ავსტრალიელმა სოციოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგადაც დაადგინეს, რომ 50 წლის შემდეგ ქალბატონებს ახალი, უფრო ბედნიერი ცხოვრება უდგებათ.
მშვენიერი სქესის წარმომადგენელთათვის ეს ის ასაკია, როცა ყოველგვარი კომპლექსისგან თავისუფლდებიან და სრულფასოვნად იწყებენ ურთიერთობებით, სექსითა და, ზოგადად, ცხოვრებით ტკბობას.
ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გამოკითხულ ქალბატონთა მეოთხედზე მეტმა აღიარა, რომ ამ ასაკში ისეთ სიამოვნებას იღებდა სექსისგან, როგორიც მანამდე არ განუცდია; ხოლო ყოველ მეხუთეს სექსუალური კონტაქტი კვირაში ერთხელ მაინც აქვს. სოციოლოგების მტკიცებით, ასეთი მონაცემებით მხოლოდ 20 წლის გოგონებს შეუძლიათ დაიკვეხნონ, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ახალგაზრდები ამას ბედნიერებად არ მიიჩნევენ. 50 წელს გადაცილებულ ქალბატონთა ნახევარზე მეტი ამ ასაკში, ადრინდელთან შედარებით, უფრო აქტიური ხდება: მისდევენ სპორტს, უარს არ ამბობენ ახალ ნაცნობობაზე.
ასე რომ, ცნობილი გამოთქმა "ცხოვრება 40 წლის ასაკში იწყება", აქტუალობას არ კარგავს და თუ ავსტრალიელ სოციოლოგებს დავუჯერებთ, ცხოვრების დაწყება არც 50 წლის ასაკში ყოფილა გვიანი.
სოციოლოგები და დიეტოლოგები აქვე გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება ახალგაზრდობისა და ენერგიის შენარჩუნებას გაგიადვილებთ.
რაციონი ასაკს უნდა შეესაბამებოდეს
30 წელს გადაცილებულ ქალებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგულარულად შეიტანენ საკვებ რაციონში საქონლის ღვიძლსა და ნიგოზს. 40 წელზე უფროსებისთვის რეკომენდებულია ბეტა-კაროტინი, 50 წლის ზევით კი - კალციუმი ძვლებისთვის და მაგნიუმი - გულისთვის. 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის საჭიროა სელენი, რომელსაც შეიცავს ყველი და საქონლის თირკმლები. სელენი სტრესს აგაშორებთ. თუ 50 წლის შემდეგ რაციონს თევზით გაამდიდრებთ, დაიცავთ გულსა და სისხლძარღვებს.
ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამუშაო იშოვოთ
ფრანგები ამტკიცებენ, რომ სწორად შერჩეული სამუშაო ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უმუშევარი ადამიანი თავის ასაკთან შედარებით 5 წლით უფროსად გამოიყურება. სოციოლოგების აზრით, ზოგი პროფესია ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. მათ რიცხვს მიეკუთვნება დირიჟორის, ფილოსოფოსის, მხატვრისა და მღვდლის პროფესიები.
იპოვეთ ცხოვრების მეგობარი
სიყვარული და სინაზე არაჩვეულებრივი საშუალებაა სიბერის წინააღმდეგ. კვირაში ორჯერ სექსით დაკავებული ადამიანი საკუთარ ასაკზე 14 წლით ახალგაზრდად გამოიყურება. სქესობრივი აქტის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ენდორფინი, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს ეძახიან. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)