„არ შეიმჩნიო ის, რაც ხდება, დადგე და სპექტაკლი ითამაშო, ან განაგრძო ცხოვრება, რანაირად შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა?!.. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელთანაც უბრალოდ ვეღარ ვკონტაქტობ. რომ შევხვდებით, ამინდზე ხომ არ ვილაპარაკებთ და ძალაუნებურად ჯახი მოგვდის…იცით, რა გამახსენდა? ამ „გამჭვირვალობის კანონზე“ რომ იყო საუბარი, კობახიძემ, 2023-ის მარტში თქვა მგონი, ხალხის აზრს ვითვალისწინებთ და უკან გვაქვსო. მერე 2024-ში მდინარაძე გამოდის და ამბობს, აღდგა ეს კანონიო. ეს არის ხალხის მოტყუება. ძალიან მაღიზიანებს, რომ არ იმჩნევენ. დიალოგში შემოსვლაზეც აღარაა ლაპარაკი. ცოტა დაცინვაა.
ამ თავ-პირის მტვრევაში, მართლა ბრძოლის ველზე, ორი საათის მერე, აწყობენ ნაძვის ხეს. ვითომც არაფერი. ჩემზე მეტად არავის უხარია ახალი წელი, მაგრამ ამის ხასიათზე არ ვარ. ხომ შეიძლებოდა, მთავარი ნაძვის ხის რიყეზე, ან სხვა მოედანზე დადგმა?”- ამბობს ეკა ჩხეიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და არაერთ ფილმშიც იღებდა მონაწილეობას.ეკა ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავას შვილიშვილია.
"ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სახლში შემოსვლა არ მინდოდა და ხან ხიდან გადმოვვარდი, ხან მოტოციკლის ტარებისას დავილეწე... სულ ვცელქობდი, ბიჭებთან ერთად ბურთს ვთამაშობდი და ჩემი საქციელით გოგოს საერთოდ არ ვგავდი. ხომ წარმოგიდგენიათ, რას განიცდიდა დედაჩემი, რომელიც 7 წლიდან მარტო მზრდიდა? მამა ჩემს აღზრდაში არ ერეოდა და ჩემს ცელქობასაც ვერ ხედავდა. არ იფიქროთ, რომ რაღაცას სერიოზულს ვაშავებდი, მაგრამ ძალიან ხულიგანი ბავშვი კი ვიყავი.
ალბათ, მკითხავთ, მინდოდა თუ არა ბავშვობაში მსახიობობა და მეც გიპასუხებთ - არა! ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. ხელი იმან შემიშალა, რომ ქიმია-ბიოლოგიის სწავლა არ მომწონდა. აი, ასე ვთქვი უარი ექიმობაზე. მერე თეატრალურში ჩავაბარე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი - სწორედ ამან განაპირობა, რომ საბოლოოდ სცენა და მსახიობის კარიერა ავირჩიე", - იხსენებდა მსახიობი.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მსახიობობაზე არ უოცნებია, ალბათ, ცხოვრების ეს გზა მისთვის გარდაუვალიც კი იყო. შეუძლებელია, იზრდებოდე ასეთ ოჯახში და შეპყრობილი არ იყო იმ საოცარი სამყაროთი, რასაც თეატრი ჰქვია:
"პირველი, ყველაზე ემოციური როლი მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ "ზაფხულის ღამის სიზმარში" შევასრულე. ეს საოცარი სპექტაკლი თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრში დადგა და სწორედ მაშინ მივხვდი, რა დიდი სიამოვნებაა კარგ რეჟისორთან და კარგ პარტნიორებთან ერთად, კარგ პიესაზე მუშაობა. ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი სპექტაკლი, როდესაც მივხვდი, რომ სცენაზე დგომა ჩემი ნამდვილი მოწოდება იყო. ის, რომ მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი გახლდით და მასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა, ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემგან ექიმი არ გამოვა და სხვა რა გზა მაქვს? - თეატრში უნდა დავრჩე და სცენის მტვერი ვისუნთქო... გაგრძელება