რომანში მოქმედება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგში ვითარდება. მთავარი გმირი, დათა თუთაშხია იძულებული ხდება, კანონგარეშე ცხოვრების გზას დაადგეს, ხდება აბრაგი და წლების მანძილზე მეფის ჟანდარმერიას ემალება. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია კი განსხვავებულ არჩევანს აკეთებს - ის ამჯობინებს, ემსახუროს კანონს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი გახდება.
რომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობასა და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს, როგორმე დაძლიოს იგი.
რომანის პირველი ნაწილის ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე (ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენალად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან.
საირმის ტყეში არქიფო სეთურის მიერ ხალხის დამონების ისტორია კვლავ აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებაშიც. სწორედ ამიტომ რომანის ეს ნაწილი ხშირად ხვდება ხოლმე ყურადღების ცენტრში.
„ერთხელ კეტებით გაგვლახეს ეს ორი სახელიანი აბრაგი. ნამეტანი დაბეგვილები დავრჩით. მე ფეხი მქონდა მოტეხილი, დათა თუთაშხიას _ კისერი გაშეშებული და იარაც გაუმიზეზდა მკლავზე. ათ დღეს ცხენებზე ვერ შევჯექით ვერც ერთი. გასული კაცი ექიმთან მიხვალ თუ საავადმყოფოში დაწვები? ან სად იყო იქ და იმ დროში საავადმყოფოები. მისი ბრალი იყო, რომ გაგვლახეს. კაცი თვითონ არის დამნაშავე, თუ მოუვა რამე. ამაზე ანდაზაც არის ერთი, ეეე... გადამიხტა გონებიდან. ის ანდაზა ვითომ სულელ კაცებზეა ნათქვამი, მარა ჭკვიან კაცებს უფრო ემართებათ ისე. ზოგჯერ მოწყვება საქმე _ არ ჩაერიო _ არ შეიძლება. ჩაერევი და გაილახები და გვერდში ვინც გყავს, ისიც გაილახება. ფირალი კაცისთვის ზამთარია ძნელი. საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა, მასთან ვაპირებდი გამოზამთრებას.
დათა თუთაშხია წავიყვანე თან, _ საირმეზე არ ვყოფილვარო. ავედით. დავმალეთ ჩვენი იარაღი შორიახლოს, თითო რევოლვერი დავიტოვეთ მარტო. მივედით მასპინძლისას, სეთური იყო გვარად. მარტო ცხოვრობდა. ოჯახი ქუთაისში ყავდა. ერთგვარი მიწა იყო იმ ადგილებში, _ მუშებს ათხრევინებდა იმ მიწას, არჩევდნენ, რეცხდნენ, აშრობდნენ და ქუთაისში ჩაქონდათ საპალნეებით და ურმებით.
ინგლისელები ყიდულობდნენ იქ. ნავთის, წყლის დამისთანების ამოღებაში ყოფილა გამოსადეგი. კაი გვარიან ფულს აკეთებდა. ადრე მასთან ერთი ზამთარი მქონდა გატარებული. მაშინ სამი მუშა ყავდა, მეოთხე თვითონ იყო, თვითონაც თხრიდა იმ მიწას. რომ მოვდიოდი, მითხრა სეთურმა, კიდევ მესტუმრეო. დიდი ყაჩაღობა იყო იმ ხანებში, სახელისთვის ჭირდებოდა ჩემი სტუმრობა, სხვები აღარ დამეცემიანო, თვარა სხვაფრივ?! ქონდა, ალბათ, დასაცემი და გასაძარცვი.
დათას ვინაობა არ გამიმხელია, სხვა გვარით გავაცანი, თვითონ დათამ ინდომა ასე: ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო. გაიგებენ, სეთურისას უზამთრია თუთაშხიასო. დაცხებენ სეთურს, ათქმევინებენ, კიო. კიო, და ჩააგდებენ საპყრობილეში! ფორიად და ჩაჩავად თუ ვეცოდინები, დააჟინდება თავისას, ფორია იყო, თუთაშხიასი არ ვიცი არაფერიო, და დააჯერებს მათაც. ამოკრავენ პანღურს, გააგდებენ. ფორიად გავაცანი სეთურს დათა. შეგვიპატიჟა. იქ თაბაგარი დაგვხვდა ერთი, ჩემი მარჯვენა ხელიაო. მედავითნედ ყოფილა წმინდა კვირიკეში წაიკოჭლებდა პატარას და, ბოდიში ამ სიტყვისათვის, მისთანა ცინგლიანი და გაუშრობელი ცხვირი მეორე არ მინახავს არსად. მის შემაცქერალს საჭმელზე არ მიმივიდა გული. პირველად რომ სეთურისას ზამთარი ვიზამთრე, ეს თაბაგარი არ ყავდა მაშინ. მერე მოუყვანია. გააწყო თაბაგარმა სუფრა, მოიტანა ყველაფერი და ფეხზე იდგა, სანამ სეთურმა არ უთხრა, დაჯექი ახლაო. რა ხმაზე ლაპარაკობდა ის მარჯვენა ხელი, ვერ გავიგონეთ კაი ხანს, კრინტი არ დაუძრავს იმ ღამეს. ცოტა ხანი გავიდა და სეთურმა გვითხრა, _ თაბაგარს კაკო ქვიაო, და სახელები თუა რამე ქვეყანაზე, ქალის იქნება თუ კაცის, ღმერთის სამსახურში აქვს ნასწავლი, ყველა იცის და ისიც იცის, რომელი საიდან წარმოდგებაო. ამაზე, ოჯახში რომ მიხვალ სტუმრად და ბავშვს რომ ეტყვი, რამსილამაზე ხარ, შენ დაურჩი დედაშენსო, და ბავშვი რომ დაირცხვენს, თაბაგარმა სწორედ ისე ქნა: დაბერა ტუჩები, ჩაღუნა თავი, დაირცხვინა და დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. ასე მოკრძალებულად და მორცხვად იყო სულ. ერთი კია, სუფრას ქორივით დასტრიალებდა, ჩიტის რძეს არ გვაკლებდა. კოჭლი იყო, ტანმორჩილი, უზომოდ მსუქანი და მაინც ძალიან მარდად აუდიოდა ყველაფერს. მოვრჩით ვახშამს. ოთახი მოგვიჩინა სეთურმა, იყავით, სანამდე მოგბეზრდებათო. შეგვპირდა, _ დედაბერს მოგიყენებთ,გემსახურებათო“, - ყვება მოსე ზამთარაძე.
„მე რომ სეთურისას ზამთარი გავატარე, მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ ქოხის მაგიერ კაიოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე თხუთმეტი-ოცი. ჯერ ისევ რეკდა ზარი, რომ გამოცვივდა მიწურებიდან კაცი და ქალი, ბებერი და ახალგაზრდა. ყველა სეთურის სახლისკენ წავიდა ძუნძულით.
როგორი ფაციფუცი და მირბენ-მორბენა იყო!.. თხუნელებისთვის გოგირდი რომ შეგიბოლებია და ძაღლთუმრავლესი რომ ამოცვენილა ზოგი საიდან და ზოგი საიდან - ისეთი სწორედ. ერთ წუთში მიწყდა და მიწყნარდა ყველაფერი, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. მიწყნარდა და მაშინ ვიღაც კაცმა დაიწყო ლაპარაკი, მარა როგორი, თუ იცი? როგორი და, „პუტი-პუტი-პუტი-პუტი“ - ასეთი.
რას ამბობდა და რას ლაპარაკობდა, ჩვენ რომ ვიყავით ამ სიშორეზე, გელათელი მელანია ვერ მიხვდებოდა ვერაფერს. რომ გაათავა ამ კაცმა ლაპარაკი, ახლა მიწურებიდან ამომძვრალმა ხალხმა დაიწყო ბუტბუტი. ვერც მათსას გაიგონებდი რამეს, ყველა ერთმანეთის გადასწრებასცდილობდა“.
აბრაგები ხალხს მიუახლოვდნენ, რათა გაერკვიათ, რატომ ადგნენ ისინი ასე დილაადრიან და რატომ შეიკრიბნენ ისინი ერთ ჯგუფად.
„გეტყვი, რაც ამბავი ვნახეთ: ის კოჭლი მედავითნე თაბაგარი, წუხელის რომ გვემსახურებოდა და სეთურმა თავის მარჯვენა ხელად რომ გაგვაცნო, _ საგულდაგულოდ გადახერხილ კუნძზე გასულიყო და გულხელდაკრეფილი იდგა ზედ. მის წინ ორ მწკრივად გაშტრინგული ოცი თუ ოცდახუთი ქალი და კაცი რაღაც ლოცვას თუ ლექსს ლაპარაკობდა გაცხარებით. ილაპარაკეს, ილაპარაკეს და გაჩუმდნენ. ისინი რომ გაჩუმდნენ, მაშინ კუნძზე შესკუპებულმა თაბაგარმა ჩაიბუტბუტა:
_ ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს!
ნიშანი მისცა თაბაგარმა და დაიწყო ისევ მრევლმა ბუტბუტი კაი ხანს იბუტბუტეს, იმსიგრძეს რა დაიხსომებდა, მარა ერთი კია, ყველა პწკარი არქიფოთი თავდებოდა.
დამთავრდა ეს ამბავი და, თავისუფლადო, უბრძანა თაბაგარმა იმ ხალხს.
მოკეცეს ცალი ფეხი მუხლში.
_ სპირიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის დღეს სამუშაო! _ პუტპუტით გამოაცხადა თაბაგარმა.
_ პილატე სვანიძემ ჩაცხოს კისერში ერთი და გააგდოს მაქედან!
პილატე სვანიძემ ჩაცხო კისერში სპირიდონა სულანჯიას და მუჯლუგუნით გამოაგდო მწკრივიდან. მსჯავრდადებული კაცი განზე გავიდა, თოვლზე დაჯდა, მოთქმა დაიწყო, ვაი ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არავინ მიაქცია ყურადღება სპირიდონა სულანჯიას.
სმენა ბრძანა თაბაგარმა. მერე _ მარჯვნისკენო, მერე ნაბიჯითო, და წავიდა სადღაც ეშმაკებისკენ ის შემოფხრეწილ-შემობღლანძული ხალხი.
_ საით მიდის ეს ხალხი, დედიკო? _ კითხა დათამ ჩვენს დედაბერს.
_ სამუშაოზე.
_ ეგერ, ის დაგვალული კაციც სამუშაოზე მიდის თუ?
_ ეგ მიდის, თუ მიდის, თვარა...
_ სპირიდონა სულანჯიამ რა დააშავა?
_ მეტი ეკუთვნოდა, მაგ სასიკვდილეს. არქიფოს უმადლოდეს
_ დედაბერმა ენაზე იკბინა და ჯორი შემოაბრუნა:
_ არაა თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თვარა ვნახავ თქვენი კუდებით ნასროლ ქვას და ვაი-უბედურებას.
არქიფო სეთურთან საუზმეზე მისულებმა მასპინძელს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს:
„სიმართლე თუ გინდა იცოდე, რაც იმ დილით ვნახე, ისეთგუნებაზე დაგვაყენა იმან მეც და დათაც, ორივე, რომ იქნებ არაფერი გვეკითხა და ჩუმად გავპარულიყავით, მარა თვითონ დაიწყო ხუმრობა სეთურმა და შევგულიანდი მაშინ. ვიფიქრე, ვინ რას გაგვიბედავს ამ ორ სახელიან აბრაგს-მეთქი. მეც იმ ხუმრობის კილოზე ვკითხე ბალიშებში ჩაფლულ მასპინძელს:
_ რა იყო, შე კაცო, ღამიანა რომ აგვაყენა მაგ შენმა ასინეთამ!
