ვცადეთ… გაცნობიდან სულ რაღაც სამ თვეში ხელი მოვაწერეთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გიორგი მზრუნველი მეუღლე აღმოჩნდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვიჩქარე. ჯერ კარგად უნდა გამეცნო და მის ცოლობაზე მერე მეფიქრა. იგი ასაკით ბევრად უფროსი იყო ჩემზე, ეს კი მე ვერ გავთვალე. ისე ვიყავი თავგაბეზრებული თაყვანისმცემლებისგან, მისი მიდგომა ყველაზე არაორდინარულად მეჩვენა, სხვანაირი იყო, გამოირჩეოდა ყველასგან და ამიტომაც მომხიბლა ასე ადვილად. არადა… ისეთი ეჭვიანი აღმოჩნდა, გული მქონდა გაწყალებული. ყოველ წუთს მითვლიდა, რატომ დააგვიანე, დღეს ხომ ოთხი ლექცია გქონდა, აქამდე სად იყავი, სად გაიარე, ვისთან ერთად გამოხვედი ინსტიტუტიდან და რა ვიცი, საჩხუბარი საბაბი არ ელეოდა. თავიდან ვითმენდი, ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც მას გაუხარდებოდა, მაგრამ სანამდე? ყველაფერს აქვს საზღვარი. ბოლოს და ბოლოს, გაწყდა ჩემი მოთმინების ძაფიც. მისი ეჭვიანობა უკვე ავადმყოფური გახდა. ტელეფონი რომ დარეკავდა, შუა ლაპარაკში ხელიდან გამომტაცებდა ყურმილს, ალბათ «იმან» ქალს დაარეკინა და ახლა თვითონ გელაპარაკებაო. ჩვენი ურთიერთობა თანდათან გართულდა. ყოველი სიტყვა უნდა გამომეზომა, რამე «ისეთი» არ წამომცდენოდა. მერე დაიხვევდა ხელზე ჩემს ნათქვამს და, როცა შეთვრებოდა, მაშინ გამიხსენებდა. ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ამის ატანა უკვე აღარ შეიძლებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ არა და არ დაადგა ჩემს დაორსულებას საშველი. ხოლო როცა ორდინატურაზე მიდგა საქმე, კინაღამ გადაირია, საავადმყოფოში სამუშაოდ არ გაგიშვებ, შენ შინ უნდა იჯდე და მხოლოდ ჩემზე უნდა იზრუნოო. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. შევკარი ჩემი გუდა-ნაბადი, ერთ დღესაც დავუტოვე ძალიან მწარე წერილი და ჩემებთან გადავბარგდი. მამაჩემი გადაირია, დედამ კივილი მორთო, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი იყო. ერთხელ ვთქვი უარი და მორჩა, გადაფიქრებას არ ვაპირებდი.
გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა. მივხვდი, არ მიყვარდა _ არც ახლა და არც მაშინ, როცა მივთხოვდი. ვიჩქარე, შეცდომა დავუშვი და არ მსურდა, ამ შეცდომის მსხვერპლი გავმხდარიყავი მთელი ცხოვრება. აღარაფერი მაკავშირებდა მასთან. სიყვარულით მხოლოდ ლუკა მიყვარდა, ისევ და ისევ ლუკა. რა ვიცი, იქნებ გიორგიზე დაქორწინება ქვეშეცნეულად ლუკაზე შურისძიების მცდელობაც იყო? გიორგი ფსიქოლოგი იყო და მალევე მიხვდა, რომ არ მიყვარდა და ალბათ ეჭვიანობაც ამის ნიადაგზე დაიწყო. შინაგანი ბუნებაც უწყობდა ხელს, ხასიათშიც ჰქონდა ეს თვისება. ამიტომაც სულ ათი თვე გაგრძელდა ჩვენი ოჯახური ტანდემი.
ხედავთ, როგორი უიღბლო ვარ? მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ბარე ორი ვერ მაჯობებს, სიყვარულში მაინც არ მიმართლებს. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იწყება, მე ვიტყოდი, არაჩვეულებრივადაც, მაგრამ… ბოლოს ყველა ურთიერთობა კრახით მთავრდება. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: რატომ? რა არის მიზეზი? ახსნას ვერ ვპოულობ, არ ვიცი და მორჩა. უინტერესო ნამდვილად არა ვარ, იმიტომ, რომ ყველა მამაკაცი, ვის გვერდითაც თუნდაც ცოტა ხანი გამიტარებია, აღფრთოვანებულა ჩემით. სექსუალურობა? კი ბატონო, უმაღლეს დონეზე. ხასიათი? ბრწყინვალე. განათლება? უმაღლესი. ანგელოზივით სახე მაქვს, ახლობლები «პირმშვენიერს» მეძახიან, მაშ რაღა დარჩა? რა აკლია ჩემს სრულ ბედნიერებას? რატომ დაიწყო ჩემი ყველა სიყვარული ზღაპარივით და რატომ დამთავრდა მწარე რეალობით? ალბათ არის კითხვები, რომელსაც პასუხი არა აქვს. შეიძლება სწორედ ის მაკლია, რასაც იღბალი ჰქვია. იღბალი, რომელიც განგებამ უნდა გიბოძოს რაღაც დოზით. ჩემთვის ალბათ ყველაზე მცირედ გაიმეტა. ვერაფერს იზამ. ცხოვრება თამაშია. თუ კარგი «შულერი» ხარ, ფორტუნა არ გიმტყუნებს, თუ მოყვარული ხარ, შეიძლება რაღაცას მიაღწიაო, მაგრამ თუ «ფრაერი» ხარ, ჩათვალე, რომ განწირული ხარ. თუმცა უცნაური არსებები ვართ ადამიანები. იმედს არასდროს ვკარგავთ. ყოველთვის გვგონია, რომ გამოჩნდება ვინმე სხვა, უკეთესი, რომელიც გაგიცნობს ზუსტად ისეთს, როგორიც ხარ და მოგანიჭებს იმ ბედნიერებას, რომელსაც იმსახურებ. სიყვარული… განა რა არის სიყვარული? ეს ხომ იმედია, რომელიც ბედნიერებას გვპირდება, იმედი, რომ მორიგი მარცხის შემდეგ გაიღვიძებ და ყველაფერს თავიდან დაიწყებ…
კოკას შემთხვევაში როგორ იყო? სწორედ ისე, როგორც ზღაპარში. სიზმარივით დაიწყო ყველაფერი.
გიორგის რომ დავშორდი, კაცის ხსენება ისევ შემძულდა. ახლოს არ ვიკარებდი არც ერთ მამაკაცს, ნებისმიერთან სიახლოვეს გავურბოდი. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. ამასობაში დავამთავრე, მუშაობაც დავიწყე, კარგი თანამშრომლისა და მეგობრის სახელიც მოვიპოვე, მაგრამ კაცი, როგორც ასეთი, ჩემ გვერდით არ გაჭაჭანებულა. ყველას მიმართ დავკარგე ნდობა, მათში მხოლოდ ჩამი სხეულის დაუფლების მსურველს ვხედავდი. «მონადირეთა» რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, კომპლიმენტები, სატელეფონო ზარები, სიყვარულის ორიგინალური ახსნები… მაგრამ არა და არა, ჩემი გულის დაპყრობა ვერავინ მოახერხა. ალბათ ვინმე განსაკუთრებულს თუ ვეძებდი. არ მიზიდავდნენ მამაკაცები, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ ჩემს მოხიბვლას, ისეთი კი არ გამოჩნდა, რომელზეც მე გამოვაცხადებდი «ნადირობას». გულთან ახლოს არავინ მოდიოდა. რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ კომპლექსები გამიჩნდა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც, სიბერემდე უკაცოდ არ დავრჩე-მეთქი. თუმცა…
ერთხელ მაიამ დაგვპატიჟა გოგოები დაბადების დღეზე. მაია ჩვენთან მუშაობს კლინიკაში, პედიატრია. ექვსი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა. ძალიან დავუახლოვდი, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, ამიტომ ადვილად ვუგებდით ერთმანეთს. მას ჩემ შესახებ ყველაფერი ვუამბე. არც თავად ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. ორჯერ უყვარდა ცხოვრებაში და არც ერთხელ არ გაუმართლა. პირველი სიყვარული დაქალმა «დააწერა». ვითომ შუამავლის როლს თამაშობდა და თურმე ჩუმ-ჩუმად «ორმოს უთხრიდა». საბოლოოდ ისე გამოვიდა, როგორც ერთ გამოთქმაშია: «ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს მოვახერხე ჩემთვისაო». ჰოდა, სწორედ რომ მის «ცხვირწინ» დაქორწინდნენ. მაია კი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული.
მეორედ… მეორედ, ეს უკვე სტუდენტობისას, მოიტაცა შეყვარებულმა. აბა, მოსატაცებელი რა სჭირდა, მაიკო ისედაც გაჰყვებოდა, ისე ძალიან უყვარდა ლევანი, მაგრამ სადედამთილომ დაიწუნა. ცოცხალი თავით არ ისურვა მისი რძლობა _ ამიტომ თვითონაც იკავებდა თავს, არ თანხმდებოდა ლევანს ცოლობაზე. ისიც ადგა და მოიტაცა. მოტყუებით ჩასვა მანქანაში, სახლამდე მიგიყვანო. ორნი იყვნენ, თან ვიღაც გოგო ახლდა, ჩემი მეზობელიაო, ასე უთხრა. ცოტა ხანში, როცა «გზიდან გადაუხვიეს» და მაია მიხვდა, რომ იტაცებდნენ, ქვეყანა დააქცია. იმდენი ქნა, უკან მოაბრუნეს და საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩამოსვეს… მას მერე ლევანი არ გამოჩენილა. მერე კი… ის მეზობელი გოგო შეურთავს ცოლად. ეს ცოტა გვიან გაიგო. რაღას იზამდა, ბედს შეურიგდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაიკო ახლა 32 წლისაა. იმ ორი «ხელმოცარვის» შემდეგ შეყვარების «მცდელობა» არ ჰქონია. არც კი უფიქრია მამაკაცისკენ გახედვა. ბედი არ მწყალობსო, შესჩივლა საკუთარ თავს და შინაბერად დარჩენა გადაწყვიტა. არადა, რა სჭირს სამაგისო. მშვენიერი ქალია. არც ტანი აკლია, არც ფეხი. მართალია, მოდელის «სიგრძე-სიგანე» არა აქვს, მაგრამ არც უმაგისობაა. მამაკაცები გულგრილად ვერ უვლიან გვერდს. ეს კი ჩემსავით ახლოს არავის იკარებს. მას მერე ისეა დაშინებული, კაცის სახელს ვერ უხსენებ. ამ ბოლო დროს ხომ «პერსპექტიული» საპატარძლო გახდა. ბინაც აქვს, მანქანაც იყიდა, არც უფულობას უჩივის… აბა, რომელი «მამაძაღლი» იტყვის ასეთ ქალზე უარს?
ისეთი ლამაზი ნაკვთები აქვს, ნუ ამწნილებ შენს სილამაზესო, ჩასჩიჩინებენ კოლეგებიც და მეგობარი გოგონებიც, მაგრამ მაიას არაფრის გაგონება სურს. ეშინია, ჰგონია, რომ კაცებს მხოლოდ მისი «პერსპექტიულობა» ხიბლავთ. შეიძლება ასეც იყოს. იმის გულისთვის, რომ ქმარი ჰყავდეს და გათხოვილი ქალის სახელი ერქვას, ხომ არ გაიუბედურებს ცხოვრებას? მაიას სარჩენი რომ შეიქმნას ის ვიღაცა? ისეთი ბედი აქვს, უმუშევარი და უსაქმური შერჩება ხელთ. ხომ იცის თავისი თავის ამბავი. ამიტომ აუტკივარ თავს ძალად არ იტკივებს. არ უნდა გათხოვება. ზედმეტი ტვირთი არაფერში სჭირდება. მარტო ყოფნა და თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია.
აი, ასე ერთნაირად ვფიქრობდით მე და მაია მაშინ, ზუსტად სამი წლის წინ. ჩვენს ცხოვრებაში ერთი კაციც არ გამოჩენილა ისეთი, სერიოზულად მოგვწონებოდა და მის შეყვარებაზე «გაკვრით» მაინც გვეფიქრა. არც არის საჭირო, გამოვიტანდით საბოლოო დასკვნას და ორივეს გვეღიმებოდა.
ჰოდა, იმას ვამბობდი, მაიამ დაბადების დღეზე დაგვპატიჟა სამნი _ ნია, მე და ჯულიეტა. ნია და ჯულიეტა ორივე გათხოვილია, ქმრებიც ჰყავთ და შვილებიც, ჩვენსავით «უშვილძიროები» არ გეგონოთ. საათივით აქვს აწყობილი ცხოვრება. ჟულიეტას ქმარი ჩვენი მთავარი ექიმის მოადგილეა, ავთო, კარგი კაცია, სხვათა შორის. ნიას ქმარს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, საქმიანი კაცია, ცხოვრებაში სხვა ქალისკენ არ გაუხედავსო, ამბობენ… ვინ იცის… გამიგრძელდა თხრობა…
გრანდიოზული დაბადების დღე არ ჰქონია მაიას. ჩვეულებრივი, მოკრძალებული სუფრა გაშალა. საინტერესო მხოლოდ ერთი რამ იყო _ აიჩემა, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნო, ჩემი ძმის ძმაკაცია, მაგარი ტიპია, ღვინის ქარხნის დირექტორი, ფულიც აქვს, ბინაც, მანქანაც და საერთოდ, უზრუნველად ცხოვრობსო. თუმცა ამ «მეღვინეს» ერთი ნაკლი ჰქონია _ მისი მოსაწონი ქალი თურმე ჯერ არ მოვლენილა ამ ქვეყანაზე. რაღა მე გამომარჩევს-მეთქი, გამეცინა, რა დამსახურებისთვის? შენ სხვანაირი შარმი გაქვს, კაცები შენს დანახვაზე სიყვარულის ბადეში ადვილად ებმებიანო. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ რას ვკარგავდი, თვალს მაინც შევავლებდი «უკარება» დირექტორს, რომელსაც სახელად კოკა ერქვა. დიახ. დიახ, ის ლეგენდარული კოკა, რომელმაც ძალიან ადვილად გამცვალა მერე სხვაში.
ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. კოკა მალე გამოჩნდა მაიას ძმასთან, თემოსთან ერთად. შევხედე თუ არა, ვაღიარებ, მაშინვე მომეწონა, მზის შავი სათვალე ეკეთა, მაგრამ ვიგრძენი, რომ იმ სათვალის მიღმა რაღაც საოცრება იმალებოდა. შემოსვლისთანავე დაყენებული მანერებით დაგვიკრა თავი, გაგვეცნო და წამიერად მოავლო თვალი ოთახში მყოფთ. მომეჩვენა, თითქოს მზერა ყველაზე დიდხანს ჩემზე შეაჩერა. მერე სათვალე მოიხსნა და პერანგის ჯიბეში ჩაიდო. შევხედე და… რაღაც შეტოკდა გულში. მაიკოს არ მოვუტყუებივარ. მართლა კარგი ვინმე იყო. მის ხორბლისფერ კანს ულამაზესი ნაცრისფერი თვალები უკეთებდა «აკომპანემენტს», უძირო, მრავლისმეტყველი თვალები, ერთი შეხედვით რომ გაგაქვავებდა ადგილზე.
მაგიდას მათი მოსვლისთანავე მივუსხედით. კოკა კარგი თანამეინახე აღმოჩნდა. მართალია, სერიოზული კაცის იმიჯის შექმნას ცდილობდა, მაგრამ ისეთი კარგი იუმორი ჰქონდა, ადვილად შეეძლო ნებისმიერი ქალის შებმა. ნამდვილად ვერ გაექცეოდი ასეთი მამაკაცის ფლირტს. მშვენივრად მოვილხინეთ. შიგადაშიგ თვალი გამექცეოდა ხოლმე მისკენ, ის კი ზედაც არ მიყურებდა. მთელი ქეიფის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს «ისე». ცოტა დავლიე, რომ შებოჭილობისაგან გავთავისუფლებულიყავი. სხვებიც შეზარხოშდნენ. ცეკვის დროც მოვიდა. რადგან მხოლოდ ორი მამაკაცი გვყავდა, «ადვილად» ვერ დავწყვილდებოდით. ალბათ ამიტომ თუ მოხდა, რომ კოკამ «პირველ ჯერზე» იუბილარი გაიწვია, მე კი თემოს კავალრობა მერგო. შემდეგ «უკარება მეღვინემ» ნია გაიწვია, მერე ჯულიეტა და ბოლოს მე «მომადგა». წელზე ხელი შემახო თუ არა, ცეცხლი წამეკიდა სხეულზე, კინაღამ კანკალმა ამიტანა. ხელები მხრებზე დავაწყვე და დავტრიალდით. მის სუნთქვას ისე ახლოს ვგრძნობდი, ლამის იყო, ლოყა ლოყაზე მივადე, მით უმეტეს, რამდენიმე ჭიქა დალეული მქონდა და სითამამე არ მაკლდა. კიდევ კარგი, არ «წამიცდა» ლოყა. შუა ცეკვისას მოულოდნელად მკითხა.
_ მგონი მოგწონვარ, არა?
იმდენად თავხედური შეკითხვა იყო, კინაღამ შევხტი. როგორი თავდაჯერებულია? ეტყობა, ქალებში პოპულარობას ისეა მიჩვეული, ყველა ერთნაირი ჰგონია. თუმცა არც ჩემს შემთხვევაში შემცდარა, მაგრამ ამას შევიმჩნევდი?
