პაემანიც მოახლოვდა. იმ დღეს საგანგებოდ გამოვიპრანჭე. გული უცნაურად მიცემდა, მიხაროდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვყოყმანობდი კიდეც. სად მივდიოდი, ვისთან, რატომ, ამის ახსნა არ შემეძლო. რას იფიქრებდა ის კაცი? თითქოს რაღაც უკან მეწეოდა, მაგრამ გული გონებას არ ემორჩილებოდა. მინდოდა და მორჩა! სამსახურში აღტაცების შეძახილები დილიდან ბევრჯერ მოვისმინე. შოთაც კი აღფრთოვანდა ჩემს დანახვაზე, ჩვენი კლინიკის დირექტორი, კომპლიმენტებში სიტყვაძუნწი შოთა. მას ქალები არ აინტერესებს. ჰყავს შინ ერთი «სტერვა» და მის იქით სხვა არავინ არსებობს. მგონი ცხოვრებაში არ გაუხედავს სხვა ქალისკენ. მაკამ კეთილი შურით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ხოლო ნინომ ეგრევე «იყნოსა» _ შენ ნამდვილად პაემანზე მიდიხარო. ეს არ დამიმალავს, მაგრამ უცხო ადამიანს რომ ვხვდებოდი, არ ვთქვი. რას იფიქრებენ _ საყვარელმა «დაადო» და ახლა მისთვის სულერთია, შემდეგი ვინ იქნებაო?
დღე თითქოს გაიწელა. მოსაღამოვდა. რაც უფრო ახლოვდებოდა შეხვედრის დრო, მით უფრო ვღელავდი. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ექვსზე ერთი აღელვებული პაციენტი მოვიდა. რა უნდა მექნა? უარს ვერ ვეტყოდი, ვერც «გავახალტურებდი» სეანსს _ ასეთი რამეები არ მჩვევია. ზუსტად ერთი საათი ვისაუბრეთ, ძლივს დავამშვიდე და ისე გავუშვი სახლში, წამლებიც გამოვუწერე.
კისრისტეხით გამოვვარდი სამსახურიდან. დამაგვინდა! დამელოდება თუ არა? ტაქსი გავაჩერე და ოპერისკენ გავქანდი… რამდენ ფულს ვხარჯავ ამ ტაქსებში?!
მთელი ოცი წუთი დამაგვიანდა. მანქანა გავაჩერე და მიწისქვეშა გასასვლელში გავძვერი. ნელი ნაბიჯებით ავუყევი კიბის საფეხურებს ოპერის მხარეს… იქ არავინ იდგა. წასულა! იქნებ არც მოსულა? როგორ დამწყდა გული. როგორ ვერ მოვასწარი. ნეტავ იყო მოსული? ტყუილად ხომ არ ვნერვიულობ? იქნებ არც გაახსენდა, რომ უნდა შემხვედროდა? ხომ შეიძლებოდა გადაეფიქრა. ცოტა ხანს ვიდექი გაჩერებაზე. არავინ გამოჩენილა, თვალებს უაზროდ ვაცეცებდი აქეთ-იქით. ბოლო იმედი საბოლოოდ გადამეწურა და პირველსავე ავტობუსში ავედი. ყვითელი იკარუსი დაიძრა თუ არა… თვალი მოვკარი, როგორ გამოვიდა ოპერის სკვერიდან. ის იყო! კინაღამ ვიკივლე. გააჩერეთ-მეთქი, ვთხოვე მძღოლს, მაგრამ ვინ დამიგდო ყური. აქ გაჩერების უფლება არა მაქვს, «ფანტანთან» გავაჩერებო, ძალზე საქმიანად მომიგო ჰალსტუხიანმა «ბიძამ» და ნერვიც არ შეტოკებია ჩემს სასოწარკვეთილ ხმაზე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ოღონდ ცოტა ხანს არ წავიდეს, ოღონდ დამელოდოს. გააჩერა თუ არა, პირველი ჩამოვხტი ავტობუსიდან და