ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის - Marao

გამორჩეული გარეგნობა, წარმატებული კარიერა და ულამაზესი ოჯახი - გაიცანით მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე უფრო ახლოს

2024-12-14 16:52:44+04:00

ანდრო ჭიჭინაძეს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, იცნობს. ის თეატრისა და კინოს მსახიობია და ახალგაზრდა ხელოვანს უკვე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი. ანდრო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახლა არა პროფესიული საქმიანობის, არამედ სამოქალაქო აქტივიზმის გამო მოექცა - ის 5 დეკემბერს დააკავეს, ბრალი ოფიციალურად კი 6 დეკემბერს წარუდგინეს - პროკურატურამ დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრო ჭიჭინაძის სახლის ჩხრეკისა და დაკავების წინაპირობა მისი სამოქალაქო პოზიცია და აქტივიზმი გახდა - ანდრო ღიად გამოხატავდა საკუთარ აზრს  ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ის აქტიურად მონაწილეობდა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღაშიც, თუმცა, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, არ გამოირჩეოდა არც სიტყვიერი და არც ფიზიკური აგრესიით. 

ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე

ახალგაზრდა მსახიობი დაიბადა 1996 წლის 30 ივლისს თბილისში, ოთარ ჭიჭინაძისა და ლიკა გუნცაძის ოჯახში. 2018 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, ლევან წულაძის სახელოსნო. 2022 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია.

chichinadze

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრში განსახიერებული აქვს როლები:

  • გიო – ბასა ჯანიკაშვილი, “მე გადმოვცურავ ზღვას” – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • ალბანეთის პრინცი – უილიამ შექსპირი, “მეფე ლირი” – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • კაცი – დ. დიმიტრიადისი, “ვკვდები როგორც ქვეყანა” – რეჟ: მიხეილ ჩარკვიანი

ანდროს მიერ სხვა თეატრებში განსახიერებული როლები:

  • თეატრი “პრესტო ანდანტე” – საფრანგეთი, ლა ბოლი მაკბეტი – უილიამ შექსპირი “მაკბეტი” – რეჟისორი ალექსანდრე ჯაყელი
  • ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი:
  • “Exodus” – რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი

კინოში შესრულებული როლები:

  • ჩიჩიკა – “შინდისი” – რეჟისორი დიტო ცინცაძე
  • ცინცაძე გიო – “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
  • კოკა – “სამურაი დასვენების ჟამს” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე
  • ლერი – “ნინა” – რეჟისორი აკსანა ბიჩკოვა
  • ნიკა – “და მერე გათენდა” – რეჟისორი დიტო ცინცაძე
  • გიო – “მუსიკის გაკვეთილები” – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
  • გიო – “ცივი ღრუბლები” – რეჟისორი კახა კიკაბიძე
  • საშა – “იუნკერები” – რეჟისორი გიორგი ბარაბაძე
  • ნიკა – “სოხუმი” – რეჟისორი გიორგი ბარაბაძე
  • გიგა – “აკვარიუმი” – რეჟისორი თორნიკე ბზიავა

ანდრო ჭიჭინაძის ოჯახი 

ანდრო ჭიჭინაძის მშობლები, ოთარ ჭიჭინაძე და ლიკა გუნცაძე შვილის დიდი გულშემატკივრები არიან და ამ რთულ მომენტში მის გვერდით დგანან. 

ანდრო ჭიჭინაძე დაქორწინებული იყო ასევე მსახიობ მარიამ ღვინიანიძეზე. მარიამი თეატრი სახელოსნო 42-ის მსახიობია, სადაც არაერთი საინტერესო პერსონაჟი აქვს შექმნილი. ანდრო ჭიჭინაძესა და მარიამ ღვინიანიძეს ქორწინებაში ერთი შვილი, ნიკო შეეძინათ. 

chichinadze

ანდრო ჭიჭინაძის ინტერვიუ 

ანდრო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, იშვიათად საუბრობ საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებაც. გასულ ზაფხულს კი ჟურნალმა OK! მასთან თეატრსა და სხვა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა: 

"მუდამ მსახიობობა მინდოდა. ეს არც მსახიობი დედის გავლენა ყოფილა და არც ბიძის. ეს სფერო ზუსტად ისაა, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და მაშინ, თუ არა მსახიობი, ალბათ, რეჟისორი ვიქნებოდი. კინო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. კინომ ბევრი მომცა, ახლა კი მე ვუბრუნებ.

რა თქმა უნდა, საქართველოდან წასვლაზეც მიფიქრია. იმის მიუხედავად, რომ მე გამიმართლა – საქმეც მაქვს და იმასაც ვაკეთებ, რაც მიყვარს, მინდა მაინც ვცადო უცხო გარემოში საკუთარი თავი.

ამერიკა − დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. მსახიობს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს თავისი თავი. აქ მთავარია მსახიობი და მისი შესაძლებლობები. ამიტომ მგონია, რომ ჩემთვის ამერიკა უფრო საინტერესოა.

თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა და ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მისკენ. ჩემთვის თავისუფლება არის საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნებზე მაღლა დგომა, რომელიც მიუღწევადია, მაგრამ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი.

chichinadze

მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“ − ჩვენ შემოგვაქვს ექიმი ჯამბაზის პროფესია საქართველოში, რომელიც გულისხმობს სპეციალურად გადამზადებული მსახიობებისა და ფსიქოლოგების სტუმრობას ჰოსპისებსა და ჰოსპიტლებში, რათა პაციენტ ბავშვებს დაეხმარონ განკურნების პროცესში. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს პროფესია გახდეს საქართველოში სისტემატური", - ამბობდა ანდრო ინტერვიუში. 

"ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენ მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის“, - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე.