადებდნენ თანაგრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ექიმის წუხილის მიზეზი არ იცოდნენ, მამხნევებდნენ, ნუ გეშინიათ, მაგდა ექიმო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მე კი… მე კი გამუდმებით კოკასთან გატარებულ დღეებზე ვფიქრობდი, ვიგონებდი ყველა წუთს, ყველა წამს. გამიჭირდა და მერე როგორ!
7 7 7
მაისი იდგა. ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმში ჩადგა. ნელ-ნელა შევეგუე დაშორებას, თუმცა მაინც ვფიქრობდი მასზე. კოკა არ მასვენებდა. თითქმის ყოველ დღე მირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა. ჯიუტად უარს ვეუბნებოდი. მიხაროდა, რომ შემეძლო უარის თქმა, მიხაროდა, რომ მეხვეწებოდა. ნახოს, როგორია ღალატი, შეურაცხყოფა, დამცირება. რაც მეტად მეხვეწებოდა, მით უფრო პატარავდებოდა ჩემს თვალში, უფრო ნაკლებად მაღელვებდა მასთან განშორება…
ერთ საღამოს, სამსახურიდან გამოსული, «პლეხანოვს» ფეხით დავუყევი. კრისტისთან უნდა გამევლო, ჩემს დაქალთან, რათა მასთან ჭორაობით კიდევ ერთხელ მომეოხებინა გული. იგი კოკას ოჯახს კარგად იცნობს. მისგან ბევრ საჭირო ინფორმაციას ვიღებ. კრისტის და კოკას დას საერთო მეგობარი ჰყავთ და ასე, «მოჯადოებულ» წრეზე მიდის ამბების გაცვლა-გამოცვლა. ისედაც მიყვარს გაზაფხულზე ამ გზაზე გავლა. იქ, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წინ, მაგნოლიები მეგულებოდა, მინდოდა მათი სურნელი შემეყნოსა. მიყვარს ეს ყვავილი, ყველა სხვა ყვავილს მირჩევნია, ბავშვობას მახსენებს, თუმცა ხელში არასდროს მჭერია. ეს კი ჩემი ოცნებაა. ოღონდ მის პრიალა კანს შევეხო და არაფერი მინდა…
პირველ ხეს მივუახლოვდი. მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ერთი ყვავილი ყველაზე დაბალ ტოტს ესხა, თუ ძალიან მოვინდომებდი, მივწვდებოდი კიდეც. გამიხარდა. ახლოს მივედი და ფეხის წვერებზე ავიწიე, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ძალიან დაბალი გამოვდექი. კარგა ხანს ვწვალობდი, იქვე მოგრძო ჯოხიც გამოვნახე, იქნებ ამით მაინც შევძლო ტოტის ჩამოწევა-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ამ ჯაფაში ვიყავი, რომ მოულოდნელად მომესმა.
_ ხომ არ მოგეხმაროთ? _ ხმას არა უშავდა. მოვტრიალდი.
ჩემ უკან მაღალი, ათლეტური აღნაგობის ორმოციოდე წლის მამაკაცი იდგა, ოდნავ მკაცრი გამოხედვით, შავგვრემანი და ლურჯთვალება. სწორედ ისეთი, ოცნების მამაკაცს რომ ეძახიან.
_ თუ არ შეწუხდებით, _ ვუთხარი და გავწითლდი.
_ რა შეწუხებაა, ახლავე, _ თქვა და ყვავილისკენ ხელი გაიწვდინა… ადვილად მიწვდა.
ცოტაც და… დამათრობელი სურნელის მქონე ყვავილი უცნობმა ხელისგულზე დაიდო, ღერო თითებშუა მოიქცია და დააცქერდა.
_ თეთრი მთვარე, _ თქვა და გამიღიმა.
არ ვიცი, რა იგულისხმა თეთრ მთვარეში _ მაგნოლიის ფერი თუ ჩემი კანის სითეთრე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ღიმილმა საოცრად შეცვალა მისი სახე და მივხვდი, ეს მისი სავიზიტო ბარათი იყო. ასეთი ღიმილით ადვილად დაატყვევებ ქალს.