სირბილით დავუყევი რუსთაველს. რას გავრბოდი! ნებისმიერ სპორტსმენს შეშურდებოდა. ქოშინი ამიტყდა, მაგრამ ტემპი არ შემინელებია. ოფლში გავიხვითქე. ოპერასთან მიახლოებული შევჩერდი და ჩქარი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა, თან წინ ვიყურებოდი, იქნებ სადმე დავინახო-მეთქი. ქუჩა გადავჭერი. სახეაჭარხლებულმა კიდევ უფრო შევანელე სვლა. ისევ გაჩერებაზე მივედი… არავინაც არ იყო. ამაოდ. უქმად ჩაიარა ჩემმა ძალისხმევამ. რა მიმარბენინებდა, რა შტერი ვარ, ცოტაც ვერ მოვიცადე? ვტუქსავდი საკუთარ თავს. საათს დავხედე. უკვე რვა ხდებოდა. სანამ დამელოდებოდა? ვინ იცის, ალბათ იმანაც ჩემსავით იფიქრა, საერთოდ არ მოვიდაო. რატომ ხდება ასე? მე ხომ ძალიან მინდოდა მისი ნახვა? აქამდე სულ მეგონა, რომ ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ცხოვრებამ განგებ გამომიგზავნა მისი თავი. თურმე ვცდებოდი.
* * *
არც ამჯერად გამიღიმა ბედმა. რა ვქნა, უნდა შევეგუო. ისე, სიყვარულში არც არასდროს მიმართლებდა. პირველად რომ შემიყვარდა, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. დედაჩემმა გამოძებნა ლექტორი, ქალბატონი ლიანა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა. გამოცდების დაწყებამდე ის მიტარებდა კონსულტაციებს ფიზიკაში. იქ მისვლა, სიმართლე გითხრათ, ძალიან მსიამოვნებდა. არა იმიტომ, რომ ფიზიკა მიყვარდა და საგნის სიყვარული მეწეოდა მისკენ. არამედ იმიტომ, რომ იქ «ის» ცხოვრობდა _ პროფესორ ლიანას ერთადერთი ვაჟი ლუკა _ დედის სიამაყე და საფიცარი. ლიანას მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა, გამუდმებით საკუთარ «გენიოს» შვილზე ლაპარაკობდა. მან ინგლისში მიიღო სწავლა-განათლება და ახლა წუთი წუთზე ელოდებოდა დედამისი, როდის ჩამოვიდოდა საქართველოში. ლიანა ქმარს გახლდათ გაცილებული და ვაჟთან ერთად მარტო ცხოვრობდა.
გარდა ამისა, ქალბატონი ლიანა შეჰპირდა დედას, მაგდას მოწყობაში დაგეხმარები, კომისიაში ჩემი ახლობლები არიან და საქმეს ადვილად მოვაგვარებო. მას პირველი შეხვედრისთანავე მოვეწონე, საზრიანი გოგო ჩანსო. ისეთი მუშტრის თვალით მიყურებდა, თითქოს გასაყიდი საქონელი ვყოფილიყავი. მივხვდი, საითაც უმიზნებდა _ სარძლოდ შემიგულა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოვეწყობოდი. ასე რომ, გამოცდებზე დახმარება პირველ რიგში მის ინტერესებში შედიოდა.
გულდასმით ვემზადებოდი კარს მომდგარი გამოცდებისთვის, წიგნებს «თავს ვახლიდი». მართლა ძალიან მინდოდა, პირველსავე წელს ჩავრიცხულიყავი, ამიტომ არ ვზარმაცობდი, არც საკუთარ თავს ვატყუებდი და არც ჩემს მშობლებს, მონდომება ნამდვილად არ მაკლდა.
