გავიდა რამდენიმე კვირა. ერთხელაც, სამსახურიდან გამოსულს, ქუჩაში დამხვდა. ვხედავ, ვიღაცამ მანქანის წინა კარი გამოაღო და მეძახის. გავხედე _ კოკაა. ვიფიქრე, ალბათ მაიკოს თუ მოაკითხა-მეთქი.
_ დაჯექი, წაგიყვან, _ ისე შინაურულად მომმართა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.
მივესალმე და უკანა სალონის კარი გამოვაღე.
_ წინ რატომ არ ჯდები? _ გაუკვირდა.
_ მაიას არ ელოდებით? _ არ დავარღვიე ზრდილობის ნორმები და «თქვენობითი» ფორმა შევინარჩუნე.
_ არა, უბრალოდ, დაგინახე და იმიტომ გავაჩერე მანქანა, მაიკოსთან არ მოვსულვარ.
უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ ხომ არ გადმოვხტებოდი მანქანიდან. ავდექი და წინ გადავჯექი.
_ საით მივდივართ?
_ სახლში, _მოკლედ მოვჭერი.
_ გეჩქარება?
_ არ ვიცი, რატომ მეკითხებით?
_ ყავაზე დაგპატიჟებდი, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.
მხრები ავიჩეჩე. დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე? ვერ გადავწყვიტე.
_ მაქსიმუმ ერთი საათი, მეტი არა. მეც არ მაქვს მეტი დრო.
_ კარგი, ერთი საათი არაფერს წყვეტს, _ ხმაში აღელვება შემეტყო.
დუმილით გავიარე კარგა გვარიანი მანძილი. მოულოდნელად მეკითხება.
_ რატომ არ დამირეკე?
_ რატომ უნდა დამერეკა?
_ რა ვიცი, მეგონა, ჩვენი ნაცნობობა გაგრძელდებოდა.
_ ხომ გაგრძელდა? _ გამეცინა.
_ ჰო, მაგრამ მხოლოდ ჩემი ინიციატივით და არა შენით, _ თქვა და გადმომხედა.
_ რატომ გეგონათ, რომ დავრეკავდი? მგონი, არ უნდა გაგკვირვებოდათ.
_ რომ დაგერეკათ, რა მოხდებოდა?
_ ის, რომ იფიქრებდით, მართლა მოვწონვარო.
_ რომ არ დარეკე, იცი, რა ვიფიქრე?
_ არ ვიცი.
_ მართლა მოვწონვარ და სპეციალურად არ დარეკა-მეთქი.
ალმური წამეკიდა.
_ თუ შეიძლება, გამიჩერეთ მანქანა, აქ ჩამოვალ, _ კატეგორიულად მოვითხოვე.
_ რატომ ბრაზდები? იცი, როდის ბრაზდებიან ადამიანები? როცა სიმართლეს პირში ეტყვიან. რატომ არ გინდა აღიარო, რომ მოგწონვარ?
_ თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?
_ არ შეგიძლია, შენობით მელაპარაკო?
_ არა, ჩვენ ჯერ ერთმანეთს ისე ახლოს არ ვიცნობთ, რომ ასე მოგმართოთ.
_ კარგი, როგორც გენებოს. მე მაპატიე, მაგრამ ისევ თქვენობითზე ვეღარ გადავალ. ხომ არ გეწყინება?
_ რა აზრი აქვს, წყენა უკვე დაგვიანებულია.
_ მართალი ხარ. ჰო, რა მკითხე წეღან?
_ რა გკითხეთ?
_ ამას რა მნიშვნელობა აქვსო თუ რაღაც ამდაგვარი?
_ ჰო, რაღაც ამდაგვარი.
_ მნიშვნელობა როგორ არა აქვს. თუ ვიცი, რომ მოგწონვართ, გამიხარდება. ყველა მამაკაცს სიამოვნებს ქალისგან ამისთან სიტყვების მოსმენა.
_ თქვენთვის მაინც ხომ სულერთია, მე მომწონხართ თუ არა, რაში გაინტერსებთ. თქვენ ხომ ჩემნაირი ქალები არ მოგწონთ.
_ რა იცი? მკითხე? შენ ხომ არ გიკითხავს, მოგწონვარ თუ არაო?
_ თქვენ არ მითხარით, თქვენი ფასი და წონა სულაც არ მაინტერესებსო?
_ მერე ამას მოწონებასთან რა საერთო აქვს? მე კეტრინ ზეტა ჯონსიც მომწონს, მაგრამ მისი ფასი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ვიცი, ვერასდროს შევწვდები. შენ კი მომწონხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენს ფასს ვერ შევწვდები. ხომ იცი, რატომაც.
_ რატომ? _ გამეღიმა.
_ იმიტომ, რომ შეუფასებელი ხარ, ასე არ მითხარი? ამდენი ნამდვილად არა მაქვს. ანუ სურვილი მაქვს, მაგრამ შესაძლებლობა _ არა. თურქულ ყავაზე გეპატიჟები. არ მითხრა, რომ არ გიყვარს.
_ არა, რატომ, მიყვარს.
_ მაშინ აქ დავსხდეთ.
«ყავის სახლთან» გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, კარი გამოაღო და ხელი გამომიწოდა.
მეც შევაგებე ხელი და კოხტად გადმოვედი მანქანიდან. კუპეში განვმარტოვდით. ყავახანაში ბევრი ხალხი ირეოდა. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, მაგრამ რას გავაწყობდი.
_ შევცდი, სადმე მყუდრო ადგილას უნდა წავსულიყავით.
_ უკვე გვიანაა, რაც არის, არის, _ ხელი ჩავიქნიე და შევხედე.
საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა. ცქერა არ მოგწყინდებოდა. კოკამ შეკვეთა მისცა _ ნამცხვრები, წვენები და ყავა. ანანასის წვენი ისე შეუკვეთა, ჩემთვის არ უკითხავს, გინდა თუ არაო. საიდან იცოდა, რომ მხოლოდ ამ წვენს ვსვამდი?
_ მაიკოსგან გავიგე, _ ეშმაკურად შემომღიმა.
_ რა? _ ვითომ ვერ მივხვდი.
_ რომ ანანასის წვენი გიყვარს. არ გაგიკვირდა, რომ არ გკითხე?
_ ჰო-ო, კი გამიკვირდა, მაგრამ… რა ვიცი, მასპინძელი თქვენ ხართ და…
_ მოკლედ ასე, ჩემო მაგდა. დღეს მე შემთხვევით არ გამომივლია იქითკენ. იმისთვის მოვედი, რომ მენახე. მაიასგან ვიცოდი, როდის გამოხვიდოდი სამსახურიდან.
დავიძაბე.
_ ერთი სიტყვით, იმიტომ მოვედი, რომ დაგლაპარაკებოდი. პირველად ცხოვრებაში, რომ ქალი მომეწონა. შეიძლება შევცდი, მაშინვე რომ არ გითხარი, მაგრამ… იმედია, მაპატიებ. სიმართლე გითხრა, არ ვიჩქარე. უფრო სწორად, გამოგცადე. მაინტერესებდა, დამირეკავდი თუ არა. ქალები თავიანთი ყურადღებით თუ არ ვიცი, რა დავარქვა, თავიანთი არსებობით თავს მაბეზრებენ, მირეკავენ, მეფლირტავებიან, პაემანს მინიშნავენ, ამიტომ მათ მიმართ ინტერესი დავკარგე. არ გეგონოს, დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე და მე ვარ, ვინც ვარ. უბრალოდ, უინტერესო და ცარიელი ქალები არ მიზიდავს. მათ კაცის შებმის თითქმის ერთნაირი მეთოდი აქვთ. ქალი რომ გამომწვევად ზედ გახტება და ცდილობს, დაგითრიოს, ჩემში ვნებას ვერ აღძრავს. შენ სხვანაირი ხარ. აი შენნაირებთან ურთიერთობა მართლა სასიამოვნოა. მეთანხმები?
_ ჩვენ ხომ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ ვიცით…
_ მე ყველაფერი ვიცი შენზე, შენც გაიგებ, რა პრობლემაა?
_ საიდან იცი?
_ თუ ადამიანი გაინტერესებს, ადვილია მის შესახებ ინფორმაცია მოაგროვო.
_ მაიამ გითხრათ?
_ არა, მაია რა შუაშია, მაიას გარდა არავინ გიცნობს?
_ მგონი, ჩვენ მეტი საერთო ნაცნობი არ გვყავს.
_ ნუ ხარ ასე დარწმუნებული. გავა დრო და გაიგებ, რომ ასე არ არის. მე ბევრ შენს ნაცნობს ძალიან კარგად ვიცნობ. შენ ის მითხარი, ჩემი «კანდიდატურა» გაკმაყოფილებს თუ არა?
_ ვერ გავიგე, კოკა, რას მთავაზობთ?
_ სიყვარულს, სხვას არაფერს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
_ მე პატარა გოგო არა ვარ, რომ…
_ ვიცი, ვიცი. არც მე ვარ პატარა ბიჭი. აქ არ არის საუბარი ერთჯერად რომანზე. მე სერიოზულ ურთიერთობას გთავაზობ. ეჭვი მაქვს, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებ. კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ვიცი, რომ კაცებს გაურბიხარ, ისიც ვიცი, რატომაც. ასე არ შეიძლება. ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ამას დაგიმტკიცებ.
ამასობაში შეკვეთაც მოგვიტანეს. წვენი შევსვი. ისე ვიყავი გახურებული, ცივი სითხე მესიამოვნა.
_ სიყვარული შეკვეთით არ მოდის, _ როგორც იქნა, ამოვიღე ხმა.
_ ეგეც ვიცი. მე ვეცდები, თავი შეგაყვარო. შენც ეცადე, მეც შეგიყვარო. მე ვიამაყებ, თუ შენნაირი ქალის ნდობას მოვიპოვებ. რას იტყვი?
_ არ ვიცი, რაღაც მსგავსი უკვე მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა.
_ გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ცუდად ხომ არ მთავრდება? ერთხელ არ გამოვიდა, მეორეჯერ გამოვა. დამიჯერე, არც შენ წააგებ და არც მე. პირდაპირ გეტყვი, რაც გნახე, იმის შემდეგ სურვილით ვიწვი, ისე მინდა შენი შეხება, შენი მოფერება. ეს ისე არ ხდება. განგების ხელი ურევია ამ საქმეში. მე ასეთი რამ არასდროს დამმართია. გულახდილად მითხარი, შენც ხომ მოგწონვარ? მე ეს მაშინვე ვიგრძენი.
_ არ დაგიმალავ და…მომწონხარ, მაგრამ მოწონება სიყვარულს არ ნიშნავს, _ ჟრუნტელმა დამიარა სხეულში.
_ მოწონება ნახევარი სიყვარულია. მეორე ნახევარი მერე მოვა. კარგი ყავაა, არა? _ სხვა თემაზე გადაიტანა კოკამ საუბარი.
_ არა უშავს.
_ მოდი, გინდა ერთი სიგიჟე ჩავიდინოთ? დავლიოთ და მერე ჩემთან წავიდეთ. პირდაპირ სექსით დავიწყოთ ყველაფერი.
კინაღამ სასულეში გადამცდა ყავა. ასე ეცებ, ასე პირდაპირ, პირველსავე შეხვედრაზე ჩემთვის მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია.
_ თავხედი ვარ, არა? ნუ მიყურებ ასე. მე გეუბნები იმას, რაც ამწუთას მსურს. თუ თანახმა ხარ, წავიდეთ, თუ არადა, მოვიცადოთ, დრო საკმარისი გვაქვს ერთმანეთის გასაცნობად.
მერე ყველაფერი უეცრად მოხდა. «ყავის სახლიდან» გამოსულები მის ბინაში აღმოვჩნდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ანგარიშმიუცემლად ვიქცეოდი, თითქოს ჰიპნოზი მქონდა გაკეთებული, სხეული მიხურდა, სურვილი მკლავდა, ოღონდ მის მკლავებში აღმოვჩენილიყავი… და აღმოვჩნდი კიდეც.
ცდამ გაამართლა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. სამი წელი ვიარეთ ერთად და ეს სამი წელი დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში…
* * *
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სასიყვარულო ფრონტზე გადამხდა. საინტერესო ისტორიაა, არა? მეც ასე მგონია. ახლა კი, თითქოს ბედი ჩამეკეტა. არც არავის ვუნდივარ და არც არავის ვაინტერესებ. რომ არა ის შემთხვევა, უცნობმა მაგნოლია რომ მომიწყვიტა, მამაკაცისკენ არც არასდროს გავიხედავდი ალბათ, მაგრამ იმ ერთმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. ისე მომინდა ვინმეს შეყვარება, გონებაზე არ ვიყავი. ვგრძნობდი, სხეული როგორი ითხოვდა მოფერებას, მამაკაცის თითების შეხებას, ის კაცი სიზმრად მექცა. ქუჩაში გასული, ყველა გამვლელ-გამომვლელს დაჟინებით ვაკვირდებოდი, რომ სადმე «ის» შემემჩნია. რამდენჯერ ჩავიარე აღმაშენებელზე, თვითონაც არ ვიცი. მაგნოლიის ვითომ «ხეივანს» დიდი ამბით ავუვლ-ჩავუვლიდი იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ მომცემოდა საოცნებო მამაკაცის ნახვის შესაძლებლობა, მაგრამ არა და არა. შანსი ერთხელ უკვე გავუშვი ხელიდან. ერთხელ კი არა, ორჯერ. როცა პირველად შევხვდი, მაშინვე უნდა გამოვცნაურებოდი, მეკითხა, რა ერქვა, სად ცხოვრობდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. სირცხვილი? სირცხვილს მოუკვდა პატრონი, როცა სურვილი გკლავს, როცა გრძნობ, რომ სწორედ ის გინდა, ვისაც ეძებ, ვინც გავსებს, ვინც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს, რა დროს სირცხვილია?!
