ამ ამბიდან ორი დღე იყო გასული, რომ საღამოს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, კარი ჯულიეტამ შემოაღო, ვიღაც მამაკაცი გკითხულობსო. მაშინვე მივხვდი, რომ გია იქნებოდა. ამას აწი რა მოიშორებს თავიდან, _ საკუთარ თავს დავეჯღანე სარკეში და ზანტად წამოვდექი, რომ მოსულს შევგებებოდი. არ შემვცდარვარ, ის იყო _ გამოპრანჭული, საგანგებოდ «დავარცხნილ-დასუნამოებული». უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
_ შეიძლება? _ მორიდებით შემოვიდა.
_ მობრძანდით, როგორ ხართ? _ ისე შევხვდი, თითქოს სულაც არ გამკვირვებია, თითქოს ველოდი კიდეც. ისე, მართლა არ გამკვირვებია და მართლაც ველოდი. ვიცოდი, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გამომივლიდა.
_ გმადლობთ, არა მიშავს, თავად? _ გიამ ხელებს ადგილი ვერ მოუძებნა, ხან ჯიბეებში ჩაიყოფდა, ხან უკან შემოიწყობდა, ზურგზე, ძალიან აფორიაქებული ჩანდა.
_ მაინც არ დაიშალეთ თქვენი, არა? _ გავუღიმე, რომ ცოტათი გამეთამამებინა.
_ მოგაგენით, ხომ ხედავთ, აი, მეც აქ ვარ, _ ხელები გაშალა და ადგილზე აცმუკდა.
_ ჰო, გაგიჭირდებოდათ ჩემი მოგნება, _ გამეცინა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. გია ისეთი დაბნეული იყო, გული მომილბა. ეტყობოდა, კარგი პიროვნება იყო, მისგან აშკარად დადებითი მუხტი მოდიოდა.
_ ახლა? _ ვკითხე.
_ რა ახლა? _ უფრო დაიბნა და დატუქსული ბავშვივით შემომხედა.
_ ახლა რა ვქნათ?
ჩემმა შეკითხვამ უცებ გამოაცოცხლა, თვალები გაუბრწყინდა.
_ ახლა თუ ისურვებთ, მსოფლიოს შემოგატარებთ. საითაც მიბრძანებთ, იქით წაგაბრძანებთ.
_ თავად რა გეგმები გაქვს, გია, არ დამიმალო, _ ჩემდა უნებურად, შენობით მივმართე.
კიბორჩხალასაით გაწითლდა.
_ იცით?.. იცი?.. დღეს ჩემთვის კარგი დღეა და მინდოდა… _ შეყოყმანდა.
_ თქვი, თქვი, ნუ გერიდება, _ გავამხნევე და ეშმაკური მზერა ვესროლე.
_ მოკლედ, რესტორანში გეპატიჟები, _ როგორც იქნა, დაასრულა სათქმელი და შვებით ამოისუნთქა.
_ რესტორანში? _ თავი უკან გადავხარე და გადავიკისკისე, _ ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?
_ არ ვიცი… შენ ასე გგონია? მაშინ… მაშინ სახლამდე მაინც მიგიყვან, _ მხრები აიწურა და ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო.
_ რა დამთმობი ყოფილხარ, რა უცებ დაიხიე უკან, ასე მალე ყრი ფარ-ხმალს? _ ეს უკვე გამოწვევა იყო. თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა, რა ბზიკმა მიკბინა, რატომ ვიქცეოდი ასე.
_ ჰო, რა ვიცი, არ მინდა ადამიანს თავი მოვაბეზრო და არც ის მინდა, ვინმესთვის ზედმეტი აღმოვჩნდე.
_ დაჯექი, რა ფეხზე დგახარ, მაპატიე, ვერ მოვისაზრე, _ ახლაღა მივხვდი, რომ რაღაც გამომრჩა.
_ არა უშავს, მთელი დღეა, ვზივარ, ჩემი სამსახურის გადამკიდე.
_ სად მუშაობ?
_ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?
_ პრინციპში, არა, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი «პირადი მძღოლი» რა საქმიანობას ეწევა?
_ მოდი, ცოტა ხნით საიდუმლოდ დავტოვებ, ხომ არ გეწყინება?
_ თუ არ გინდა, ნუ იტყვი, შენი ნებაა.
_ ჰო, რას ვამბობდით, სად მივდივართო?
_ ცოტა ხნის წინ მგონი რესტორანში ვაპირებდით სადილობას.
_ კი, კი, სწორედ ასე იყო. რაღას ვუცდით?
ისევ გამეცინა.
_ არა, გია, დიდი მადლობა, მაგრამ ვერ წამოვალ. აი შინ თუ მიმიყვან, მაგაზე კი სიამოვნებით დაგთანმხდები. ამ წვიმაში ქუჩაში დგომის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
_ რა გაეწყობა, ჯერჯერობით ვერაფერს დაგაძალებ. წავედით, რიგითი გია პატარიძე თქვენს განკარგულებაშია, _ ხელი საფეთქელთან მიიდო ჩემმა სტუმარმა და ჯარისკაცივით გაიჯგიმა.
საყვარელი ტიპი იყო, რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი, მით უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა ჩემში.
იყო მასში რაღაც საინტერესო…
* * *
გია თანდათან დამიახლოვდა. მართალია, იმ დღეს რესტორანში არ გავყევი, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. რა მოხდა მერე, სხვა დროს იყოსო. სამაგიეროდ, სახლამდე მიმაგრიალა მანქანით. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გავიგე, რატომაც მეპატიჟებოდა პომპეზურ სადილზე, გულწრფელად ვინანე, რატომ არ დავთანხმდი-მეთქი. იმ დღეს თურმე იუბილარი ყოფილა. გული დამწყდა, მაგრამ ჩემი ბრალი სულაც არ იყო. არავითარი სურვილი არ მქონდა, ახალგაცნობილ ადამიანს მეორე შეხვედრაზევე რესტორანში გავყოლოდი. არადა, ნამდვილი მიზეზი რომ ეთქვა, აუცილებლად შევუსრულებდი ამ თხოვნას.
ძალიან საყვარელი ტიპი იყო. შესახედავად დიდი არაფერი, მაგრამ არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა, თავისი ქცევებით ძალაუნებურად შეგაყვარებდა თავს. რომ იტყვიან, ცარიელი სული და გულიაო, სწორედ მასზე იყო ნათქვამი.
გიას მამა არ ჰყავდა. მეათე კლასში ყოფილა, გულის შეტევით რომ გარდაცვლილა. დედასთან ერთად ცხოვრობდა. პროფესიით იურისტი მცირე ბიზნესს აწარმოებდა _ იურიდიული ფირმა გაუხსნია ორი წლის წინ _ ბინების დაგირავება-გაქირავება-გაყიდვის «პროცესით» იყო დაკავებული. შენს ფირმას სახელი რა ჰქვია-მეთქი, ერთხელ ვკითხე. არ გაინტერესებთ, რა მიპასუხა? აქამდე უსახელო იყო, ახლა კი ჩვენს პატივსაცემად მაგი-ს დავარქმევო, ანუ ჩვენი სახელების პირველი ასოების აბრევიატურას. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.
თანდათან შევეჩვიე. არ მიყვარდა და ალბათ ვერც ვერასდროს შევიყვარებდი, მაგრამ მის გვერდით ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტკუნა და ბუთხუზა იყო, ჩემი დასაწუნი მაინც არაფერი სჭირდა. საოცრად ყურადღებიანი გახლდათ, ყოველ მოსვლაზე ხელდამშვენებული გამომეცხადებოდა სამსახურში. ყვავილები და სუნამოები, შოკოლადები და სხვა ნუგბარ-ტკბილეული ყველაზე ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც, გარანტირებული მქონდა. პირველ ხანებში ძალიან ვწუხდებოდი მისი თავგამოდებით, უხერხულობას ვგრძნობდი, ასე რომ იხარჯებოდა, მაგრამ რა მექნა. კაცი არც სიყვარულს მიხსნიდა და არც არაფერს მთხოვდა _ მოდიოდა და მოჰქონდა. გარდა ამისა, მეპატიჟებოდა ბარ-რესტორნებში. ხშირ შემთხვევაში უარს ვეუბნებოდი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. ხანდახან ისე შემეხვეწებოდა, ისე ლამაზად მთხოვდა, უარის თქმა აზრს კარგავდა. მასთან თავისუფლად ვგრძნობდი თავს. შეიძლება იმიტომაც, რომ არ მიყვარდა. ან კიდევ იმიტომ, რომ თვითონ იყო ჩემთან ძალიან თავისუფალი, ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა. მე კი თვალს ვარიდებდი, ვითომ ვერ ვამჩნევდი მის განცდებს, ერთობ გულუბრყვილო ქალის როლს ვთამაშობდი _ ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და მორჩა!
7 7 7
თბილისში დაცხა. ერთი სული მქონდა, როდის გავქანდებოდი ზღვაზე, აგვისტო როდის მოვიდოდა, რომ შვებულებაში გავსულიყავი და ადამიანურად დამესვენა. გია გვერდიდან არ მშორდებოდა. კვირაში სამჯერ, დაბარებულივით ჩემი კაბინეტის კართან იდგა, პაციენტებთან ერთად დგებოდა რიგში და დიდი მოთმინებით ელოდებოდა, როდის გავთავისუფლდებოდი. არ ეზარებოდა ლოდინი. ეს მაშინებდა. ისე მომეტმასნა, ალბათ რაღაც მომენტში გამიჭირდებოდა კიდეც მისთვის სიყვარულზე უარის თქმა. მართალია, ჯერჯერობით ხმას არ იღებდა, ამ თემაზე კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ ვიცოდი, ადრე თუ გვიან, იგი ამ საკითხს შეეხებოდა. მე კი პასუხი მზად არ მქონდა. ჰოს ვერ ვეტყოდი, რადგან არ მიყვარდა, მაგრამ უარის სათქმელადაც არ მემეტებოდა ჩემდამი გადამეტებული ყურადღებისა და თავაზიანობის გამო. ბევრჯერ ვაიძულე ჩემი თავი, მეფიქრა მასზე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გია, როგორც მამაკაცი, არ მაღელვებდა. მის შეხებაზე სიამოვნებას არ განვიცდიდი, ეს არ იყო ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია, სექსუალური ლტოლვა _ მით უმეტეს. კი, კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, ბრწყინვალე პიროვნება, მაგრამ მასთან ლოგინი ვერ წარმომედგინა. როგორც ჩანს, თვითონაც გრძნობდა ამას, ამიტომაც არ ჩქარობდა რამის თქმას. ალბათ იმედს არ კარგავდა, რომ შეძლებდა თავი შეეყვარებინა ჩემთვის. უდიდესი მოთმინების უნარი გააჩნდა. ამას ვაფასებდი მასში, მაგრამ გარკვეულ მომენტში მგონი მაღიზიანებდა კიდეც.
სამსახურში უკვე ყველა იცნობდა და ეგონათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ამაზე ნერვები მეშლებოდა, ვამტკიცებდი, ერთი სიტყვაც არ დასცდენია ჩემთან სიყვარულზე-მეთქი, გოგოები კი სიცილით კვდებოდნენ. მეტი რაღა უნდა გითხრას, კაცმა საჩუქრებით აგავსო, მთელი თბილისის რესტორნები მოგატარა, ჭკუაზე არ არის და კიდევ ახსნა სჭირდება ამ ურთიერთობასო? განსაკუთრებით ჯულიეტა მიბურღავდა ტვინს. გადასარევი ბიჭია, უარი არ უთხრა, ისე უხდებით ერთმანეთს, ყველა თქვენზე ლაპარაკობსო. რამდენჯერმე გადავწყვიტე, მე თვითონ წამომეწყო გიასთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერ გავბედე, არ მინდოდა მოვლენები დამეჩქარებინა, არც გიას განაწყენება მსურდა. ხომ ვიცოდი, ჩემი პასუხი ნებისმიერ ვარიანტში უარყოფითი იქნებოდა. არადა, არც ხელი მინდოდა მეკრა. ადამიანის ბუნება ხარბია, მაინც მსიამოვნებდა, რომ ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაც ზრუნავდა ჩემზე, მაღმერთებდა… თავს ძალას ვატანდი, იქნებ რაღაც მიახლოებითი გრძნობა მაინც გამეღვიძებინა ჩემში, თუმცა ჯერჯერობით არ გამომდიოდა.
გაგრძელება იქნება