აღსანიშნავია, რომ ნაირა გელაშვილის ცხოვრება და საქმიანობა მეტად მრავალფეროვანია. ის გახლავთ მწერალი, გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და გარემოსდამცველი. გარდა იმისა, რომ გელაშვილი აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ საქმიანობაში, იგი არის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1994 წლიდან.
ნაირა გელაშვილი 1947 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში დაიბადა. მამა ვლადიმერ გელაშვილი ცნობილი მეღვინე იყო, დედა ნინო ნოზაძე კი - დამსახურებული ექიმი. თბილისში სწავლის პარალელურად, ნაირა გელაშვილმა 1969 წლიდან მთარგმნელობით მოღვაწეობა დაიწყო. მის მიერ თარგმნილი გერმანული ფილოსოფიისა და პოეზიის ნიმუშები აქტიურად იბეჭდებოდა. 1981 წლიდან სამწერლო მოღვაწეობას იწყებს. მისი პირველი მოთხრობები ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება, შემდეგ კი - „განთიადსა“ და „ცისკარში“.
1991 წელს გამოვიდა ნაირა გელაშვილის წიგნი „ტრაგიკული გრადაცია“, რომელიც აერთიანებს როგორც ლიტერატურულ, ასევე პუბლიცისტურ წერილებს მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებზე.
2017 წელს გამოცემულ რომანში „...ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე...“ ასახულია ყველა ის პრობლემა, რაც საქართველოს დაატყდა თავს უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე და განსაზღვრა მძიმე კრიზისი ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური, რელიგიურ-მეცნიერული, საგანმანათლებლო, დემოგრაფიულ-ეკოლოგიური თუ ინტელექტუალურ-მორალური სფეროები.
მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რომანს „დედის ოთახი“, რომელიც მწერლის რიგით მეორე რომანია. ის იბეჭდებოდა პერიოდულად ჟურნალში 1986–1987 წლებში. 1987 წელს კი „მერანმა“ ერთ წიგნად გამოსცა. რომანი ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტის ანალიზს ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. ნაწარმოებში მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი, სადაც ასევე პირველი პირით თხრობაა. საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე „მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.
საინტერესოა, რომ რომანის ძირითადი კონცეპტუალური ბირთვი სამი პერსონაჟითაა წარმოდგენილი. ისინი კი ბიბლიურ პერსონაჟებს წარმოადგენენ : ელენე – ევა (ცხოვრება, ყოფნა); მათე – კაენი (მიწათმოქმედება, საკუთარი, ადამიანური ძალებით თვითდამკვიდრება, ღმერთს მოწყვეტილობა); გიორგი – აბელი (მომთაბარეობა, არამიზანსწრაფულობა, ღვთის კეთილგანწყობა, რაც ბაზალეთის სასწაულითაც მტკიცდება).
ნაირა გელაშვილი თავის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალის როლს თანამედროვე სამყაროში. მისი ნაწარმოებები იკვლევს ქალის პოზიციას პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ სივრცეებში. ამავდროულად, ის ერთ-ერთი პირველია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ვინც ემიგრაციის თემატიკას შეეხო. მწერლისთვის საინტერესოა, როგორ გადალახავს ადამიანი კულტურათაშორის ბარიერებს და როგორ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას საზღვარგარეთ.
მწერლის ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე, რაც მისი ტექსტების უნივერსალურობას უსვამს ხაზს.