_ გმადლობთ. იცით, მაგნოლია ბავშვობაში მაბრუნებს, _ რატომღაც ლაპარაკის საღერღელი ამეშალა, _ ბებიასთან ჩავდიოდი ხოლმე სოფელში სტუმრად. ჩვენს ეზოში იდგა, უზარმაზარი ხე იყო, ხელებს ვერ შემოაწვდენდი. მე კი ისე მინდოდა მის ყვავილს შევხებოდი… არავინ იწუხებდა თავს ჩემი გულისთვის, ერთხელაც არ მომიწყვიტეს. ეს ოცნება დღემდე მომყვა, _ დავამთავრე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
_ გინდათ მითხრათ, რომ ეს ოცნება მე აგისრულეთ? _ უცნობი ყვავილს მაცდუნებლად ატრიალებდა ხელში, თან თვალს არ მაშორებდა. მთელი სახე «მოიარა» მზერით.
_ ასე გამოვიდა, _ ისევ გავწითლდი.
_ ვიტყოდი, რომ ეს დიდი პატივია ჩემთვის. თქვენს სამსახურში მიგულეთ მუდამ, _ თქვა და «მოხეტიალე» მზერა ჩემს მკერდზე გადაიტანა.
ჟრუანტელმა დამიარა. გაგჩენიათ ოდესმე სურვილი, მოფერებოდით სრულიად უცხო ადამიანს? მე გამიჩნდა და იმდენად დიდი იყო ეს სურვილი, გულმა უსიტყვოდ თქვა: «მინდა», იგივე გაიმეორა თვალებმაც, რომელსაც ვერასდროს ვერაფერს ვუხერხებ. ეს ალბათ არც მას დარჩენია შეუმჩნეველი, რადგან თქვა.
_ თქვენთან შეხვედრაზე არ ვიტყოდი უარს. ვიცი, რომ ძალიან ბანალურად ჟღერს, ამ მეთოდებით არასდროს ვსარგებლობ, როცა ლამაზი ქალის გაცნობა მინდა, მაგრამ ხანდახან გამონაკლისიც ხდება. ასე არ არის?
_ დიახ, ასეა, _ ჩავილუღლუღე ერთიანად გაბრუებულმა და თვალები დავხარე.
_ რას იტყვით, კარგი იდეაა?
_ რა ვიცი, შეიძლება.
_ ანუ მეთანხმებით?
არც «ჰო» ვთქვი, არც «არა». დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი, მაგრამ ამის აღიარების შემრცხვა.
_ კარგი, მაშინ მითხარით, სად და როდის, ნუღარ გადავდებთ.
მხრები ავიჩეჩე, დავთანხმდე? რა ვიცი, ვინ არის?
_ გადაწყვიტეთ, ქალი თქვენ ხართ და თქვენ უნდა აირჩიოთ, _ კვლავ დამაჯახა უცნობმა მომაჯადოებელი ღიმილი.
_ ზეგ, შვიდ საათზე, ოპერასთან, _ ჩემდა უნებურად აღმომხდა.
_ ეგრე იყოს, შვიდ საათზე ოპერასთან დაგელოდებით. ეს თქვენ, _ ყვავილი გამომიწოდა, დამემშვიდობა და გზას გაუდგა.
გავოგნდი. ასეთი არც არაფერი მინახავს და არც არაფერი გამიგონია. არც სახელი უკითხავს, არც გვარი, არც თვითონ გამომეცნაურა. რა იყო ეს? გული უცნაურად მიცემდა. კარგა ხანს ვიდექი ასე და შევყურებდი მიმავალს. ერთხელაც არ მოუხედავს უკან, ისე შეერია ტროტუარზე მოსიარულე ხალხის ნაკადს.
მაგნოლია დავყნოსე. საოცარმა სურნელმა და უცნაურმა შეხვედრამ რაღაც იდუმალ ხასიათზე დამაყენა. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი კრისტისთან.
_ რა გჭირს, რა სახე გაქვს? _ გაკვირვებით მკითხა სტუდენტობის მეგობარმა. ჩვენ ერთ კურსზე ვსწავლობდით, ოღონდ სხვადასხვა ფაკულტეტზე. კრისტი სტომატოლოგია.
_ ისეთი არაფერი, სამსახურიდან მოვდივარ, _ ორაზროვნად გავიღიმე.
_ რაღაცას მიმალავ. ვა, მაგნოლია? ვინ გაჩუქა? ვინ მოისხა შენი მადლი, ოხერო! _ გადაიკისკისა კრისტიმ, იმანაც იცოდა ჩემი და მაგნოლიის «საოცნებო» ამბავი.
_ არ ვიცი, ვინ არის, ვიღაც სრულიად უცხო მამაკაცმა, _ ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი, კმაყოფილების ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
_ რაღაც უცნაურად გიბრწყინავს თვალები. ჩქარა მომიყევი, რა მოხდა, სული ნუ ამომხადე, _ თავის ოთახში შემიძღვა დაქალი და ლოგინზე წამოვკოტრიალდით, როგორც ყოველთვის.
_ ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი, აზრზე არა ვარ, _ გავიმეორე და დაწვრილებით მოვუყევი, რაც მოხდა.
_ უნდა შეხვდე? _ ცნობისმოყვარედ მკითხა.
_ შენ რას მირჩევ?
_ რას აგებ, შეხვდი, ერთი შეხვედრით რა დაშავდება, რა იცი რა ხდება. თუ წესიერი კაცია, შენნაირ ქალზე უარს ვერ იტყვის. მთავარია, ცოლიანი არ იყოს. მე ვიკითხო თორემ, შენ კაცის შოვნა არ გაგიჭირდება.
_ ოჰ, შენ კი გაგიჭირდება, ხომ იცი, _ ჩემებურად გამოვაჯავრე დაქალი და საწოლზე გულაღმა გავიშოტე.
კრისტის ძალიან ლამაზი სახე აქვს, ულამაზესი უძირო თვალებით სოფი ლორენს ჩამოჰგავს, მაგრამ მსუქანია, ზედმეტ წონას ვერაფერი მოუხერხა, სულ დიეტაზეა.
_ გამიჭირდა და ეგ არის. მეც შენნაირი დღე მქონდა გუშინ.
_ რა მოხდა? _ თავი წამოვწიე და ცნობისმოყვარედ მივაჩერდი.
_ ერთი მაგარი პაციენტი მოვიდა, რა კაცი იყო, რომ იცოდე, დაცემა! უკანა კბილი «დავუპლომბე». იმისთანა ვინმე იყო, კინაღამ კბილები დავუკოცნე.
სიცილი ამიტყდა.
_ მერე?
_ რა მერე, ქადაგად დავვარდი, ვიცოდი თუ არ ვიცოდი, ყველაფერზე ვლაპარაკობდი, ოღონდ დავახლოვებოდი. ისეთი ბჟენი გავუკეთე, გადაირია კაცი, აწი სულ შენთან ვივლიო.
_ მოგწყობია საქმე და ეგ არის.
_ მაგის ბედი მე ვინ მომცა. ის იყო, საქმე დავამთავრე, რომ ერთი ჩემზე უარესი ფაშფაშა დედაკაცი შემოვიდა კაბინეტში, თენგიზ, ამდენ ხანს რას აკეთებ, ლოდინით დავიღალეო. თურმე ცოლი ელოდებოდა მანქანაში.
ამის გაგონებაზე კინაღამ ჩავბჟირდი.
_ აი, ასე დამთავრდა ჩემი მცდელობა. რა ვქნა, რაც არის, არის. მე ხომ არაფერში ბედი არა მაქვს, _ ხელი ჩაიქნია კრისტიმ.
კიდევ დიდხანს ვიქაქანეთ. გვიან, სადღაც ათ საათზე დავემშვიდობე მეგობარს და ტაქსით გავვარდი სახლში.
გაგრძელება იქნება