ასე დაიწყო ჩვენი რომანი. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი მიხაროდა. ლუკა საოცარი პიროვნება აღმოჩნდა. იცოდა, როგორ მოქცეულიყო ქალთან, არაფერი ეშლებოდა. გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე კიდეც. ქალბატონმა ლიანამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ჩარიცხვაში. მგონი დედაჩემზე მეტად ის იყო გახარებული. თან ყველანაირად მიწყობდა ხელს, ლუკას შევხვედროდი. მათთან სახლში ვიზიტს ჩვეულებრივად ვაგრძელებდი. ხშირ შემთხვევაში მარტონი ვრჩებოდით, ლიანა დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ერთმანეთის მოსიყვარულებაში გაგვყავდა დრო. ლუკამ რამდენჯერმე მომისინჯა ნიადაგი, რომ ჩვენი ურთიერთობა ლოგინამდე მისულიყო, მაგრამ ვერ დამითანხმა, მისი «ევროპული სიყვარულის» თანამოაზრე ვერ გამხადა.
ერთმანეთის გარეშე წუთითაც ვერ ვძლებდით. კრისტიც სწორედ მაშინ გავიცანი, პირველკურსელებს საერთო ლექციები გვიტარდებოდა. პირველსავე შეხვედრაზე მოგვეწონა ერთმანეთი, დავახლოვდით. მერე ლუკაც გავაცანი. ხანდახან სამივე ერთად დავდიოდით ხან კინოში, ხან ბარში, ხანაც მეგობრებთან.
წელიწად-ნახევარი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ლუკა დაქორწინებაზე სიტყვას არ ძრავდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი თავს იკლავდა, დროზე დაიწერეთ ჯვარი, შვილიშვილს მინდა მოვესწროო. თავდაპირველად ლუკა სამსახურის უქონლობას იმიზეზებდა. მალე ეს საქმეც მოგვარდა. ქალბატონმა ლიანამ შვილს საავადმყოფოში ქირურგად დააწყებინა მუშაობა, თუმცა ლუკას არც ამის შემდეგ ჩამოუგდია ამ თემაზე საუბარი. რას ვიზამდი, მე უძლური ვიყავი, ვერაფერს შევცვლიდი, თუმცა ჩემი აქტიურობის გარეშეც მალე გაირკვა მისი დუმილის მიზეზი…
* * *
ხუთშაბათი დღე იყო. ლექციების შემდეგ ლუკას უნდა შევხვედროდი «რუსთაველის» მეტროსთან. თითქმის ერთი საათი ვუცადე, არ მოვიდა. ბოლოს სამსახურში დავრეკე, ერთი საათის წინ გავიდაო, მითხრეს. მერე სახლის ნომერი ავკრიფე. ყურმილი ქალბატონმა ლიანამ აიღო. მითხრა, სამსახურში თათბირი ჰქონდა, კადრები უნდა გადაახალისონ, შეიძლება ჩვენი ლუკა ახალ თანამდებობაზე დანიშნონ და ალბათ ამიტომაც ვერ მოახერხა მოსვლაო. ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი. თუ ასეთი რამე ხდებოდა, რაღაც მაინც ხომ უნდა ეთქვა ჩემთვის? მინიშნებითაც კი არაფერი დასცდენია. რატომ? ეს კითხვა არ მასვენებდა. რას მიმალავს? გარდა ამისა, არც სამსახურშია. სად არის? სად დაძვრება? გავბრაზდი, მაგრამ ამით საქმეს ვერ ვუშველიდი. ისევ ლუკას ზარს უნდა დავლოდებოდი, რომ სიმართლე მისგან გამეგო. არც მისადილია, ისე წამოვწექი და ფიქრებს მივეცი თავი. დედაჩემი შემიჩნდა, ისადილე, მთლად გახდი, ბოლო ხანებში ადამიანის სახე არა გაქვს, ასე როგორ შეიძლებაო. ძლივს მოვიშორე თავიდან, კაფეში ვიყავით და არ მშია-მეთქი, მოვატყუე.
ჩამძინებია. დედამ შემაღვიძა, კრისტი მოვიდაო. მისი მოულოდნელი ვიზიტი გამიკვირდა, შეხვედრაზე არ შევთანხმებულვართ. თან იცოდა, რომ ლუკასთან პაემანი მქონდა. მისი ორაზროვანი მზერა არ მომეწონა.
_ კრისტი, მოხდა რამე? _ საწოლიდან წამოვიწიე.
_ იყავი, არ ადგე, აგერ ჩამოვჯდები, _ იგი მოხერხებულად მოკალათდა ჩემ გვერდით და ისევ ისე შემომხედა.