_ როგორც პიროვნება _ კი, მაგრამ როგორც მამაკაცი _ არა, _ მუშტი რომ მოხვედროდა, ალბათ ისე არ ეტკინებოდა, როგორც ჩემი სიტყვები.
_ ასეთ პასუხს მიჩვეული არა ვარ, _ თქვა და გაიღიმა.
_ მივხვდი.
_ ამიტომაც მომახალეთ ასე? _ კვლავ გაიღიმა.
_ ამიტომ არა, მე სიმართლე «მოგახალეთ», თქვენ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებით, არ გეწყინოთ.
უსინდისოდ ვტყუოდი და ვერ ვგრძნობდი, ჩემი ასეთი კატეგორიულობით როგორ გავეცი ჩემი საიდუმლო.
_ არა, საწყენი არაფერია. აბა როგორი მამაკაცი ჯდება თქვენს გემოვნებაში?
_ სამწუხაროდ, ასეთი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია. როგორც ჩანს, ჯერ არც დაბადებულა.
_ ჰო-ო-ო, მაშინ უნდა გაგაწბილოთ. აწი რომ დაიბადება, უკვე ძალიან გვიან იქნება.
_ არა უშავს, ავიტანთ. «მიახლოებითი» თვისებებით შემკული მაინც გამოჩნდება ვინმე.
_ მაინც როგორია ის «მიახლოებითი» თვისებები?
_ როგორ გითხრათ… პირველ რიგში, ქალის ფასი უნდა იცოდეს, ქალის წონა.
_ თქვენ რა, იყიდებით?
_ დაახლოებით, _ მეც გამეცინა.
_ და რა ღირს ქალბატონი მაგდა?
_ ქალბატონი მაგდა შეუფასებელია, თქვენ ვერ შეწვდებით.
_ არც მიფიქრია, უბრალოდ, ისე ვიკითხე, _ გულგრილად თქვა და ღიმილით შემომაჩერდა.
ხასიათი გამიფუჭდა. მომიგო. ამას ალბათ ერთით ნოლი ერქვა მის სასარგებლოდ. არ შევიმჩნიე.
_ ტყუილად გეწყინა, მართლა არ მიფიქრია, _ ისე გასცა პასუხი ჩემს ფიქრებს, თითქოს ხმამაღლა მეთქვას.
_ საიდან მოიტანეთ, რომ მეწყინა?
_ თქვენმა თვალებმა მითხრა და არა მარტო ეს, სხვა ბევრი რამეც.
_ მაინც რა? _ დავაკვესე ჩემი «გამყიდველი» თვალები.
_ ის, რომ ძალიან მოგწონვართ. ნუ ცდილობთ ამის დამალვას, მაინც ვერ შეძლებთ.
_ მე დასამალი არაფერი მაქვს. სამწუხაროდ, ძალზე ნაადრევი დასკვნები გამოგაქვთ.
_ ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ყოველი შემთხვევისთვის, აი ჩემი ტელეფონი, აქ წერია, _ თქვა და შარვლის უკანა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა.
გამოვართვი, რა უნდა მექნა, არა, ბატონო, თქვენი მართხკუთხა ლურჯი ქაღალდი არაფერში მჭირდება-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი?
ცეკვა დავამთავრეთ თუ არა, თავი გავიგიჟე, უნდა წავიდე-მეთქი, მაიას ხვეწნას ყური არ ვათხოვე, «დავიხურე ქუდი» და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე. ხმა არ ამოუღია _ ან გაგაცილებ, ან მე წაგიყვან, ან რამე… ნული რეაქცია. გაწბილებული მივუყვებოდი ქუჩას. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა. რა დამემართა, ასეთი რა შემეტყო, რომ ეგრევე გამშიფრა? ნუთუ ასე ძალიან მინდა მამაკაცი? ალბათ უკაცო სხეული თავისას ითხოვს. ჯანდაბა და დოზანა! ნეტავ სულ არ მენახა, ნეტავ არ წავსულიყავი დაბადების დღეზე!
ის სავიზიტო ბარათი კარგა ხანს იდო ჩემს მაგიდაზე. ხანდახან დავხედავდი ხოლმე, მაგრამ დარეკვა არც ერთხელ არ მიცდია, არც მიფიქრია. ან კი როგორ ვიზამდი მაგას, კოკას ვათქმევინებდი, თურმე მართალი ვყოფილვარო? არავითარ შემთხვევაში!
გაგრძელება იქნება