ერთ საღამოსაც, მორიგ მეცადინეობაზე წავედი. ჩემი რეპეტიტორის სახლს რომ მივუახლოვდი, ჩვეულებისამებრ, მაღლა ავიხედე, ლიანას ფანჯრებისკენ და… ვიღაცის დაჟინებულ მზერას წავაწყდი. ის «ვიღაცა» მამაკაცი იყო _ ახალგაზრდა, სიმპათიური, არა, სიმპათიური კი არა, ლამაზი, ხორბლისფერი, დიდრონი შავი თვალებით. ყოველ იქ მისვლაზე მაღლა ახედვა ჩვეულებად მექცა. რა ვქნა, როგორც ყველა კეკლუც გოგოს, მეც მოლოდინში ვიყავი, როდის გამოჩნდებოდა ჩემი «ოცნების იდუმალი პრინცი», რომელიც სწორედ იქ, მეორე სართულზე მეგულებოდა და რომელიც თვალითაც არ მენახა არასდროს.
ჩამოსულა! გამიელვა გონებაში და აჭარხლებულმა თავი მორცხვად დავხარე, ნაბიჯს ავუჩქარე. ვგრძნობდი, რომ ისევ მიყურებდა, ამიტომ ფეხი ამერია და კინაღამ წავიქეცი, კონსპექტები ძირს დამიცვივდა. რა ჯანდაბა მემართება! დავტუქსე საკუთარი თავი და მექანიკურად კვლავ ზევით ავიხედე. გული გამალებით მიცემდა, თუმცა იქ უკვე არავინ იყო. მგონი მეწყინა. ვაითუ არ მოვეწონე? ყველას მოვწონვარ და ეგ ვიღაა? დავიჯერო, განსხვავებული გემოვნება აქვს? ჩემს დანახვაზე კაცები ჭკუას კარგავენ, ასეთი ჩამოსხმული ტან-ფეხის და ასეთი დახვეწილი ნაკვთების მქონე გოგო ჯერ არ გვინახავსო. მაგის დასაწუნი გავხდი? მეეჭვება, ასე იყოს. ალბათ ახლახან ჩამოვიდა და დაღლილია, დავიმშვიდე თავი, ავკრიფე ჩემი კონსპექტები და სადარბაზოში შევედი. რა მანერვიულებდა? ვიცოდი, რაც. ლუკა უნდა გამეცნო და ვგრძნობდი, ამ გაცნობას რაც მოჰყვებოდა. ინტუიცია მკარნახობდა, რომ მისი შეყვარებოდა არ ამცდებოდა.
ხვეული კიბით მეორე სართულს ავუყევი. ზარი დავრეკე, ხელები მიკანკალებდა. კარი ისე უცებ გაიღო, თითქოს მის უკან ვიღაც იყო ჩასაფრებული და ჩემს თითის მიჭერასღა ელოდებოდაო. ის იყო _ მაღალი, გარუჯული, გრუზათმიანი ლუკა, რომელსაც «წუნს ვერ დაუდებდი», იმდენად კარგი ვინმე ჩანდა.
გაღიმებულმა მამაკაცმა საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა და თქვა.
_ მაგდა, არა? ხომ სწორად მივხვდი?
_ დიახ… გამარჯობა, _ უფრო გავწითლდი.
_ მე ლუკა ვარ, დაუსწრებლად გიცნობ. დედამ მიამბო შენ შესახებ, _ ისე შინაურულად მომმართა, თითქოს ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, _ შემოდი, ნუ გერიდება.
თავი უხერხულად ვიგრძენი. დავიძაბე. ლუკამ წინ გამატარა. ვგრძნობდი მის მზერას, ზურგი ამეწვა. ჩემდა უნებურად მოვტრიალდი და ახალგაცნობილს «დანაშაულზე» წავასწარი _ იგი ჩემს ფეხებს ათვალიერებდა.
_ დედა კაბინეტშია, გელოდება, _ თვითონაც უხერხულად იგრძნო თავი, შეიშმუშნა.
_ გმადლობთ, _ მორცხვად ვუპასუხე და კაბინეტისკენ გავემართე.
ლიანამ სათვალის ზემოდან გამომხედა და ჩემს დანახვაზე ხმამაღალი ქოთქოთი დაიწყო.
_ ო-ო-ო! ჩვენი მზეთუნახავი მოსულა, ჭკვიანი მზეთუნახავი. როგორ ხარ, გოგონი? _ თბილად გამიღიმა და სათვალე მოიხსნა.
