თქვა და გამითიშა. კარგა ხანს ვიჯექი გაუნძრევლად, ვეღარ ვაზროვნებდი. იმ წუთებში მეზიზღებოდა ლუკაც და ჩემო თავიც. როგორ განვიხიბლე… ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი. კრისტიმ ყავა მოადუღა. გამათბობელთან მიყუჟელებმა, ნახევრად წამოწოლილებმა დავლიეთ, სალაპარაკოც შემოგველია რატომღაც. დრო გაიწელა. დავილიე მოლოდინით…
როგორც იქნა, ზარის ხმა გაისმა. კრისტი გიჟივით წამოხტა და კარის გასაღებად გაემართა. მე წამოვჯექი, წელში ამაყად გავიმართე, ფეხებზე პლედი გადავიფარე და ლუკასთან შესახვედრად «საფუძვლიანად» მოვემზადე.
_ თბილა თქვენთან, გარეთ კი ქვეყანა იქცევა. როგორ ხარ? _ თავისი დიდრონი თვალები შემომანათა ლუკამ და ლოყაზე მაკოცა. ქურთუკი არ გაუხდია, მხოლოდ ღილები შეიხსნა და იქვე მდგარ სკამზე დაჯდა.
_ მე არა მიშავს, შენ? _ ცივად მოვიკითხე.
_ ვარ, რა. ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. ვიცი, რომ გაბრაზება ძალიან გიხდება, მაგრამ არ არის საჭირო.
_ ლუკა, მოგიდუღო ყავა? _ ჰკითხა კრისტიმ.
_ თუ არ დაგეზარება…
_ რას ამბობ, რა დამეზარება. ოღონდ ჯერ ჩავალ, შაქარს ამოვიტან.
_ აპ-აპ-აპ! მაშინ არ მინდა. ამ თავხსმაში გარეთ გაგიშვებ?
_ არა, მეზობელს გამოვართმევ, შორს კი არ მივდივარ, თან რაღაც საქმე მაქვს, მალე ამოვალ, _ კრისტიმ თვალი ჩამიკრა და შალის ხალათი მხრებზე მოისხა, _ თქვენ არ მოიწყინოთ ჩემს მოსვლამდე, კარს გარედან ჩავკეტავ, კარგი?
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. რამდენიმე წუთის შემდეგ მარტონი დავრჩით. ზედაც არ შემიხედავს, ხელები გამათბობელს მივუფიცხე და იატაკს ჩავაშტერდი.
_ კიდევ მიბრაზდები? _ სიჩუმე ლუკამ დაარღვია.
_ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ჯერ ის მითხარი, რა ხდებოდა გუშინ.
_ ქირურგიული განყოფილების გამგედ დამნიშნეს, _ ამაყად თქვა.
ეგ დაახლოებით უკვე ვიცოდი, ამიტომ დიდი «სიხარულები» არ გამომიხატავს. ლუკას ძალიან გაუკვირდა ჩემი «ურეაქციობა».
_ არ გიხარია?
_ გააჩნია, რა შემთხვევაში, _ მკვახედ ვუპასუხე.
_ რას ნიშნავს «რა შემთხვევაში»? რაღაც ვერ გავიგე.
_ იმაზე მომიყევი, რის ფასად დაგიჯდა ეგ თანამდებობა,_ გამჭოლი მზერა ვესროლე.
_ ნამდვილი «ავიაგამანადგურებელი» ხარ, რის ფასად უნდა დამჯომოდა? ვერ ვხვდები, საით უკაკუნებ.
_ საითაც შენ «დაკაკუნებ», როცა მე პაემანზე მიბარებ.
_ რა გინდა, მაგდა, რას მერჩი? ხომ გითხარი, გადაუდებელი საქმე მქონდა-მეთქი, გასაგებად ვერ გითხარი? _ მიამიტად იკითხა.
_ ყრუ არა ვარ, ეგ გავიგე, მაგრამ იმ შენს «გადაუდებელ საქმეს» შემთხვევით ნანუკა ხომ არ ჰქვია?
მიზანში მოვარტყი. ამ სახელის გაგონებაზე სახე შეეცვალა. როგორც ჩანს, არ ელოდა, თუ ეს ამბავი მეცოდინებოდა.
_ ვინ ნანუკა, რა შუაშია ნანუკა? _ აშკარად დაიბნა.
_ ის ნანუკა, ხელგადახვეულს რომ «მიატასავებდი» სამ საათზე სამედიცინოსთან, სწორედ იმ დროს, როცა რუსთაველის მეტროსთან მე გელოდებოდი.
თავი დახარა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თავი ჩაქინდრა.
_ შენ ვინ გითხრა?
_ ვინც გნახა, იმან. როგორც ჩანს, შენ ისეთი ბედნიერი იყავი იმ წუთებში, შენ ირგვლივ სხვას ვერავის ამჩნევდი, შენ კი ბევრმა შეგამჩნია. აი, ამაშია საქმე, _ სეტყვასავით მივაყარე.
_ საქმემ მოითხოვა ასე, _ აღიარა ბოლოს.
_ რომელმა საქმემ?
_ მომისმინე, მაგდა. მე გუშინ სერიოზულ თანამდებობაზე დამნიშნეს. ეს ასე ადვილად არ ხდება. ნანუკას მამა იქ…
_ ვიცი, მთავარი ექიმია, _ გავაწყვეტინე წინადადება.
_ ჰო, მთავარი ექიმია და ეს საქმე ნანუკამ გააკეთა.
_ სანაცვლოდ რა მიიღო?
_ რა უნდა მიეღო? ჩვენ უბრალოდ, კარგი მეგობრები ვართ, მეტი არაფერი. შენ ფიქრობ, რომ ჩვენ შორის რამე ხდება?
_ ეგ შენ უნდა მითხრა.
_ სისულელეს ნუ ლაპარაკობ, როგორ გგონია, შენზე წინ ოდესმე ნანუკას დავაყენებ? არც ისეთი მდარე გემოვნება მაქვს. ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე, თუ ასე ფიქრობ.
_ როგორც მითხრეს, საკმაოდ «ინტიმური» შეხვედრა გქონიათ, წელზე ხელის მოხვევები, კოცნები და ა.შ.
_ ასე მიცნობ?
_ როგორც ჩანს, არ მცნობიხარ კარგად.
_ დაივიწყე ეგ გოგო, მე ცოლს ქონების და საქმიანი გარიგების გულისთვის არ მოვიყვან.
_ ვითომ?
_ ეჭვი გეპარება იმაში, რომ მიყვარხარ? მითხარი, ეჭვი გეპარება?
_ არ ვიცი, ლუკა. შეიძლება გიყვარვარ კიდეც, მაგრამ მამაკაცები ცოტა სხვანაირები ხართ. სიყვარული შეგიძლიათ ადვილად გაწიროთ კარიერის გულისთვის.
_ ასე გაკეთებული კარიერის დედაც ვატირე!
_ რატომ, რატომ. კარგი ოჯახი, სიმდიდრე, ულევი ქონება, მანქანა, რამე-რუმე… დღეს განყოფილების გამგე ხარ, ხვალ მთავარი ექიმის მოადგილე გახდები, ზეგ…
_ მორჩი, რა, არ გინდა ეგეთები!
_ რა, გაბრაზდი? მეც გავბრაზდი, შენი გუშინდელი «ვოიაჟის» შესახებ რომ გავიგე. შენ კი დარეკვაც არ იკადრე, თავის მართლებაც არ ისურვე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
_ არც არაფერი მომხდარა და რა ვქნა, სხვანაირად როგორ აგიხსნა?
_ როგორ? როგორც გინდა. ჩემთან შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი როგორ იყო იმ… უკაცრავად, ნანუკას ნახვა? ასეთი «გადაუდებელი» სათქმელი რა გქონდა? ბოლოს და ბოლოს, დილით დაგერეკა და გეთქვა, დღეს ვერ გამოვალო, არ შეიძლებოდა?
_ დილით არ ვიცოდი, რომ უნდა შევხვედროდი.
_ არაფერიც! ძალიან კარგადაც იცოდი, მაგრამ სპეციალურად გააკეთე და კარგადაც გათვალე ყველაფერი. რომ არა ჩვენი პაემანი, ხომ შეიძლებოდა, მეც მენახეთ ორივე? ეს კი არ გაწყობდა. იმან ხომ არ იცის, ჩვენ შორის რაც ხდება!
_ რა ხდება? _ ისე ირონიულად იკითხა, მოულონელობისგან სული შემიგუბდა.
_ არ იცი, რა ხდება?
_ ჰო, არ ვიცი და იქნებ მიმახვედრო.
_ აკი მიყვარხარო?
_ კი, მიყვარხარ და ამას არც ვმალავ. რა მერე, რო? შენს საკუთრებად ხომ არ დამიგულე? მე შენ რამეს შეგპირდი?
მისმა შეკითხვამ გული გამიგმირა. გავფითრდი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასე თუ შემომიტრიალებდა კითხვას, არ მეგონა. სიმწრისგან ნერწყვი გადამცდა სასულეში, ხველა ამიტყდა.
_ მე შენთან უკვე აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, _ ძლივს წარმოვთქვი და ავდექი.
_ მაგდა, გთხოვ, ნუ გააფუჭებ ყველაფერს, მე ეჭვიანობის საბაბი არ მომიცია შენთვის, _ ლუკამ სიტუაციის განმუხტვა სცადა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
_ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, შეგიძლია წახვიდე, _ შეუვალი ვიყავი. ახლა ისე მინდოდა მეყვირა, როგორც არასდროს.
_ მოიცა, მე ჯერ…
_ არაფრის გაგონება არ მინდა. წადი აქედან! _ ხმას ავუწიე.
_ ჯერ ერთი, კარი ჩაკეტილია და კრისტის მოსვლამდე ვერსადაც ვერ წავალ, მეორეც _ ნუ აკეთებ მცდარ დასკვნებს, თორემ…
_ თორემ რა?
_ ცუდად დაამთავრებ, იცოდე.
_ ეს მუქარაა?
_ რა შუაშია მუქარა. ისე ნუ მოიქცევი, მერე ინანო და…
_ შენი თვალებში ჩახედვის შემრცხვეს, არა? _ გამეცინა, _ ჯერ კიდევ საკითხავია, ვის როდის რისი შერცხვება. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე და შენ იყო ცამდე მართალი. ნეტავ ასე იყოს.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ჩუმად ვისხედით. ლუკამ სცადა, ჩემს ხელებს შეხებოდა, მაგრამ არ დავანებე. ახლა მოფერების თავი სულაც არ მქონდა. იქ, შიგნით, გულის სიღრმეში, ხანძარი გიზგიზებდა.
ცოტა ხნის შემდეგ კრისტიც ამოვიდა, ხელში ჭიქით სავსე შაქარი ეჭირა.
_ დამაგვიანდა? _ მხიარულად იკითხა, მაგრამ ჩვენს სახეებს რომ შეხედა, მიხვდა, ვერ იყო საქმე კარგად.
_ სწორედ რომ დროზე მოხვედი, ლუკა უკვე წასასვლელად ემზადებოდა, _ ცინიკურად შევნიშნე.
_ რას ამბობ, რა დროს წასვლაა, ახლა არ მოხვედი? _ გაიოცა კრისტიმ.
_ კარიერა ეძახის! კარიერა და კიდევ ერთი ვინმე სულიერი.
_ მაგდა, არ გინდა! _ ხმადაბლა თქვა ლუკამ.
_ თორემ ვინანებ, _ დავასრულე მისი ნააზრევი.
_ მე წავედი, კარგად იყავით, _ ლუკა წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
_ მოიცა, ყავა? _ გაოცებულმა კრისტიმ ხელები გაშალა.
_ სხვა დროს იყოს, დიდი მადლობა, _ ცალყბად გაიღიმა ლუკამ, ქურთუკის ღილები შეიკრა და ოთახიდან გავიდა.
_ მაგდა, რა იყო, იჩხუბეთ?
_ მსუბუქად, _ წარბები ავზიდე, _ ყველაფერი დამთავრებულია, _ ხმა ამიკანკალდა.
_ კარგი, რა, ეგ რა ხუმრობაა.
_ სულაც არ ვხუმრობ. ხვალ-ზეგ, აგერ ნახავ, თუ დევაძეების სიძე არ გახდა, _ ვთქვი და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე.
კრისტი გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. რაღაცას მეუბნებოდა, მამშვიდებდა. ნახევარი არ მესმოდა მისი ნათქვამი. უხმოდ, უცრემლოდ ვტიროდი. მხოლოდ იქ, შიგნით, სადღაც სიღრმეში, ჩემი სული იღვრებოდა ცრემლებად…
* * *
ვერ გეტყვით, რა დღეში ვიყავი. ლუკას გარეშე ძალიან გამიჭირდა. როგორ მინდოდა, შევხვედროდი, კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ჩვენი ერთად ყოფნა, პაემანი, მოფერება, კიდევ ერთხელ მომესმინა მისი საალერსო სიტყვები, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა. ლუკა არ რეკავდა, არც გამოჩენილა. მეც ჯიუტად ვიკავებდი თავს, თავმოყვარეობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, შესარიგებლად პირველს გადამედგა ნაბიჯი. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ნერვიულობისგან ისე გავხდი, ჩხირს დავემსგავსე, თვალები ჩამიღამდა. არავის ნუგეში არ მშველოდა, არავის თანაგრძნობა, ჩემი წამალი მხოლოდ ლუკა იყო.
ერთ დღესაც, შებინდებულზე, ჩემს სადარბაზოს რომ მივუახლოვდი, ხის ქვეშ ვიღაცის ჩრდილი დავლანდე. ყურადღება არ მიმიქცევია, ასეთი «ჩრდილები» ხშირად მხვდებოდა ხოლმე ღამღამობით. ახლოს რომ მივედი, «ჩრდილი» ხეს მოშორდა და ლამპიონის შუქზე ლუკა შევიცანი. ლამის ვიყვირე მოულოდნელობისგან.
_ როგორ შემაშინე, _ ამის თქმაღა მოვახერხე გახარებულმა.
_ ასეთი «სტრაშილიჩშე» ვარ? _ გამიღიმა და გადამკოცნა.
_ ამ დროს აქ რამ მოგიყვანა, რამ გაგახსენა ჩემი თავი? _ თბილად ვუთხარი, ყოველგვარი აგრესიის გარეშე.
_ შენი ნახვა მომინდა. გეტყოდი, მომენატრე-მეთქი, მაგრამ ვიცი, მაინც არ დამიჯერებ.
_ რატომ გგონია? იქნებ მეც მომენატრე? _ იმ წუთებში პატიება რომ ეთხოვა, მზად ვიყავი, ყველაფერი დამევიწყებინა.
უფრო ახლოს მივედი, რომ მისი სურნელი შემეგრძნო. უკან დაიხია. ეს ცუდად მენიშნა.
_ რა იყო, ჩემი გეშინია? _ მწარედ ჩავიცინე.
_ ცოტა არ იყოს, კი. ისე «დამიფრინე» იმ დღეს, სიცოცხლის ხალისი წამიხდა.
_ ახლა რა შეიცვალა? შიშმა გადაგიარა, თუ?..
_ რაღაც მინდა გითხრა. უნდა მენახე.
_ მითხარი, გისმენ, _ ხმა გამიცივდა. მივხვდი, კარგს არაფერს მეტყოდა.
_ არ ვიცი, ის შეხვედრა რომ არა, იქნებ ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო, მაგრამ შენმა ენამწარეობამ საბოლოოდ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა. იცი? ცხოვრებაში ადამიანმა რაღაცას რომ მიაღწიო, თურმე მსხვერპლი უნდა გაიღო. მეც მომიწია ამის გაკეთებამ. შენ, ალბათ, დააჩქარე ეს ყველაფერი.
_ ვერ გავიგე, საით უმიზნებ! _ თვალებში ჩავაცქერდი.
_ მიყვარხარ, მაგდა, ძალიან მიჭირს უშენოდ, ისე მენატრები, ისე, ისე, სიტყვები არ მყოფნის სათქმელად, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. არ ვარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ასე მოითხოვს. თუ შეძლებ, მაპატიე, თუ არადა… _ სიტყვები არ დაამთავრა, უცებ მხრებში ჩამავლო ხელები, მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა.
დიდხანს, დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. მესმოდა იგივე სიტყვები, როგორც ადრე, ჩვენი ყოველი შეხვედრისას, მოფერებაც და ალერსიც იგივე იყო, მაგრამ… მაინც რაღაც გვაშორებდა ერთმანეთს. მერე უცებ მომიშორა, თვალებში სევდიანად ჩამხედა, ცხვირზე მაკოცა და გავარდა, დაუმშვიდობებლად შეერია ღამის სიბნელეს. გახევებული ვიდექი. რა ახლობელი იყო იმ მომენტში ჩემთვის და თან რა შორეული… წავიდა… საბოლოოდ წავიდა ჩემგან… ამას მივხვდი.
… ლუკა ორ კვირაში დაქორწინდა. მისი «რჩეული», ხვდებით ალბათ, ნანიკო იყო. თავისი კარიერის მოსაწყობად ასეთი ლამაზი სიყვარული გაწირა, დაასამარა. რას ვიზამდი? ვერაფერს. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ შევეგუე ჩემს ყოფას. მთელი «სამამაკაცეთი» შემძულდა… კაცისკენ გახედვა არ მინდოდა. მთელი ყურადღება სწავლაზე გადავიტანე, რომ ჩემი პროფესია მაინც გამომდგომოდა და ჩემს საქმიანობაში მაინც გამმართლებოდა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, ჩემს საქმეში პროფესიონალი ვყოფილიყავი და რაღაცით სამაგიერო გადამეხადა ლუკასთვის მომავალში. თუმცა, ხომ იცით, დრო ყველაფრის მკურნალია და მეც წლების შემდეგ «განვიკურნე» და…
გაგრძელება იქნება