მარიამ როინიშვილი იუბილარია. მომღერალი სოციალურ ქსელში მილოცვას უამრავი ადამიანისგან იღებს:


"დღეს ჩვენი დაბადების დღეა. უცნაური განწყობა გვაქვს. ზუსტად ვიცი, გულში რა ჩავიფიქრეთ, როცა სანთლები ჩავაქრეთ: თავისუფალი, ევროპული და გამთლიანებული საქართველო" - წერს მარიამ როინიშვილი და ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მარიამ როინიშვილი
ქართველი სოპრანო მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.
დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.
მარიამ როინიშვილის დედა
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტია. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი.