_ ძალიან გთხოვ, დეიდა ლიანა დამიძახე, ჩვენ ახლა შინაურები ვართ, _ დამრიგებლური ტონით მითხრა მომავალმა სადედამთილომ და შემოსასვლელამდე გამომაცილა.
_ ლუკა, სადა ხარ, შვილო? _ გასძახა ვაჟს.
_ აქ ვარ, რა იყო? _ სააბაზანოდან გამოყო ლუკამ თავი.
_ ჩააცილე მაგდა, რა, ვინმემ არ შეაშინოს, დაღამდა უკვე.
_ ახლავე, ერთი წუთით დამელოდეთ, სულ ერთი წუთით, _ თქვა მან და თავის ოთახში შევარდა.
_ იყოს, არ მინდა გაცილება. სულ ასეთ დროს არ მივდივარ ხოლმე? ნუ შეწუხდებით, _ დიპლომატიურად «გავაპროტესტე» ოჯახის დიასახლისის თავგამოდება, მაგრამ ვინ მომისმინა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკა სპორტულებში გამოწკეპილი გამოვიდა და გასაცილებლად «მზადყოფნა» გამოაცხადა.
დავემშვიდობე ჩემს რეპეტიტორს და სადარბაზოს ჩაბნელებულ კიბეს ფრთხილად დავუყევი. მოულოდნელად წელზე ლუკას ხელის შეხება ვიგრძენი.
_ ნელა იარე, ფეხი არაფერს წამოკრა, _ ტუჩები ყურთან მომიტანა და ისე ჩამჩურჩულა.
ჟრჟოლამ ამიტანა. თან მესიამოვნა მისი შეხება, თან შემეშინდა, კოცნაც არ დამიპიროს-მეთქი. მსგავსი არაფერი მომხდარა.
გარეთ რომ გამოვედით, ხელი შემიშვა და ნელა დავუყევით ქუჩას. კარგა ხანს ხმას არც ერთი არ ვიღებდით. რაზე უნდა მესაუბრა? წარმოდგენა არ მქონდა.
_ მაგდა, _ ისევ ლუკამ სცადა საუბრის დაწყება.
_ ბატონო.
_ ვიცი, მაგარი გაცვეთილი ფრაზა გამომივა, მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ, არ გეშინია ღამით მარტო სიარულის? შენნაირ გოგოებზე ნადირობენ ბიჭები.
_ არ ვიცი, მე ასეთი ბიჭები არ შემხვედრია, _ გაცვეთილი კი იყო მისი კომპლიმენტი, მაგრამ მაინც მესიამოვნა, როგორც ჩანს, გულგრილი ვერ დარჩა ჩემ მიმართ. ესეც «მოვაჯადოვე».
_ ასეთი ბიჭი ახლა შენ წინაშე დგას, _ თქვა და შეჩერდა.
მეც გავჩერდი და შევხედე. საოცრად დიდრონი თვალები ჰქონდა.
_ შენი არ მეშინია, _ გავუღიმე.
_ რატომ? შენ ხომ არ მიცნობ. რა იცი, ნადირობის როგორი წესები მაქვს? _ თვალები მოჭუტა და ღიმილზე ღიმილით მიპასუხა.
_ გული მიგრძნობს. კეთილი მონადირეებიც ხომ არსებობენ? _ ფლირტაობის აზარტში შევედი.
_ მგლებს რომ მუცლებს ფატრავენ და წითელქუდას რომ გადაარჩენენ, არა? _ ხმამაღლა გაიცინა. სასიამოვნო სიცილი ჰქონდა.
_ თუნდაც, _ დავეთანხმე და გზა გავაგრძელე.
_ შენნაირ გოგოს «პაკლონიკებიც» არ დაელევა. ხომ არ ვცდები?
_ არა, არ ცდები. გმადლობთ, მათ ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი.
_ ალბათ მეგობარიც გეყოლება…
_ კი, ბევრი დაქალი მყავს.
_ არა, დაქალებს არ ვგულისხმობ. ეგ ისედაც გასაგებია. მე მეგობარ მამაკაცზე გეკითხები, _ შემაპარა.
_ არა, არავინ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია.
_ ჰო-ო? _ იჭვნეულად იკითხა და კვლავ შეჩერდა, _ ახლა არ მითხრა, რომ…
_ რა რომ? _ ისევ შევხედე, მინდოდა გამეგო, რას გულისხმობდა.
_ ქალიშვილი ხარ?
იმდენად გამაოგნებელი შეკითხვა იყო, გავფითრდი, თუმცა ღამის სიბნელეში ლუკას ეს არ შეუმჩნევია. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
_ მე ჯერ თვრამეტი წლისაც არა ვარ, იცი? _ რატომღაც თავი ვიმართლე.
_ მერე რა, აი, ინგლისში, მაგალითად, სადაც მე ვსწავლობდი, გოგონებს თხუთმეტი წლის ასაკიდან ჰყავთ ბოიფრენდები.
_ ეს ინგლისი არ არის, ეს საქართველოა, _ ხმა გამიმკაცრდა.
_ და შენი პირველი მამაკაცი შენი ქმარი იქნება, არა? _ ირონიულად მეჩვენა მისი ტონი.
_ ეს სამარცხვინოა? _ ადგილიდან არ ვიძროდი, თან გამანადგურებელ მზერას არ ვაშორებდი გაევროპელებულ «დედის სიამაყეს».
_ არა, რატომ, ნუ მიბრაზდები, შენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ, ვინმე ძალიან რომ შეგიყვარდეს, წინასწარ არ…
_ შენ შეირთავდი ასეთ გოგოს ცოლად?
ჩემმა შეკითხვამ აშკარად დააბნია.
_ გააჩნია, რა შემთხვევაში.
_ რა შემთხვევაში? _ არ მოვასვენე.
_ მთავარია, თუ ვეყვარები…
_ მხოლოდ ეს არის მთავარი? შენამდე თუ ცხრა კაცი ეყოლება გამოცვლილი, არც ეს იქნება «მთავარი»? _ მრისხანედ შევძახე, თავი ვერ შევიკავე.
_ შენისთანა თუ იქნება, არა, _ ლუკამ უკან არ დაიხია და ჯიქურ ჩამაჩერდა თვალებში, _ ახლა გაკოცებ, _ თქვა და მხრებში ჩამჭიდა ხელები.
_ ვერ მაკოცებ, ჩემი კოცნა ასე ადვილი არ არის, _ მისი მკლავებიდან თავის დახსნა ვცადე, რაც ადვილი არ აღმოჩნდა.
_ შენ ჩემი პირველი მამაკაცი ვერ იქნები!
_ ძალიან რომ ვეცადო? _ ლუკას მკლავებმა მხრებიდან წელზე გადაინაცვლა და, ასე ვთქვათ, ხელში მომიგდო. სუნთქვა შემეკრა.
_ გამიშვი! _ ჩურჩულით ვთქვი.
_ არ გაგიშვებ, არ შემიძლია.
_ გამიშვი, გთხოვ, _ უკვე ხვეწნაზე გადავედი და სატირლად გავემზადე.
_ ერთხელ გაკოცებ და გაგიშვებ, კარგი? _ თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა და ზედ ყვრიმალთან ძალიან ნაზად მაკოცა.
ერთი კი შევფართხალდი, მაგრამ სიამოვნებისაგან ისე მოვდუნდი, კვნესა აღმომხდა. მისმა ერთმა ამბორმა მთლიანად «დამშალა».
_ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ… _ ჩურჩულებდა ვნებამორეული და ცხელი ტუჩებით «მოგზაურობდა» ჩემს ყელზე, ღაწვებზე, თვალებზე…
_ არ გინდა, გემუდარები, ვინმე დაგვინახავს, _ ვლუღლუღებდი ჩემთვის და ტუჩებს შეძლებისდაგვარად ვარიდებდი, თუმცა ამის დიდი სურვილი არ მქონია.
_ მერე რა, დაგვინახონ, ცუდს რას ვაკეთებთ? _ მან ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ მომხვია.
ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. როგორც კი ჩემს ბაგეებს შეეხო, თრთოლამ ამიტანა. ვერ აგიწერთ, რა იყო ეს _ სიამოვნების რა სიმაღლის მწვერვალი. არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, ვგრძნობდი მხოლოდ მისი მხურვალე ტუჩების შეხებას. ქუჩა ჩაბნელებული იყო, ხალხიც კანტი-კუნტად დადიოდა, თუმცა ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა. რა კარგი ყოფილა, როცა საყვარელი მამაკაცი გეფერება, რა სასიამოვნო რამ ყოფილა კოცნა… მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. თავს ვერ ვერეოდი. მინდოდა ამ ტკბილი ბურანიდან გამოვსულიყავი, მაგრამ არც მინდოდა. მისი ხშირი სუნთქვა თავგზას მიბნევდა, ხოლო ცალი ხელი მკერდში რომ ჩამიცურა და ძუძუსთავზე შემეხო, ლამის იყო, გული წამივიდა. ღმერთო, რას ვაკეთებ, რა მემართება. ჯერ წესიერად არც ვიცნობ, დღეს პირველად ვნახე და რის უფლებას ვაძლევ? ნორმალური ვარ ახლა მე? თან ამაზე ვფიქრობდი, თან ტუჩებს არ ვაშორებდი მის ტუჩებს.
_ მოდი, იმ ხის ძირში გადავინაცვლოთ, _ მითხრა უცებ და იქვე მდგარი ხისკენ გაიხედა.
ახლა კი მოვეგე გონს. ხელიდან დავუსხლტი, კაბა და გაწეწილი თმა გავისწორე და უკან დავიხიე.
_ საკმარისია, ისედაც ბევრი მოგვივიდა, _ აღელვებულმა წარმოვთქვი და მკერდზე დავიდე ხელი, თითქოს საკუთარი გულის ბაგაბუგის შეჩერებას ვცდილობდი.
ლუკას ახლაღა შევხედე. სახე არეული ჰქონდა, თვალები ამღვრეოდა. მიუხედავად სიბნელისა, ეს ადვილი შესამჩნევი იყო.
_ ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ, _ კვლავ წამეტანა, მაგრამ არ დავანებე.
_ არა, უკვე გვიანაა, შინ მელოდებიან, ნუ გამაცილებ, მარტო წავალ, _ მკაცრად ვთქვი და ქუჩა გადავჭერი.
ლუკა გამომეკიდა. სანამ გაჩერებამდე მივიდოდით, ათასი ბოდიში მომიხადა, არ გეწყინოს, მართლა მაგარი გოგო ხარ, ძალიან მომეწონე, ძნელი იყო თავის შეკავებაო. პასუხი არ გამიცია. ნეტავ რას მებოდიშება, ვერ ნახა, როგორ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი? კოცნაზე კოცნით ხომ ვპასუხობდი? ლამის იყო, სიამოვნებისაგან დავილიე ქალი, ეს კი ბოდიშებს მიხდის. ეს ასწავლეს ინგლისში? საოცარია!
დამშვიდობების წინ ტელეფონის ნომერი მთხოვა, მაგრამ არ მივეცი. გამოცდები კარს არის მომდგარი, ახლა ტელეფონზე სალაპარაკოდ არ მცალია-მეთქი. ხშირად არ შეგაწუხებ, ხანდახან დაგირეკავო. მაინც უარი ვუთხარი. ასე უცებ არ მინდოდა ჩვენი დაახლოება მომხდარიყო. ჯერ კარგად უნდა გამეცნო. ტაქსი გამიჩერა, ფული გადამიხადა და გამომიშვა. ეს მომეწონა.
იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს, მხოლოდ ლუკაზე ვფიქრობდი. პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ბიჭი ერთი ნახვით მომეწონა. მომეწონა კი არა, მგონი შემიყვარდა კიდეც. რა მარტივი რამე ყოფილა კოცნა. მეგონა, ამას სწავლა სჭირდებოდა, მე კი რა ადვილად გამომივიდა. ნუთუ ყველა ქალი განიცდის იმავეს, რაც მე განვიცადე? ღმერთო, რა ღვთაებრივი რამ იყო…
მესამე დღეს კვლავ ვესტუმრე ჩემს რეპეტიტორს. სადარბაზოსთან ლუკას მოვკარი თვალი, ხელში ჩვრებში გახვეული თოთო ბავშვი ეჭირა. მეუცნაურა. რაც მათთან დავდივარ, ჩვილბავშვიანი არავინ მინახავს. გულისცემა გამიხშირდა. მივუახლოვდი და მორცხვად მივესალმე.
_ ვისია? _ ვცადე, მშვიდად მეკითხა, აღელვება არ დამტყობოდა და ბავშვს ლოყაზე მოვუსვი თითი, _ რა პაწუკაა.
_ ჩემი ნათლულია, ჩემპიონი ბიჭია, არა? შეხედე, რამსიგრძეა, _ მაღლა ასწია ბავშვი, რომელსაც ტკბილად ეძინა.
_ რა ხნისაა?
_ ორმოცი დღისაა, გუშინ მოვნათლე. ჩემი სეხნიაა.
_ კარგია, გილოცავ.
_ შენ როგორ ხარ?
_ არა მიშავს, ვმეცადინეობ, ზეგ პირველი გამოცდა მაქვს.
_ ვიცი. ხომ არ გეშინია?
_ ცოტათი.
_ ნუ გეშინია, მთავარია, არ დაიბნე, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები.
_ ყველანაირად ვეცდები.
_ რას აკეთებდი ეს დღეები?
_ კონსპექტებს ჩავკირკიტებდი, სხვა რა უნდა მეკეთებინა.
_ ეგ თავისთავად, მაგრამ… კიდევ?
_ კიდევ… რა ვიცი, ისეთ მნიშვნელოვანს არაფერს.
_ მე კი შენზე ვფიქრობდი.
სასიამოვნო სითბომ დამიარა სხეულში, ავილეწე.
_ შენ? შენ არ ფიქრობდი ჩემზე? თუ ისევ გაბრაზებული ხარ?
_ რამე მეტყობა გაბრაზებულის? რატომ ფიქრობ ასე?
_ რა ვიცი, მგონია, რომ გაწყენინე. ისე უცებ გაიქეცი იმ ღამეს, რომ…
_ არა, უბრალოდ, მართლა გვიან იყო, თანაც…
_ რა?
_ ჩემთვის ცოტა უჩვეულო რამ მოხდა, ამიტომ…
_ რა იყო უჩვეულო, კაცს შენთვის არასდროს უკოცნია?
_ არა, არასდროს.
_ მატყუებ თუ მართლა მეუბნები? _ ისე გაუკვირდა, თითქოს ასეთი რამ პირველად გაიგო.
_ მართლა გეუბნები. ეს პირველი შემთხვევა იყო.
_ ჰო-ო-ო. მერე? რას იტყვი, როგორი იყო? _ ეშმაკურად მოხუჭა თვალები.
სახეზე სიწითლემ ისევ გადამიარა.
_ მაგარი, _ არ დავუმალე და მეც ეშმაკურად გავხედე. ორივეს სიცილი აგვიტყდა.
ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოგვიახლოვდა.
_ ბარო, ლუკა, როგორ ხარ, ძმაო, ჩამოხვედი? _ უცნობი ცხვირისმიერი ხმით ლაპარაკობდა, როგორც ჩანდა, უბნის ნარკომანი იყო.
_ ვა, პაატას გაუმარჯოს. შენ როგორ ხარ?
მათ ერთმანეთი გადაკოცნეს, მერე უცნობი მე მომესალმა.
_ ვარ, რა. ვსიო უჟე? სწავლობანას მორჩი?
_ კი, მოვრჩი, ახლა სახლობანას ვთამაშობ. აი რა ბიჭი მყავს, _ თქვა ლუკამ და ბავშვს დახედა.
_ ვახ! შენია, ტო?! როდის მოასწარი, ძმა, შენ რა შუსტრი ყოფილხარ, _ გაუკვირდა პაატას.
_ მოვასწარი, მოვასწარი, უჟე მალადოი ატეც, _ გაიცინა ლუკამ.
_ ეს შენი მეუღლეა? _ ახლა მე შემომხედა უცნობმა.
_ ჰო, გაიცანი, მაგდა, მალადაია მამა, _ ამის თქმა და ლუკამ ბავშვი მე მომაჩეჩა.
_ გაგიმარჯოს, დაიკო, გილოცავთ, გილოცავთ. მაგარი ამბავია, ამას დასველება უნდა, ლუკაჯან, ხომ იცი.
_ ხუმრობს, არ დაუჯეროთ, _ გავეცი ლუკას საიდუმლო ჭარხალივით აწითლებულმა და ბავშვი მოხერხებულად დავიკავე ხელში. უჩვეულო გრძნობა დამეუფლა.
_ შენი შუბა დავხიე, ტრუხა ბაზარი შეუშვი, არა? _ გაიცინა პაატამ, დაგვემშვიდობა და გაგვეცალა.
_ ისე, არ ვიქნებით ცუდი წყვილი, შენ რას იტყვი? _ შემომხედა ლუკამ, _ გიხდება პატარა. შენც მალე გეყოლება, პირობას გაძლევ.
კვლავ დამიარა სითბომ, სხეული გამიხურდა. როგორ ჩავეხუტებოდი ახლა, რომ იცოდეს, როგორ მოვეფერებოდი.
_ ვნახოთ, _ კეკლუცად გავუღიმე მამაკაცს და ბავშვი გულზე მივიკარი, _ რა კარგი სუნი აქვს.
_ მაგდა, მომენატრე, იცი? მართლა შენზე ვფიქრობდი ეს დღეები. შენ? არ დამიმალო, გთხოვ.
_ მეც, _ არ დავუმალე და თვალები მორცხვად დავხარე…
გაგრძელება იქნება ორშაბათს