_ ხუთ საათზე ვაყენებთ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ერთნაირია ყველასთვის, თვარა თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვს და საქმე დაზარალდება. საქმეს რომ ვამბობ, სამუშავარს კი არ ვფიქრობ _ კაცებს ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის ვლაპარაკობ... გრძელი ამბავია ეს, მოსე ბატონო!..“.
არქიფო სეთურმა მოსე ზამთარაძესა და დათა თუთაშხიას ის ადგილი დაათვალიერებინა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები სამუშაოდ მიდიოდნენ.
„მასპინძელმა ხევს გადაღმა კლდეში გამოქვაბული დაგვანახა, - ისაა მაღარო და იქ მუშაობს ჩემი ხალხიო.
_ ასე, ორასი საჟენი იქნება მაგ გვირაბის სიგრძე. აღმართში თხრიან და დაღმართში გამოაქვთ ზურგით. აქაურობა სულ მასეთი მიწაა. ის მთაც სულ მასეთი მიწაა და სხვაც, მარა ხალხს სარჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი რომ არის და იმ სიღრმიდან ზურგით რომ უნდა ატარო - შეგიყვარდება საქმე. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება. სნეული და ძნელი მოსავლელი ბავშვები რომ უფრო უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ეს?.. მარა აქ სხვაც არის კიდევ. აგერ გეტყვით. ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? შიმშილი _ ერთი. ახლა, მთლად შიმშილი კი არა, მარა მთლად სიმაძღრეც არაა კაი. მეორე _ შიში. სიყვარული იცის შიშმა და ქება-დიდება და ლოცვაც სიყვარულისთვისაა საჭირო _კიდევ რაა ხალხის ბედნიერებისთვის საჭირო? ჯანმრთელობა. ჯანმრთელი მაშინ იქნება ეს ჩემი ხალხი, თუ არ მოვადუნე და დაჭიმული თუ მეყოლება მუდამ დაჭიმული. ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი. იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისთვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად. მოდით, აგერ მომყევით, განახვებთ, როგორი იმედი მოვიგონე ჩემი ხალხისთვის.
გადაუხვია სეთურმა გზიდან, გავიარეთ ცოტა და მივადექით ჭას. ჭის თავზე ბოძი იდგა. ბოძზე კაი მოზრდილი ზარი ეკიდა. ზარის ენაზე წაბმული ბაწარი ჭაში იყო ჩაშვებული. ჭაში კაცი იჯდა და ეჭირა ხელში ბაწრის მეორე ბოლო.
_ ეს ის ქონდრისკაცია, დილით თაბაგარმა რომ სამუშაოზე წამოიყვანა სხვებთან ერთად! _ ვიცანი მე.
_ კი, ისაა, _ დამიდასტურა სეთურმა. _ ხუთ შაურს ვაძლევ დღეში და ყველამ იცის ეს. მუნჯი და ყრუა.
_ ზის მასე დილიდან ღამემდე და უჭირავს ხელში მაგ ბაწარი? _ იკითხა დათამ.
_ კი. მანდ ზის და უჭირავს.
_ რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი? _ კაი
ღრმა იყო ის ჭა და გამიკვირდა, წყალი რომ არ იდგა შიგ.
_ იმედს აკეთებს, მოსე ჩემო, ე, იმ ხალხის იმედს! _ გვითხრა სეთურმა და ხევის გადაღმა მაღაროსკენ გაიშვირა ხელი.
_ კაცო, ღმერთი ცაშია, მის იმედად ჩემი მტერი დადგეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგდებული კაცის იმედი ვისაა, რომ აქვს!
_ გეტყვით აგერ და გაიგებთ, როგორ მაქვს დაყენებული საქმე. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან.
_ მოიცა, არქიფო, თუ კაცი ხარ! _ შევაწყვეტინე ლაპარაკი.
_ შენ თვითონ არ თქვი, ის ხვრელი სულ აღმართში მიდის და იქით მიდისო?!
_ კი. ვთქვი. რაა მერე?
_ რაა და, ის შენი ხვრელი თუ სულ უფრო ცილდება ამ ჭას და აღმართში იწევს სულ, რანაირად გამოვა გამოღმა და რანაირად გამოიხედავს ჭაში?
_ არც გამოღმა გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. იმ მთას ხომ უყურებ შენ? მაგ მთაში იტრიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქედან. ასეა ნაანგარიშევი, _ თქვა სეთურმა.
_ ხალხმა თუ იცის ეგ?
_ იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის,
რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო.
_ ეს ზარი რისთვის კიდია აქ და ქონდრისკაცი რატომ ზის ჭაში? _ კითხა თუთაშხიამ სეთურს.
_ ზებო ქვია მაგ ქონდრისკაცს. გრძნეულიაო, სახელი აქვს დავარდნილი,
და ას საჟენზე რომ მოაწევს ხვრელი, გაიგებს ზებო. გაიგებს თუ არადა, ჩამოკრავს ზარს. რანაირად ელიან ამ ზარის დარეკვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყურები გამობასრული სულ. არა, სიმართლეს ვიტყვი, ვაპირებ, მოვუმატო რამე, მარა ჭაში რომ გამოიხედავს გვირაბი, მერე რანაირად მოწყვება საქმე, იმაზე კიდია ყველაფერი.
ერთია კიდევ: ახალი ფანდის მოგონება ჯობს სარჩოს მომატებას. უფრო საიმედოა ეს, მარა მოგონება არ გინდა?!“, - ყვება მოსე ზამთარაძე.
ხალხის ასეთი დამონებით აღშფოთებულმა დათა თუთაშხიამ მათი გამოფხიზლება სცადა:
_ რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! _ დაიძახა დათა თუთაშხიამ და გაინაბა ხალხი. _ ერთი დღის მოსული კაცები ვართ ჩვენ, უცხო კაცები... ვინხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!
_ რაო, რას ამბობს მაგ კაცი?
_ რას ამბობს და, მარჩენალზე _ მამაძაღლიო, და თაბაგარზე
_ მოსასპობიო!
_ მამაძაღლი და მოსასპობიო!
_ გაგვაუბედუროს უნდა, ხომ!
ერთი წამით გაინაბა ხალხი, მერე იყვირა ვიღაცამ, _დაცხეთ მაგათ, ბიჭებოო! ამის დაძახება იყო და, ცოფიანი ქოფაკებივით გვეტაკა ყველა... დათას უკნიდან მარგილი ჩაცხეს, დააგდეს ძირს და ამ დროს დამაყარეს მეც.
_ დამბაჩები აქვთ მაგენს! _ დაიყვირა ვიღაცამ.
გვირტყეს,მარა რა გვირტყეს!.. სანამდე მობეზრდათ _ იქამდე. რომ მობეზრდათ, გამოიყვანეს
თავლიდან ჩვენი ცხენები, მიგვაბეს კუდებზე და გადაკრეს მათრახები. ორასი, სამასი ნაბიჯი გვათრიეს დამფრთხალმა ცხენებმა.კაი ხანს ვეყარეთ მიწაზე. არავინ მოგვკარებია. მოვითქვით სული, გავიხსენით, რავარც იქნა, ხელ-ფეხი, მარა სიარული არ შეგვეძლო და რაფრად ავფორთხდით ცხენებზე, ახლაც ვერ გამიგია. ავფორთხდით და ჯერ ჩვენი იარაღის სამალავს მივაკითხეთ. დიდი წვალება გადაგვხდა იქაც, სანამდე დავქვეითდებოდით, იარაღს ავისხამდით და ისევ შევჯდებოდით. მერე დავიძარით ამ უბელო ცხენებით, მთაში მეჯოგეების კარვები ვიცოდი _ ავედით იქ და დავბინავდით“, - იხსენებდა მოსე ზამთარაძე.
არქიფო სეთურის მიერ დამონებულ სოფელს ხშირად ადარებენ ხოლმე ავტორიტარული და დიქტატორულ რეჟიმებს. საირმის ტყეში განვითარებული მოვლენები „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია.
(გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდის ფორმატიდან გამომდინარე, მოსე ზამთარაძის ნაამბობი მკვეთრად არის შემცირებული).