ერთხელაც, სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი, მარჯანიშვილზე მივდიოდი. სტადიონის წინ, ბაზრობის გაჩერებასთან, სწორედ იმას მოვკარი თვალი. ფერი მეცვალა, გულმა ნამდვილი ჯანყი მომიწყო, გადადი მანქანიდან და გამოელაპარაკეო. დავუჯერე გულის კარნახს, მაგრამ სანამ უცნობს მივუახლოვდებოდი, რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე, არ შევცდე-მეთქი. იგი ვიღაცას ელოდებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი, გაუბედავად მივუახლოვდი, ხმის ტემბრი «გავიწმინდე» და მივმართე.
_ უკაცრავად, ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვიცნობთ?
_ მაპატიეთ, მაგრამ არა მგონია…
_ იცით… რამდენიმე კვირის წინ ერთმა უცნობმა მამაკაცმა «პლეხანოვზე» დახმარება გამიწია… აი… მაგნოლიის ყვავილი მომიწყვიტა, იმას მიგამსგავსეთ. თქვენ ის არა ხართ? _ ვკითხე, მაგრამ ბოლო წუთებში მივხვდი, რმო ვცდებოდი, მამაკაცს მარცხენა ღაწვზე ნაიარევი ეტყობოდა. «იმას» კი ასეთი რამ არ ჰქონდა.
_ სამწუხაროდ, არა, ქალბატონო, აშკარად ვიღაცაში გეშლებით, თუმცა სიამოვნებით ვიქნებოდი ის ვიღაც, _ გაიღიმა უცნობმა.
_ ბოდიშს გიხდით, შემეშალა, ცუდად ნუ გამიგებთ, _ უხერხულად გავიღიმე და სახეალეწილი გავერიდე.
_ არაფრის, რას ამბობთ, _ თავი დამიკრა მამაკაცმა და უცნაურად გამიღიმა.
ამ «გაცრუებულმა» შეხვედრამ უარესად გამიფუჭა ხასიათი. რა დეგენერატი ვარ, რას ვერჩოდი იმ კაცს, რა ძალა მედგა? ჯერ კარგად დავკვირვებოდი და მერე გამერკვია, არ ჯობდა? საკუთარი თავი შემზიზღდა.
მოსვენება დავკარგე. სადაც უნდა ვყოფილიყავი, წინ სულ უცნობის სახე მედგა, ყურში ჩამესმოდა მისი სასიამოვნო ხმით ნათქვამი სიტყვები: «თეთრი მთვარე» _ იდუმალი, გამოუცნობი ფრაზა, რომელიც ჩემი მისამართით იყო ნათქვამი თუ მაგნოლიას უკავშირდებოდა, ვერ გავარკვიე.
როგორ დამაგვიანდა, როგორ დამაგვიანდა… ვინ იცის, მერამდენედ ვიმეორებდი ამ სიტყვებს. არადა, ახლა სწორედ მისნაირი კაცი მჭირდებოდა _ სიმპათიური, მოხდენილი, «საჭირო» ასაკის, რომელიც ყველაზე მეტად გამიგებდა, ყველაზე მეტად გაიგებდა ჩემს ფასს. როგორ მიყვარს ამის გამეორება, არა? ჩემს ფასს! რა ვქნა, მე ასე მიმაჩნია. კაცმა ქალის ფასი უნდა იცოდეს, რომ შეიყვაროს და მერე შეინარჩუნოს ეს სიყვარული. შეიძლება ამაში ცოტა პატივმოყვარეობის ელემენტებიც გამოსჭვიოდეს, მაგრამ რას იზამ, მე ასე ვხედავ და ასე მესმის.
გაგრძელება იქნება