ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
"ეს ხმა მარტო აფროამერიკელებს და ბარბარას აქვთ" - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ბარბარა სამხარაძის ტრიუმფალური გამოსვლა "ნიჭიერის" ფინალში. ბარბარას საოცარ შესრულებას დარბაზისა და ჟიურის ოვაცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტი მოჰყვა.
ალბათ, წლების წინ ბარბარას პირველი გამოჩენა სცენაზე ბევრ თქვენგანს ახსოვს. ჩანდა, რომ მისგან ჟიურის დიდი მოლოდინები არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი იმ წამსვე შეიცვალა, როცა ბარბარამ სიმღერა დაიწყო. ძლიერმა და განსხვავებულმა ხმამ, განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავმდაბლობამ ახალგაზრდა მომღერალს მალავე მოუტანა პოპულარობა და ხალხის სიყვარული.
მიუხედავად ამისა, ბარბარა სამხარაძის გზა მარტივი არ ყოფილა. თავად ამბობს, რომ ყოველთვის თავისუფალი და ლაღი ადამიანი იყო, ამიტომ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ზოგჯერ კი - ბულინგი, ვერაფერს აკლებდა:
"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.
ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.
ახლა ბარბარა სამხარაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ხშირად წერდა ხოლმე, რომ ჭარბ წონას სხვადასხვა გზით ებრძოდა, ზოგჯერ დიეტით, ზოგჯერ - ვარჯიშით. ახლა კი ოპერაცია გაიკეთა:
"ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ.
საკუთარ თავზე ვიმუშავე. მივიღე გადაწყვეტილება გამეხსნა ყულაბა, სადაც პერიოდულად გარკვეული თანხის გადადებას მოვახერხებდი. როგორც ჩანს, ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო, ეს გადაწყვეტილება ისეთი გულით მივიღე, სამყარომ ისმინა და ისე მოხდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკას აქვს სურვილი, დაგიფინანსოს ოპერაცია და თანახმა იქნები, ჩვენი გმირი გახდეო?
ძალიან ბევრი ვიფიქრე. არ მინდოდა, ვინმესთან ვალში ვყოფილიყავი, ჩემი კლება ვიღაცის დამსახურება ყოფილიყო. მეგობარმა მითხრა, რომ ეს ორმხრივი სარგებელი იქნებოდა და ამ მიდგომამ გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა.
ყოველ დაბადების დღეს, სანთლის ჩაქრობისას, წონაში დაკლებას ვნატრობდი, წელს 24 წლის გავხდი და პირველი დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ეს სურვილი არ ჩავიფიქრე. არ ვიცი, ეს მენტალური ჯანმრთელობის გამართვაში რამდენად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შეგუების პერიოდში ვარ, რადგან ეს არის ის წონა, რომელშიც საკუთარი თავი არ მახსოვს.
მეც ახლიდან ვეცნობი ჩემს თავს. მხარზე ხელი რომ მოვისვი და ძვალი ვიგრძენი, დავიყვირე, ვაიმე, ეს რა ამომივიდა-მეთქი? არ ვიცოდი, მხრებზე ძვლები თუ მქონდა", - ამბობს ბარბარა სამხარაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.