მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა, მათ შორისაა ლიკა ევგენიძე:
"იმ დროს, როდესაც თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, გადამწყვეტია სიფხიზლის შენარჩუნება და აქტიურად ჩართვა პროცესში. სულიერებაში ღრმად ჩაძირული ადამიანებისთვისაც კი - სულიერება გაქცევად არ უნდა გადაიქცეს. სულიერებაში ყოფნა, ბევრ რამეს გვასწავლის, მათ შორის თანაგრძნობას, რაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და მათთან ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. დუმილი და უმოქმედობა ბნელ ძალებს აყვავების საშუალებას აძლევს. ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში, იმისთვის, რომ თავისუფლების შუქი ყველასთვის ანათებს და მხოლოდ ჩვენს გულებში არ დარჩეს" - წერს ლიკა ევგენიძე.
ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.
ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.
"ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ", - ამბობდა ლიკა ევგენიძე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან.