ჩემი შემდეგი ისტორია ჩემს ყოფილ ქმარს უკავშირდება. როგორ გავიცანი? უცნაურად. კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო. ახლა ნათია ამერიკაშია, იქ მუშაობს და კარგი ანაზღაურებაც აქვს, მოიწყო ცხოვრება. შვილს მშობლები უზრდიან. მაშინ კი… ნათია თავზარდაცემული იყო, მეც არ ველოდი რეზოსგან ამას, სულ სხვანაირი ბიჭი ჩანდა, მაგრამ… ნათიამ ბავშვი მაინც გააჩინა, პატარა დათუნა. ოთხი წლის რომ გახდა, ნათიამ აიჩემა, რეზოს უნდა ვაჩვენო საკუთარი შვილიო და… მთხოვა, შენ წაიყვანე მათთან სახლშიო. თავიდან უარზე ვიდექი, მაგას ვერ ვიზამ, ორი თავი სადა მაქვს-მეთქი, მაგრამ იმდენი მეხვეწა, მაინც დამიყოლია.
დიდხანს ვებრძოდი საკუთარ თავს. ვერ გადამეწყვიტა, ღირდა თუ არა ნათიას ჩანაფიქრის განხორციელება. როგორ შეხვდებოდა რეზო ამას? ვაითუ, სასაცილოდ არ ეყოს? ბავშვი კარში რომ გამოაგდოს? მერე როგორღა მოვიქცე? სირცხვილისაგან თავი არ გამომეყოფა არც მე და არც ნათიას! ღირს კი? ფიქრები ერთმანეთში მერეოდა. ხუთი წელია, არ უნახავს. არც არაფერი იცის მის შესახებ. ახსოვს კი ნათია საერთოდ? შეიძლება არც ახსოვს. არა, ეს შეუძლებელია! განა მას მერე შეიცვალა რამე? თუმცა, როგორ არა. ბევრი რამ. ნათია უკვე აღარ არის ის «გოიმი» აბიტურიენტი გოგონა, «კარგ ოჯახში გათხოვების მიზნით» პროფესორის ვაჟს რომ «აბამდა». ეს ქალბატონი ეთერის სიტყვებია, დიდად პატივსაცემი, ბრწყინვალე ქალბატონის, ბინა ანტიკვარებით რომ აქვს გამოტენილი და სახლში ქეჩის ფაჩუჩების გარეშე რომ არ უშვებს არავის. «ვისია ეს ცინგლიანი ბავშვი?» ამ სიტყვებით თუ იკივლა, მერე ნახეთ! ხომ ვიქნები ღირსი, არამკითხე მოამბესავით გარეთ გამომაბრძანოს! ხომ არ მოგისმენს ბოლომდე. თემიდასავით იქვე გაგასამართლებს და გამოგიტანს განაჩენს, რომელიც მერე, რა თქმა, «გასაჩივრებას არ ექვემდებარება».
ნათიას არაფრის გაგონება არ სურდა. დათუნას დანახვაზე იქნებ მამაშვილურმა გრძნობამ გაიღვიძოს მასშიო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს, ამხელა და ასეთი ვაჟკაცი რომ ეზრდებაო?
«მე ჩემს მოვალეობას მოვიხდი», _ ვიმართლებდი თავს. არ ვიცი, ნათიას რისი მიღწევა უნდოდა ამ ჟესტით. იქნებ შერიგების იმედი ჰქონდა? იქნებ «პატივცემულ ბებიას» ქვის გული გალღობოდა ბავშვის დანახვაზე? იქნებ… იმდენი «იქნებ» დაგროვდა, დავიბენი…
სადარბაზოს მივუახლოვდით. გული გამალებით მიცემდა. დათუნა უკვე დავარიგე. იცის, რაც უნდა თქვას. პატარა კი აღარ არის, ოთხი წლისაა უკვე.
რკინის კარს მივადექით. ბავშვს ვუჩურჩულე, აბა შენ იცი, დეიდა, თამამად იყავი, არ შეგეშინდეს-მეთქი, ლოყაზე ვაკოცე და ერთი სართულით დაბლა ჩამოვირბინე. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა.
დათუნამ დააკაკუნა. მერე კიდევ… კარის გაღების ხმა გაისმა. შიშისაგან აკანკალებულმა კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩავირბინე. მამაკაცის ხმა გაისმა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა სიტყვები: «ბიჭუნა», «მამიკო», «პატარავ», «დედიკო»… მერე ყველაფერი მიწყნარდა. ხმები შეწყდა. ფეხაკრეფით ავუყევი კიბის საფეხურებს. მივაყურადე. ჩქამი არ ისმოდა. ნეტავ რა ხდება იქ, შიგნით? რას ეკითხებიან დათუნას? ვინ გაუღო კარი? რეზო შინაა? იქნებ უკვე ცოლიანია? იქნებ ამისთანა უკვე ორი ჰყავს ან სამი? ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. რა სულელი ვარ! რატომ აქამდე არ ვიფიქრე? მოვკლავ ნათიას! არა უშავს, კვლავ საკუთარი თავის დამშვიდებას შევუდექი. თუ ასეა, უკან გამოუშვებენ. ეტყვიან, შვილო, ვის დაკარგვიხარ, ვის ეძებ, დედაშენს მისამართი შეეშალაო და მორჩა. ხომ არ შეჭამენ! ბავშვია, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა დაუშავონ? არც არაფერი!
დრო გაიწელა. დათუნა არ ჩანდა. საათს დავხედე. საკმაო ხანი გასულა _ მთელი ორმოცი წუთი. რაშია საქმე? თუ ყველაფერი კარგადაა, რატომ არ მეძახიან? რატომ მეც არ შემიპატიჟებენ შინ? ბავშვი ხომ ეტყოდა, მაგდა დეიდა დაბლა მელოდებაო. თუ ყველაფერი ცუდადაა, რატომ არ გამოუშვებენ? ამხელა «დაკითხვა» რა ამბავია? ამდენ ხანს რისი გაგება უნდა აინტერესებდეთ? გული საგულედან ამოხტომას ლამობდა. ნერვიულობამ მიმატა. რა საშინელებაა ეს ლოდინი! რამ მოაფიქრა ნათიას ეს ყველაფერი. მე რაღა მინდოდა, ვერ დავეტიე ჩემთვის? რა მრჯიდა? რაში მჭირდებოდა აუტკივარი თავის ატკივება? ადგილს ვერ ვპოულობდი. საოცრად გაიწელა წუთები. მიუსვენრობამ შემიპყრო. ბავშვის დატოვებას ხომ არ აპირებენ?… ნათიას რა ვუთხრა? ბავშვი ჩამაბარა და… ამის გაფიქრებაზე ჩემში თითქოს მხეცმა გაიღვიძა. შლეგივით ავვარდი კიბეზე. საფეხურებს ვახტებოდი. აკანკალებულმა თითი მივაჭირე ზარის ღილაკს და მანამ არ ავუშვი, სანამ კარი არ გაიღო…
ზღურბლზე უცხო მამაკაცი იდგა.
_ მაგდა ხართ? _ ღიმილით გამომხედა სათვალის ზემოდან.
_ დიახ… ჩემი შვილი აქ უნდა იყოს, _ სხვა რა გზა მქონდა, ვიცრეუ. სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს. ოთახში შევიხედე.
_ კი, აქ არის. მობრძანდით, ჩვენ უკვე გამოვნახეთ საერთო ენა. ასე ვთქვათ, დავძმაკაცდით. მშვენიერი ბიჭუნაა, _ მამაკაცს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
_ არა, გმადლობთ. ჩვენ წავალთ, _ დაბნეულმა უკან დავიხიე.
ეს სად მოვხვდი? სადარბაზო ხომ არ შემეშალა? იქნებ სართული? უარესად ავფორიაქდი. ეს რეზო არ იყო, მამამისი _ მით უმეტეს.
_ სად წახვალთ? ახლა თქვენი წასვლა იქნება? მობრძანდით, მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა. მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სტუმრის დახვედრა არ მეშლება, _ სასიამოვნოდ ჟღერდა მამაკაცის ხმა.
ახლაღა შევხედე დაკვირვებით. ასე, ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. მაღალი, მოხდენილი, საფეთქლებთან ოდნავ შერეოდა ჭაღარა, შავგვრემანი იყო და შავთვალება.
_ უკაცრავად, ქევხიშვილები აქ არ ცხოვრობენ? _ როგორც იქნა, მოვისაზრე, რაც თავიდან უნდა მეკითხა.
_ არა, აღარ ცხოვრობენ. კარგა ხანია, აღარ ცხოვრობენ. შემოდით, ასე ხომ არ ვისაუბრებთ. კარში რატომ უნდა ვიდგეთ?
გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი. შევედი. მივიხედ-მოვიხედე. აშკარა იყო, აქ უკვე სხვა ცხოვრობდა, ეს არ ჰგავდა ანტიკვარებით გამოტენილი პროფესორის ბინას. აქ სხვა _ ხელმოკლე და, რა თქმა უნდა, «არაპროფესორი» ვინმე ცხოვრობდა. დათუნა პატარა სათამაშო მანქანებით ერთობოდა ოთახის კუთხეში. ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემთვის.
_ ყავა დავლიოთ, კარგი?
სუნთქვა შემეკრა.
მორიდებით დავუქნიე თავი… «თქვენ რა გქვიათ?» _ უნდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე.
_ მაგდა, მაგდალინა, _ თქვა უცებ მამაკაცმა.
«ღმერთო ჩემო, რა ხდება?» _ გამიელვა გონებაში.
_ ახლა არ მითხრათ, რომ ბაღში შეყვარებული გყავდათ და მასაც მაგდა ერქვა, _ ხმა ამიკანკალდა.
_ არა, არა. რატომ გგონიათ? _ გაიცინა და სათვალე მოიხსნა, _ უბრალოდ მომწონს, კარგი სახელია. მე გიორგი მქვია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, _ წარმომიდგინა თავი და ხელი გამომიწოდა.
_ ჩემთვისაც სასიამოვნოა, _ როგორც იქნა, მოვეშვი და ხელი ჩამოვართვი.
რა ცუდი თვისება მაქვს _ ყველაფერზე ვწითლდები. ჩემს მასპინძელს ეს არ გამოპარვია.
_ გაწითლება წესიერი ადამიანის თვისებაა. ასე რომ, ნუ იდარდებთ ამაზე, _ ღიმილით დააყოლა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
დათუნამ, როგორც იქნა, «მოიცალა» ჩემთვის. მანქანები მომირბენინა და აჭყლოპინდა.
_ აი, მამიკომ რა მაჩუქა! _ «მახარა» და თავისი ნადავლი ჟურნალების მაგიდაზე დაახვავა.
_ ჩუმად, შე საძაგელო! _ ხმას დავუწიე, _ ეს ძია შენი მამიკო არ არის, _ თითი მივადე ტუჩზე.
_ ვიცი, მაგრამ ასე მითხრა, თუ გინდა, მე ვიქნები შენი მამიკოო.
როგორ შემრცხვა! სრულიად უცხო ადამიანს შინ შემოვუვარდი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ბრალმდებელივით მამობაც დავაბრალე! ავწრიალდი. ნათია ვერ გადამირჩება!
_ დათუნა, დადე ეგ მანქანები თავის ადგილზე და წავედით სახლში, _ მთელი სერიოზულობით მივმართე ბავშვს და წამოვდექი.
_ ო-ო-ო! ვიყოთ ცოტა ხანს, რა? კარგი? გეხვეწები, სულ, სულ ცოტა ხანს, _ ფეხები ჭირვეულად დააბაკუნა დათუნამ და თითით ყელი გამოიწია.
ამასობაში გიორგიც გამოჩნდა სინით ხელში. ყავა მოჰქონდა. იძულებული გავხდი, კვლავ დავმჯდარიყავი.
_ თქვენ იცნობდით გურამის ოჯახს? _ მკითხა და ფინჯანი დამიდგა.
_ დიახ, ჩემი მეგობარი ქალბატონ ეთერთან ემზადებოდა, _ კვლავ გავწითლდი.
_ კარგი კაცი იყო, საწყალი. რომ გარდაიცვალა, იცით ალბათ, არა?
_ არა, არ ვიცი. რა მოუვიდა?
_ ინფარქტი.
_ დიდი ხანია?
_ სამი წელი იქნება. მერე ძალიან გაუჭირდათ. ვალები დაედოთ და გაყიდეს ეს ბინა.
_ რას ამბობთ! რა ვალები? _ ამ ცნობამ უარეს ხასიათზე დამაყენა.
_ ბიჭის გამო. კაზინოში თამაშობდა თურმე. ეთერი ვერ აუდიოდა მევალეებს, სანამ გურამი ცოცხალი იყო, კიდევ ახერხებდნენ რაღაცას, მერე კი… უკან-უკან წაუვიდათ საქმე.
_ ახლა სად არიან?
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. სადღაც სხვაგან იყიდეს ბინა. რეზო ამერიკაში აპირებდა წასვლას. წავიდა თუ არა, არ ვიცი. არ შემხმიანებიან.
_ რა საწყენია…, _ ჩავილაპარაკე ჩემთვის.
_ ნამდვილად. გურამი კარგი ადამიანი იყო, _ დამიდასტურა გიორგიმ.
_ შაქარი ხომ არ აკლია?
_ არა, არა, ძალიან გემრიელია, გმადლობთ, _ გავუღიმე.
_ ბოდიშს გიხდით ასეთი არეულობისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ უქალო ოჯახის ამბავი. ცოლი მე არ მყავს და შვილი, ამიტომ… მეპატიება. რომ მცოდნოდა, თქვენნაირი მშვენიერი სტუმრები მომივიდოდნენ, უკეთეს მასპინძლობას გაგიწევდით, დამერწმუნეთ, _ იმართლა თავი.
_ არა, რას ამბობთ! ისედაც შეგაწუხეთ.
_ ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, _ გიორგი უცებ წამოდგა და კვლავ სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში ვაზაზე დაწყობილი ხილი შემოიტანა.
_ ხილი ყოველთვის მაქვს, მით უმეტეს, ატამი. ძალიან მიყვარს. ბავშვსაც აჭამეთ და თქვენც. მიირთვით, ნუ მოგერიდებათ.
_ ნუ წუხდებით, ძალიან გთხოვთ.
_ სულაც არ ვწუხდები, თქვენნაირ ქალს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუმასპინძლდები. ოღონდ ეს სიტყვები ქათინაურში არ ჩამითვალოთ, გულით გეუბნებით, _ შემომცინა.
_ გმადლობთ, _ დავიმორცხვე.
_ სწავლობთ, მაგდა? _ დაჯდა და ატმის გათლას შეუდგა.
_ დიახ.
_ სად სწავლობთ, თუ საიდუმლო არ არის?
_ სამედიცინოზე.
_ო-ო-ო! ეს კარგია, ესე იგი, კარგი ექიმი იქნებით.
_ არ ვიცი, ვნახოთ.
გიორგიმ ბავშვს გადახედა. ზუ-უ-უ-უ! _ დაატარებდა იგი მანქანას და თავისთვის დუდუნებდა.
_ მშვენივრად ერთობა, რას ერჩი! _ გაიცინა გიორგიმ, _ იცი, რა მკითხა, კარი რომ გავაღე? _ უცებ შენობით მომმართა. მეხამუშა.
_ არა, _ დაბნეულად ვუპასუხე.
_ ჩემი მამიკო შენა ხარო? _ კვლავ გაიცინა.
_ მე ვუთხარი, არა ვარ, მაგრამ შენ თუ გინდა, ვიქნები-მეთქი!
ჩრდილმა გადამირბინა სახეზე. შეამჩნია.
_ რამე ისე ხომ არა ვთქვი? _ ფრთხილად მკითხა.
_ არა, არა, _ ხელები გავასავსავე.
_ ისე, აწი კი უნდა მყავდეს ამხელა შვილი. თავის დროზე რომ დავოჯახებულიყავი, შეიძლება ბევრად უფროსიც მყოლოდა, _ თავი ისე გადააქნია, თითქოს დაგვიანებას ნანობსო.
_ მერე? რამ შეგიშალათ ხელი? _ რაღაც ხომ უნდა მეთქვა, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
_ ვერ გეტყვით. რატომღაც ვერ გავრისკე. ოჯახი სახუმარო საქმე არ არის. ოცდაათ წლამდე ვითომ არ ვიჩქარე. მერე კი… გეზარება კაცს ცოლის მოყვანა. დაძალებით კი ჩემთვის არავის დაუძალებია, თორემ შეიძლება კიდევაც მეფიქრა.
_ როგორ? თქვენს მშობლებს შვილიშვილი არ უნდოდათ?
_ მშობლები, სამწუხაროდ, არ მყავს, უკვე თითქმის ათი წელია.
_ უკაცრავად.
_ არა უშავს, საბოდიშო აქ არაფერია.
_ შენ არ აპირებ გათხოვებას? _ თვალებში ჩამაშტერდა.
_ მე არც ვყოფილვარ გათხოვილი, _ თვითონაც არ ვიცი, რატომ გამოვიჩინე ასეთი გულახდილობა ახალგაცნობილი მამაკაცის წინაშე.
_ მაგას მივხვდი…
_ დათუნაც…
_ ვიცი, ეგეც ვიცი. არ არის საჭირო არაფრის თქმა. მითხრა, ჩემი დედიკოს ამხანაგიაო. მე შენს მომავალზე გესაუბრები. არ აპირებ? _ «გათხოვებას» აღარ დაამატა.
_ როგორ გითხრათ, კაბის კალთები ჯერ არავის დაუხევია, _ გავიცინე.
_ რომ დაგახიონ?
შევცბი. რისი თქმა უნდა? საითკენ უმიზნებს?
_ ვის რაში ვჭირდები, _ თავმდაბლობა გამოვიჩინე.
_ იქნებ ჭირდები? _ ეშმაკურად იკითხა.
_ ვის? _ ავყევი მის გამოწვევას.
_ თუნდაც ჩემნაირ მამაკაცს.
სიჩუმე ჩამოვარდა. თვალები დავხარე.
_ თქვენნაირმა მამაკაცმა რა იცის, მე როგორი ვარ, _ ყრუდ ვთქვი ცოტა ხნის მერე.
_ მე ფსიქოლოგი ვარ, ადამიანებში კარგად ვერკვევი. რადგან ვთქვი, ესე იგი, ვიცი.
დაახლოებით ერთი პროფესიის ვყოფილვართ, გავიფიქრე.
_ არ გირჩევთ ასეთი ნაადრევი დასკვნების გამოტანას, _ თითის დაქნევასავით გამომივიდა ნათქვამი.
_ მე მგონი, სწორედ რომ დროული დასკვნებია. შენნაირ ლამაზ ქალს არ შეიძლება მახინჯი სული ჰქონდეს. რას იტყვი, ხომ არ ვცადოთ?
_ არ ღირს ამაზე საუბარი, ბატონო გიორგი, _ საკუთარი ხმა თავად არ მესიამოვნა. ასე უცებ ასეთი «საპატიო» წინადადება დაუჯერებელი იყო ჩემთვის.
_ ცუდად ნუ გამიგებ, მაგდა. მე სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი. ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. არ გაჩქარებ. მე პატარა აღარა ვარ. 38 წლის ვარ უკვე, დავიღალე სხვისი შვილების ფერებით. დისშვილები მყავს. ეს მანქანები მაგათია. აწი საკუთარიც არ მაწყენს. ვიცი, ახლა ამაზე საუბარი აბსურდია, მაგრამ ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. ცხოვრებამ მწარე გამოცდა ალბათ შენც ჩაგიტარა. ხომ ასეა? მერე ჩემს წარსულსაც მოგიყვები. თუ დაგაინტერესებს, რა თქმა უნდა. დათუნა იმედია, შვილივით გიყვარს, მერე ჩვენც გვეყოლება შვილები… მგონი, არ იქნება ურიგო საქმე. შევხვდეთ ერთმანეთს, უფრო ახლოს გავიცნოთ, იქნება და ყველაფერი გამოგვდის? რას იტყვი? ვცადოთ?
გაგრძელება იქნება