_ გმადლობთ, არა მიშავს, თავად როგორ ბრძანდებით?
_ ახლა რა მიჭირს, ჩემი ლუკა ჩამოვიდა, ჩემი სიამაყე, ენაცვალოს დედა. ნახე ხომ? გაიცანით ერთმანეთი?
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ ხომ კარგი ბიჭი მყავს?
_ დიახ…
_ როგორც იქნა, დაამთავრა. ახლა მუშაობასაც დაიწყებს და… ისეთი პრაქტიკა აქვს გავლილი, საუკეთესო ქირურგი დადგება. შენც უნდა ისწავლო, ჩემო კარგო, სწავლაზე კარგი არაფერია. მერე შენც იშოვი სამსახურს და შენც გაითქვამ სახელს. ხომ ასეა?
_ რა ვიცი, ვნახოთ, _ ცივი ოფლი მასხამდა მის სიტყვებზე.
ამ დროს ლუკაც შემოვიდა.
_ დედა, ჩემი ბარგი შენ ამოალაგე?
_ აბა ვინ ამოალაგებდა, შვილო, ამოვალაგე და გავამზეურე კიდეც.
_ სპორტულებს ვეძებ.
_ ისიც გარეთააა გაფენილი, აცალე ცოტა ხანს, მზე მოხვდეს, განიავდეს.
_ ო-ო-ოჰ! _ უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა «დედის სიამაყემ» და ოთახიდან გავიდა…
7 7 7
მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, ორ საათს გაგრძელდა. ყურადღება გამეფანტა, ნახევარს ვერ ვიგებდი, რას მიხსნიდა ქალბატონი ლიანა. ჩემი გონება ლუკასთან იყო, ფიქრები მის გარშემო ტრიალებდა. «მოვეწონე თუ არ მოვეწონე? ნეტავ შევუყვარდე. რა ბედნიერი ვიქნები, ამისთანა ოჯახში თუ მოვხვდები. მართალია, დედამისი ცოტა ხმაურიანი ქალია და თავისი შვილის ქება უყვარს, მაგრამ რა უჭირს მერე? ავიტან. ისეთი კარგი რძალი და ცოლი ვიქნები… შესაშური. ოღონდ კი შემიყვაროს». აი ასეთი აზრები უფრო მნიშვნელოვანი იყო ახლა ჩემთვის, ვიდრე ნიუტონის კანონები და ბლეზ პასკალის თეორიები.
_ მაგდა, მგონი არ მისმენ, _ ჩამესმა ქალის ხმა, _ ცუდად ხომ არ ხარ? რაღაც არ მომეწონე, რომ მოხვედი, აფორიაქებული ჩანდი. ხომ ყველაფერი რიგზეა?
_ არა, არა, ყველაფერი კარგადაა, ქალბატონო ლიანა, მაპატიეთ… _ ისე დავიბენი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი _ ხან მუხლებზე დავიწყობდი, ხან კისერზე გადავისვამდი, ხანაც თმაზე.
_ კარგი, დღეს მოვრჩეთ. შენ ალბათ გადაიღალე. თან, როგორც ვატყობ, ნერვიულობ. გამოცდამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ნუ გეშინია, სანერვიულო არაფერია. მე ყველაფერს მოვაგვარებ. შენ წელს აუცილებლად ჩაირიცხები. მთავარია, წერაში არ მიმტყუნო. გასაგებია?
თავი დავუქნიე, კონსპექტები დავკეცე და ფეხზე წამოვხტი. ახლა ოღონდ დროზე გავსულიყავი აქედან და არც ჩაჭრა მანაღვლებდა დიდად და არც ჩარიცხვა. ამწუთას ჩემთვის ორივე სულერთი იყო.
_ მაგდა, დარჩი ცოტა ხანს, ვივახშმოთ, ჩაი დავლიოთ, _ ოთახიდან გასულს ლიანას ხმა დამეწია.
_ არა, ქალბატონო ლიანა, გმადლობთ, უკვე გვიანაა, მეჩქარება, _ ხმააკანკალებულმა ძლივს ვუპასუხე.
გაგრძელება იქნება