„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემი ქვეყნის ერთგული გულშემატკივარი, ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, სამართალდამცავების, ჟურნალისტებისა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ,“ – ამის შესახებ ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ძალადობას არანაირი მიზანი არ ამართლებს.
„მესმის, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან უყვარს სამშობლო, ჩვენი პატარა და კოხტა საქართველო, თუმცა „გზა ხსნისა“ სხვადასხვაგვარად გვესახება.
მიმაჩნია, რომ ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა უმთავრესია ჩვენი ერის წინსვლისათვის! გვახსოვდეს, ერთობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის მთავარი რამ არის!
გვიყვარდეს ერთმანეთი!
p.s. ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბულინგი – ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. ორი წელია ამ ყველაფრის წინაშე ვდგავარ და ვუძლებ.
ძალიან რთულია, როცა შენს სამშობლოში დაძაბული მდგომარეობაა, გამონახო ძალა სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსადგენად, ამიტომ 14 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე New york ში, მე აღარ მივიღებ მონაწილეობას.
ჩემს თანამემამულეებს ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას და ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას!
მიყვარხართ და მიყვარს ჩემი საქართველო“ – წერს ნუცა ბუზალაძე.
მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე. კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და გრანტები „შანტაჟის შიშველ ინსტრუმენტად“ იქცა ევროკავშირის ისეთი ორგანოების მიერ, როგორიცაა ევროპარლამენტი და მოჰყავს ევროპარლამენტის მიერ გასულ წლებში მიღებული რეზოლუციები საქართველოს შესახებ. მან დაგმო „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა და ბიუროკრატის ჩარევა საპარლამენტო არჩევნებში“, ისევე როგორც მათი სავარაუდო „მცდელობა, წაახალისონ რევოლუცია საქართველოში“. კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას და ეკონომიკის გაძლიერების შემდეგ 2028 წელს გააცოცხლებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თემას. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ იმავე დღეს დაიწყო და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
29-30 ნოემბრის ღამეს პროევროპულ აქციაზე შსს-მ 107 პირი დააკავა. 30 ნოემბერს საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ყვარელში, ხაშურში, გორში, ახალციხესა და რუსთავში.