_ არ მეტყვი, რა მოხდა? _ მოთმინება დავკარგე.
_ მაგდა, შეიძლება ეს ჩემი საქმე არ არის, ან ვცდები რაღაცაში, მაგრამ რომ არ გითხრა, არ შემიძლია. შენ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ხარ, _ გრძელი შესავალი გაუკეთა კრისტიმ თავის სათქმელს.
_ გამაგებინე, რა ხდება?
_ დღეს ლუკა ნახე?
_ არა, არ მოვიდა. რა, გაიგე რამე?
_ გავიგე კი არა, _ ამოიოხრა კრისტიმ, _ დავინახე.
_ სად დაინახე? _ სული შემიგუბდა.
_ ზუსტად ოთხის ხუთი წუთი იყო, ინსტიტუტიდან რომ გამოვედი. შენობის გარეთ იდგა, ვიღაცას ელოდებოდა. მეგონა, შენ გიცდიდა და ის იყო, მისვლა დავაპირე, რომ ვიღაცას ხელი დაუქნია. გავიხედე და რას ვხედავ! ნანუკა არ გაიჩითა?! დიდის ამბით ჩაკოცნა, მერე ორივემ წელზე მოხვიეს ერთმანეთს ხელი, მერე ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
_ ნანუკა ვინ არის?
_ მესამე კურსზე რომ სწავლობს, სამკურნალოზე, დევაძის გოგო, როგორ არ იცი, მე-4 საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ლუკა იქ არ მუშაობს?
_ კი, იქ მუშაობს, მაგრამ ნანუკას არ ვიცნობ, რომელია?
_ დაბალი, ქერა გოგოა, დაღრეცილი ფეხები რომ აქვს, როგორ არ იცი, მაინც რომ მოკლე კაბებს იცვამს. ლურჯი მანქანით დადის.
_ ვერ ვიხსენებ, კრისტი და რა ვქნა.
_ მოიცა, ორშაბათს მე რომ შემხვდა დერეფანში და ჩემს პიჯაკზე რომ მკითხა, სად იყიდეო, ესეც არ გახსოვს?
_ ი-ის? ვიცი, როგორ არ ვიცი. ეგ დევაძის ქალიშვილია? ის უფორმო და უსქესო არსება?
_ შენ წარმოიდგინე! არ ვიცი, სიხარულო, შეიძლება ვცდები რამეში, მაგრამ არც მათი შეხვედრა მომეწონა და არც ჩაფსკვნის სცენა. ჩვეულებრივი მეგობრები ასე არ იქცევიან. მანდ ასიანი რაღაც ხდება, დარწმუნებული ვარ.
_ მერე? _ ცუდად გავხდი, სიცივემ დამიარა სხეულში.
_ რა მერე, უკან ხომ არ გავედევნებოდი? ვიფიქრე, მაგდას არაფერს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ მეტი ვეღარ მოვითმინე და წამოვედი.
_ ვერ დამირეკე?
_ როგორ დამერეკა, ტელეფონი გათიშული მაქვს დავალიანების გამო. დღეს გადავიხადე ფული და ხვალ ჩართავენ ალბათ.
ჩავფიქრდი. გულმა მიგრძნო, რაღაც ხდებოდა.
_ რა უნდა ქნა? _ მკითხა კრისტიმ.
_ მგონი ვხვდები, რაშიც არის საქმე. ალბათ არ ცდები.
_ იცი რამე?
_ დაახლოებით. რომ არ მოვიდა, დედამისს დავურეკე. რა მითხრა, იცი? თათბირი აქვთ სამსახურში, შეიძლება დააწინაურონო.
_ დააწინაურონო? ჯერ მუშაობა არ დაუწყია და რომელ დაწინაურებაზეა ლაპარაკი, არ გადამრიო! _ შეიცხადა დაქალმა.
_ ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე. როგორც ჩანს, მაგ ნანუკას მეშვეობით «ჩალიჩობს». ალბათ სანუკვარი სასიძოს როლს თამაშობს, რომ თანამდებობას გამოჰკრას ხელი.
_ რას ამბობ! ვერ წარმომიდგენია ლუკასგან ასეთი რამ.
_ ჩემთვისაც დაუჯერებელია, სიმართლე გითხრა, მაგრამ ხომ ხედავ, ფაქტი სახეზეა, _ ღრმად ამოვიოხრე.
_ იქნებ ვაზვიადებთ, მაგდა, ჰა? იქნებ არც არაფერი ხდება და სულ ტყუილად ვადანაშაულებთ? _ თანაგრძნობა გამოეხატა კრისტის სახეზე.
_ შეიძლება. ვნახოთ, დარეკავს ალბათ და ამიხსნის ამ ყველაფერს. ყავას დალევ?
_ დავლევ, აბა რას ვიზამ.
_ დე! _ გავძახე დედას, _ დე-დი!
_ რა იყო, რა გაყვირებს, _ თავი შემოყო დედამ, _ ჭურში კი არ ვზივარ.
_ ყავა მოგვიდუღე, რა, მეზარება ადგომა, _ ყელგამოწეულმა ვთხოვე.
_ ამხელა ძროხას ერთი ადგილის აწევა გეზარება, გოგო, რა გჭირს! საჭმელი არ გიჭამია და ყავას სვამ? იმიტომაც ხარ ასეთი გაჩხინკული! კრისტი, შენც ასეთი უჭმელი ხარ, შვილო? _ ახლა კრისტის მიუბრუნდა.
_ მე რა მეტყობა უჭმელობის, ნინო დეიდა, რამსისქე ვარ, ვერ ხედავთ? დიეტას დიეტაზე ვიცავ, _ გაიცინა კრისტიმ და მუცელზე დაიტყაპუნა ხელი.
_ აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება, შვილო, ენერგიას ისე რა მოგიმატებთ, ჯერ ახლა იწყებთ ცხოვრებას. სახლში მე ამის ჭამა არ მინახავს. იმ ბიჭმა ხომ მთლად გადარია, რაც ლუკასთან დაიწყო სიარული, ამის ხელში ლუკმა არ მინახავს. შეხედე, რას დაემსგავსა.
_ მშვენიერ ფორმაშია, ნინო დეიდა, მანეკენივით ტანი აქვს. ნეტა მიახლოებით მაინც ვგავდე მაგდას, რა მიჭირდა, _ დაიწუწუნა კრისტიმ.
_ ისემც ამას რა ვუთხარი, _ ღიმილით ქოქოლა მომაყარა დედამ და გავიდა.
მე და კრისტი ლაპარაკს შევყევით. კარგი გამომძიებლებივით გავაანალიზეთ ლუკას იმდღევანდელი საქციელი, მაგრამ «საბრალდებო დასკვნის» გამოტანის ორივეს გვეშინოდა. ვაი და, ჩვენი ვერსიები არაზუსტი გამომდგარიყო!
7 7 7
კრისტი გვიან წავიდა. გავაცილე. შინ რომ ამოვბრუნდი, დედამ მითხრა, ლუკამ დაგირეკაო. მაშინვე ტელეფონს ვეცი, ნომერი ავკრიფე, მაგრამ მყისვე დავკიდე ყურმილი. რატომ უნდა დავურეკო? კეთილი ინებოს და თვითონ შეიწუხოს თავი. შუაღამემდე ამაოდ ველოდებოდი მის ზარს. არ დაურეკავს.
მეორე დილით უძინარი, თვალებამოღამებული, გასავათებული გამოვცხადდი ლექციაზე. კრისტიმ კითხვით სავსე თვალები შემომანათა.
_ გაიგე რამე? ელაპარაკე?
_ არა, შენ რომ გაცილებდი, მაინცდამაინც მაშინ დაურეკავს, მერე არ შემხმიანებია.
_ შენ თვითონ ვერ დაურეკე? რა ტიპი ხარ! _ დამიცაცხანა.
_ მეტი საქმე არ მქონდა. თუ უნდოდა და ვენატრებოდი, ხელახლა დაერეკა. არც კი იკადრა. ნამდვილად არ შევეხვეწები. რაც უნდა ის ქნას. ასი წელი არ მჭირდება, ჰყავდეს ის გაბერილი ბუშტი.
_ ნუ ნერვიულობ, წინასწარ რას იხეთქავ გულს?
_ აბა რა უნდა ვქნა? იცი, საერთოდ რას ვფიქრობ? გუშინ ალბათ სპეციალურად დამინიშნა პაემანი სამ საათზე, რომ აქ არ შევფეთებოდი. ხედავ, რა ეშმაკი ყოფილა? ამაზე აქამდე არ მიფიქრია.
_ შენც მართალი ხარ… ეგ მეც არ მომსვლია თავში აზრად. შეიძლება ასეც არის.
_ შეიძლება კი არა, ასეა. რა გაძლებს ახლა ლექციებზე.
_ მოდი, გინდა მოვტყდეთ და სადმე გავიდეთ, გული გადავაყოლოთ? _ იდეა დაებადა კრისტის.
_ მერე სად წავიდეთ?
_ რა ვიცი… სულაც ჩემთან წავიდეთ, მუსიკებს მოვუსმინოთ.
_ ტელეფონი ჩაირთო?
_ კი, ამ დილით ჩართული დამხვდა.
_ ჰოდა, შენგან დავურეკავ, ერთი რას მეტყვის.
_ სახლში რომ არ იქნება?
_ სამსახურის ტელეფონიც ვიცი.
_ იმედია, ოპერაციაზე არ იქნება.
_ დღეს პარასკევია, ოპერაციების დღე არ არის.
_ წამო მაშინ, ლექციების დედაც, ჯეკ! _ მხიარულად წამოიძახა კრისტიმ, ხელი ჩამკიდა და პატარა ბავშვებივით გავიქეცით.
7 7 7
გაწვიმებულიყო. დეკემბერი იწურებოდა და ჰაერში სუსხი იდგა. ცივი ქარი უბერავდა. ავტობუსის გაჩერებაზე კარგა ხანს ვიდექით, ერთიანად გავილუმპეთ. ბოლოს, საშველი რომ არ დაადგა, ტაქსი გავაჩერეთ და ჩავსხედით.
შინ მისულებმა სასწრაფოდ ტანთ გამოვიცვალეთ, გაწუწული წიწილებივით გამოვიყურებოდით ორივე. შეგვცივდა. კრისტიმ გაზის გამათბობელი ჩართო.
_ შენები სად არიან?
_ სამსახურში, შვიდ საათამდე არავინ მოვა, სრული «სვაბოდა» გვაქვს, თუ გინდა, თავზე დავიმხოთ მთელი სახლი, _ თქვა კრისტიმ და თმა პირსახოცით შეიმშრალა.
საწოლზე ჩამოვჯექი, ტელეფონი წინ დავიდე და ლუკას სამსახურის ნომერი ავკრიფე. ვიღაც ქალმა მიპასუხა. ლუკა ვიკითხე. ახლავე დავუძახებო, მითხრა და ყურმილი გვერდზე გადადო. ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გაისმა ტელეფონში, მერე _ ყურმილის აღების.
_ გისმენთ, _ ჟრუანტელმა დამიარა, როგორ მომნატრებია ამ ხმის გაგონება.
_ მაგდა ვარ, გამარჯობა, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვთქვი.
_ მაგდა, სადა ხარ, რატომ დამეკარგე? _ ისე მომიკითხა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
_ მე დაგეკარგე თუ შენ? _ გავღიზიანდი, _ რატომ არ დამირეკე?
_ დედაშენმა არ გითხრა, რომ დაგირეკე?
_ დედაჩემმა შენც გითხრა, კრისტი ჩააცილაო, მეორეჯერ ვერ დარეკე?
_ მეგონა, შენ თვითონ დამირეკავდი. რომ არ დარეკე, ვიფიქრე…
_ რა ვიფიქრეთ? _ გამოვაჯავრე.
_ ალბათ ჭორაობას შეჰყვნენ და შეაგვიანდა-მეთქი. რატომ მელაპარაკები ასეთი ტონით?
_ რატომ? ვერ ხვდები რატომ? რას მალოდინე იმ სიცივეში ერთი საათი, რატომ არ მოხვედი?
_ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, ვერც შეგატყობინე. უბრალოდ, არ შემეძლო გამოსვლა.
_ ისეთი რა საქმე გამოგიჩნდა, საინტერესოა, ქუჩაში რომ გამყინე. მე რომ ვყოფილიყავი, ყველა საქმეს გადავდებდი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცეოდი, იმის სათქმელად მაინც, რომ შეხვედრას ვერ ვახერხებდი.
_ შენ ჩემზე ყურადღებიანი ხარ, რას ვიზამთ.
მისი საუბრის კილო არ მომეწონა.
_ ჰო, არა?
_ ჰო.
_ კარგი, ასე იყოს. იქნებ ახლა მაინც მითხრა, რა გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა?
_ სადა ხარ ახლა?
_ კრისტისთან.
_ ერთ საათში მანდ ვარ, დამელოდე, ამოვალ და ყველაფერს აგიხსნი.
_ იმედია, დღესაც არ მალოდინებ.
_ იქ მაინც არ ცივა, ცოტათი თუ დამაგვიანდა.
_ არ დაგელოდები, იცოდე. ზუსტად ერთ საათში მივდივარ! _ წავუყენე «ულტიმატუმი».
_ მოვალ-მეთქი, ხომ გითხარი.
_ მითხარი.
_ ჰოდა, «ვსიო».
გაგრძელება იქნება