"მართალია, მე დიდი ხანია საქართველოდან წამოსული ვარ, მაგრამ ამას ვწერ გულით. უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში, ყოველ დილას ვუყურებ ახალ ამბებს და სოციალურ ქსელებს.
ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში. ევროპის პრინციპები ახმოვანებს ადამიანის თავისუფლებას და ერთი ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ პატივისცემას, ვინც არ უნდა იყოს იგი.
ეს პრინციპები ჩემთვის იდენტურია ქართულ კულტურასთან. მე სულ ვხედავდი ამ პრინციპების განხორციელებას საქართველოში, ურთიერთობა მეზობლებს შორის, მეგობრებს შორის და სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს შორის", - წერს ქეთი მელუა.
28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში, ჩრდილოეთი ირლანდიაში, სადაც ქეთის მამამ მუშაობა საავადმყოფოში დაიწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში, ინგლისში გადავიდა. ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში, სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.
სურეიში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.