ამასობაში დრო გადიოდა, ჩემს მოლოდინს კი ბოლო არ უჩანდა. გია შეგნებულად არიდებდა ამ თემაზე საუბარს თავს. ხასიათი შემეცვალა, საკუთარ თავში ჩავიკეტე, დავსევდიანდი. მაწუხებდა შექმნილი სიტუაცია, გამოსავალს კი ვერა და ვერ ვპოულობდი. ყველა «სიკეთეს» ისიც დაემატა, რომ მაიამ ერთხელაც ახალი ამბავი «მახარა».
საღამო ხანი იყო. კაბინეტში ვიჯექი გიას მოლოდინში და წარამარა მობილურისკენ ვიყურებოდი, როდის დამირეკავდა, რომ ჩავსულიყავი. უცებ მაია შემოვიდა.
_ ჯერ აქ ხარ? _ რაღაც შეცვლილი ხმით მითხრა და მაგიდაზე ჩამომიჯდა.
_ ჰო, ველოდები, გია უნდა მოვიდეს.
_ აჰა, ხომ ხედავ, ზიხარ და ელოდები. კაცმა რომ გკითხოს, არ გიყვარს და არაფერი გაკავშირებს მასთან.
_ რა ვქნა, მაიკო, მართლა არ მიყვარს, მაგრამ რა ვუთხრა? კაცი ხმას არ იღებს და მე რა პრეტენზიები წავუყენო? როცა მეტყვის, პასუხსაც მაშინ გავცემ, _ კალამს უაზროდ ვატრიალებდი ხელში.
_ ახალი ამბავი იცი? _ შეფარვით დაიწყო და მარჯვენა ხელით მაგიდას დაეყრდნო.
_ არა, რა ამბავი? ცუდი არაფერი მითხრა, იცოდე.
_ გააჩნია, როგორ შეხედავ. შეიძლება გაგიხარდეს კიდეც.
_ რა არის ამისთანა, არ იტყვი?
_ კოკას საქმეები ცუდად წაუვიდა.
გავფითრდი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე, მისი ცუდი ნამდვილად არ გამიხარდებოდა.
_ რატომ, რა შეემთხვა?
_ არაფერი, თემომ მითხრა, ისე აიცრუა გული ყველაფერზე, დალევის მეტი არაფერი ახსოვსო. მთელი დღეები სვამს თურმე და მერე ხან სად აგდია და ხან სად, კაცმა არ იცის.
_ რას მეუბნები! _ ვიგრძენი, როგორ დამიწყო გულმა ჩხვლეტა, _ და შენ გგონია, ამის მოსმენა მიხარია?
_ არა, გასახარებელი არც არაფერია, მაგრამ შენ ისეთი ტკივილი მოგაყენა… არ გამიკვირდება, თქვა, ახია მაგაზეო.
_ რა სისულელეა! ერთი წამითაც არ გამივლია გულში მსგავსი რამ. კი მაგრამ, სამსახური?
_ სამსახური კი არა, ყველაფერი ფეხზე დაიკიდა. ძმაკაცები ვეღარ აფხიზლებენ უკვე, ხომ გეუბნები, ყოველდღე მთვრალია _ დილიდან მეორე დილამდე.
_ მერე? დედამისი რა აკეთებს ამ დროს? როგორ უთმენს ამდენს?
_ დედამისი! დედამისს კი არა, თემოსაც არ უჯერებს, არაფრის გაგონება არ უნდა. იმას ნანობს თურმე, შენ რომ დაგკარგა.
_ ახლა მე ნუ დამაბრალებთ კოკას გალოთებას, ძალიან გთხოვთ. კოკამ ის მიიღო ჩემგან, რაც დაიმსახურა. მე რა შუაში ვარ?
_ არა, ადამიანო, შენ ვინ რას გაბრალებს, უბრალოდ, თვითონ რაც თქვა, იმას ვიმეორებ. აშკარაა, დარდობს კაცი შენთან განშორებას.
_ ეგ თემა ჩემთვის დიდი ხანია, ამოწურულია, მაიკო, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
_ დედამისი ახლა კი ირტყამს თავში ხელს, რატომ ვუშლიდი მაგდასთან ურთიერთობას, მოეყვანა ცოლად და დაესვა სახლშიო, მაგრამ რა დროსია.
ამ დროს მობილურმა დარეკა, გია უკვე მოსულიყო. წამოვდექი.
_ მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ კოკაზე, გთხოვ, არც ერთი სიტყვა დღეიდან, კარგი? თავის თავს დააბრალოს, რაც სჭირს. მე ამ საქმეში უდანაშაულო ვარ.
_ ვიცი, მაგდა, ვიცი. ეს ისე მოგიყევი. რომ არ მეთქვა, ისიც არ შემეძლო.
გულდამძიმებული გამოვემშვიდობე მაიას და თითქმის აცრემლებული ჩავჯექი მანქანაში.
_ მოხდა რამე? _ შეშფოთდა გია ჩემი სახის დანახვაზე.
_ ისეთი არაფერი, ერთ ახლობელზე რაღაც ცუდი ამბავი გავიგე და შემეცოდა.
_ მე ვერაფრით დაგეხმარებით შენ და შენს ახლობელს?
_ ვერა, ისეთი მომენტია, რომ… ვერავინ დაეხმარება.
_ ეს შენ, _ თქვა გიამ და უკანა სავარძლიდან ვარდისფერი ტიტების უზარმაზარი თაიგული გადმომაწოდა.
_ აუ! რა ლამაზია და რამხელა! რატომ წუხდები, გიუშკი, რა საჭიროა ყოველ მოსვლაზე ასეთი სიურპრიზები?
_ მსიამოვნებს და იმიტომ, ახლა ესეც არ ამიკრძალო, თორემ გავგიჟდები!
_ ერთი უყურე, როდის რა აგიკრძალე, რო?
_ რესტორნის ხსენებას რომ მიკრძალავ ხოლმე?
_ ხოლმე არ ითვლება. აბა ყოველ დღე რესტორანში სიარული ვის გაუგია?
_ ჯერ ერთი, ყოველდღე არ გეპატიჟები, მეორეც, ქალები აქეთ მეხვეწებიან, შენ ოღონდ წაგვიყვანე და უარს როგორ გეტყვითო, შენ კი იქით მყავხარ სახვეწარი. გაგიგონია? _ ღიმილით თქვა და ისე ლამაზად შეკრა წარბები, სიცილი ვერ შევიკავე.
_ კარგი, ბატონო, აწი აღარ აგიკრძალავ.
_ მართლა? _ თვალები გაუბრწყინდა.
_ მართლა, მართლა, _ ისევ გამეცინა.
_ პირობა პირობაა?
_ ახლა ნამეტანს ნუ მომთხოვ. ხანდახან მართლა არ ვარ რესტორნის ხასიათზე.
_ კარგი, რადგან ასეა, სიტყვაზე გამოგიჭერ. ზეგ, შაბათს, ჯგუფელები ვიკრიბებით. ინსტიტუტის დამთავრების თხუთმეტ წლისთავს აღვნიშნავთ. მინდა შენც წამოხვიდე.
_ რას ამბობ, ასეთი ბებერი ხარ, გია? _ გავეხუმრე და თვალმოჭუტულმა გადავხედე.
_ შენ წარმოიდგინე, უკვე დიდი ბიჭი ვარ, ხომ არ დაგავიწყდა, ახლახან ოცდაჩვიდმეტის რომ გავხდი?
_ რა ვიცი, რა ვიცი, კაცი რომ შემოგხედავს, ოცდაათსაც არ მოგცემს. კარგი შენახული ხარ ნამდვილად, _ სიცილი წამსკდა.
_ გმადლობთ, გმადლობთ, ქალბატონო მაგდა, კომპლიმენტისთვის. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი. ესე იგი, წამოხვალ?
_ ნუ გადამრიე, მე რა შუაში ვარ? შენს ჯგუფელებთან მე რა მესაქმება?
_ ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა. იქ ყველა წყვილ-წყვილად მოდის ახლობელ ადამიანთან ერთად: ბიჭები _ ცოლებით, ქალები _ ქმრებით, დასაოჯახებლები შეყვარებულებით ან საქმროებით.
_ ჰო-ო? მე რომ არც ერთი არა ვარ შენთვის?
გია შეცბა, სიწითლემ გადაუარა სახეზე, მაგრამ არ შეიმჩნია.
_ მერე რა, მეგობრები ხომ ვართ? მეც მინდა ჩემი ახლობელი ადამიანი მივიყვანო. მარტო არ მინდა გამოვცხადდე.
_ რატომ, გეშინია უცოლო მამაკაცზე შენმა ჯერ კიდევ გაუთხოვარმა ჯგუფელებმა იერიში არ მიიტანონ?
_ თუნდაც, _ თავი დამიქნია გიამ და ახლა მას აუტყდა სიცილი, _ რა მიხვედრილი გოგო ხარ. ეგ კი არ მიფიქრია, მაგრამ შენ რომ მითხარი, მივხვდი, რომ ასეც არის. ჰა, რას იტყვი, დამიხსნი გაუთხოვართა თავდასხმისგან?
_ რა ვიცი, მოვიფიქრებ.
_ ახლა ეგეთები არ იყოს. მოვიფიქრებ და წავიფიქრებ არ გამაგონო. ახლავე უნდა მითხრა პასუხი, თან აუცილებლად დადებითი.
_ სხვა გზას არ მიტოვებ?
_ არანაირს, განსაკუთრებით _ უკან დასახევს.
_ შენ უჩემოდ უკვე მიგიღია გადაწყვეტილება და მე რაღას მთხოვ, არ მესმის, _ ხელები გავშალე და მხრები ავიჩეჩე გაღიმებულმა.
_ აი, ეს მესმის. ასეთი მაგდა მომწონს, ასეთი მაგდა სულ სხვა ქალია, _ ტაში შემოჰკრა გახარებულმა.
_ რომელ საათზე იკრიბებით და სად?
_ სად ვიკრიბებით, არ გეტყვი, მაგრამ შვიდ საათზე სახლში გამოგივლი და მზად დამხვდი, არ მიყვარს, როცა ქალები მალოდინებენ.
_ და ეს ხშირად ხდება? _ ფლირტის ხასიათზე დავდექი.
_ მერე როგორი სიხშირით, ვერ წარმოიდგენ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქალების ლოდინში გავლიე, _ თქვა და ეშმაკურად შემომხედა.
_ ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მე როდის გალოდინე, საძაგელო, ერთ შემთხვევას მაინც თუ გაიხსენებ?
_ შენ არა, შენ პუნქტუალური გოგო ხარ, ყველასგან განსხვავებული. ამიტომაც ხარ ჩემი მეგობარი.
_ ის ქალები რა, შენი მეგობრები არ არიან?
_ კარგი, გეყოფა, რომელ ქალებზე მელაპარაკები, სად არიან ქალები, ვერ ხედავ, რომ ვხუმრობ? _ უცებ შეიცვალა ტონი, _ შენ ის მითხარი, რა უნდა ჩაიცვა?
_ რა უნდა ჩავიცვა? რა, რამე განსაკუთრებული უნდა მეცვას? რა შეურაცხყოფას მაყენებთ, ამხანაგო, ჩასაცმელის მეტი რა მაქვს, როგორ მიბედავთ? _ ისევ გავეხუმრე.
_ მინდა, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდე, დედოფალივით.
_ აჰა, დედოფალივით. ვაი და, არა მაქვს ასეთი ტანსაცმელი, მერე? _ ტუჩები მოვკუმე და გამომცდელად მივაჩერდი.
_ მერე და მერე, ავდგები და გიყიდი.
_ უყურე შენ! მიყიდი რა, შენი ცოლი ვარ თუ საყვარელი, რატომ უნდა მიყიდო?
მოულოდნელად მოიღუშა, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
_ ეგ რა შუაშია…
_ კარგი, კარგი, მეც გეხუმრე, მაგრამ მეორედ ასეთი რამ არ მითხრა. ნუ დარდობ, ისე გამოვეწყობი, შენც კი ვერ მიცნობ. მაგრამ მაინც დამაკვალიანე, ალბათ საღამოს კაბა უნდა მეცვას, არა?
_ ჰო, _ მოწყვეტით თქვა და იქ დაამთავრა, მერე მთელი გზა სახლამდე ხმა არ ამოუღია.
მეც არაფერი მითქვამს, ისედაც ცუდ ხასიათზე დამაყენა მაიას მონაყოლმა.
უბრად კი დავცილდით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მოვითმინე, გვიან ღამით დავურეკე და შემოვირიგე, მთელი საათი ვლაპარაკობდით ტელეფონზე კარგი შეყვარებულებივით. იმდენი დადებითი ემოცია მივიღე მასთან საუბრით, ჩემს თავს პირობა მივეცი, ბანკეტის დამათავრების შემდეგ მისთვის კოცნის უფლება მიმეცა. რა ვიცი, იქნებ მომეწონოს კიდეც და, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტო მასთან რომანის გაბმა.
7 7 7
ერთი «საკუბოე» გამოსასვლელი კაბა მქონდა, ოქროსფერი, ლიკრის, ტანზე მოტმასნილი. ისე მიხდებოდა, ზედ მაკვდებოდა. ექვსი თვეა ვიყიდე და მხოლოდ ერთხელ მომეცა მისი ჩაცმის საშუალება, ჩემი მეგობრის ჯვრისწერაზე. მას შემდეგ ჰკიდია და ჰკიდია გარდერობში. არადა, შვილივით ოთხასი ლარი გადავიხადე მის შესაძენად. სამ საათზე სალონში ჩავედი, თმა დავივარცხნე, მაკაიჟი გავიკეთე და სარკეში რომ ჩავიხედე, მე თვითონ მომეწონა ჩემი თავი. მართლა ლამაზი ვიყავი, ისეთი ლამაზი, როგორც არასდროს. ხოლო შვიდი საათისთვის, კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო. თუმცა ბოლო წუთებში ცოტა შევყოყმანდი კიდეც _ ვაითუ აგრესიულად შემხვდნენ იქ მყოფი ქალები? ძალიან გამომწვევად ხომ არ გამოვიყურები? იქნებ ასე გაპრანჭვა სულაც არ არის საჭირო? კინაღამ გადავიფიქრე წასვლა, მაგრამ გია რომ მოვიდა, აზრები შემეცვალა. კარი გავაღე და ოდნავ უკან დავიხიე, რომ კარგად დავენახე. არ დამავიწყდება მისი სახე, როგორი გაოგნებული მიყურებდა. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, ისე იყო დაშოკილი.
_ რა სხვანაირი ხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, _ ძლივს ამოთქვა განცვიფრებულმა.
_ როგორი სხვანაირი, ძალიან ვულგარულად მაცვია? _ ცოტათი შევშინდი და სხეულზე დავიხედე.
_ ვულგარულად? რას ამბობ! ვულგარულად კი არა, ზღაპრულ ფერიასავით გამოიყურები, ფილმიდან გადმომხტარ კლეოპატრას ჰგავხარ.
_ მაშინ გამხვიე ხალიჩაში და დამაფინე რესტორნის კართან, გადავკოტრიალდები და დარბაზის ბოლოში პირდაპირ შენს ჯგუფელებთან ამოვყოფ თავს, _ ხამაღლა გავიცინე.
_ კარგი აზრია, მაგრამ ისევ შენი ფეხით წამოხვიდე, ის ჯობია. ხალიჩა არამოდურია, _ ამყვა გიაც, _ უკვე მორჩა? მზად ხარ?
_ კი, რა თქმა უნდა, წავედით, მეტი რაღა უნდა ვქნა? _ პატარა კრემისფერ ხელჩანთას ხელი დავავლე და ქუსლების ბაკაბუკით მივყევი კავალერს უკან.
გიამ წინ გამატარა. მივდიოდი და ვგრძნობდი, როგორ მაყოლებდა იგი თვალს. მსიამოვნებდა, რომ მოვწონდი. ვგრძნობდი, რომ იმ საღამოს მე მისი «სავიზიტო ბარათი» ვიყავი.
_ მაგარი ტანი გაქვს, თან ისე დადიხარ, თითქოს ბალეტის მოცეკვავე იყო.
_ ბალეტის რა მოგახსენო, მაგრამ მოცეკვავე დიდხანს ვიყავი, თანაც ძალიან კარგი მოცეკვავეც, _ ამაყად «მოვახსენე».
_ მართლა? მართლა ცეკვავდი? ისე, მიხვრა-მოხვრაში გეტყობა, მდიდრული «პახოდკა» გაქვს.
_ დიდი მადლობა, ეს «პახოდკა» ცეკვის დამსახურებაა.
_ სად ცეკვავდი?
_ ჯერ სკოლაში, მერე ერთ-ერთ ანსამბლში, ბოლოს სუხიშვილებშიც დამიპირეს გადაყვანა, მაგრამ უარი ვთქვი.
_ რატომ?
_ რა ვიცი, სასიყვარულო დეპრესია დამემართა და ცეკვა კი არა, სიცოცხლე აღარ მინდოდა.
_ ძნელი დასაჯერებელია, რომ შენნაირ ქალს სიყვარულში იმედგაცრუება ჰქონდა. წარმოუდგენელი ამბავია.
_ რას იზამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ მოხდა. სიყვარულში არასდროს მიმართლებდა.
_ აწი გაგიმართლებს, აი ნახავ, _ მტკიცედ მითხრა გიამ და ისე მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, სითბო ჩამეღვარა სხეულში…
7 7 7
რესტორან «კრწანისს» მივადექით. კაბა ხელით ავწიე და ტანის რხევით ავუყევი კიბის საფეხურებს. დიდი ხანია, აქ არ ვყოფილვარ. რა რემონტი გაუკეთებიათ! როგორ მოუწყვიათ აქაურობა. კმაყოფილება ვერ დავმალე. შესასვლელში უცხო ხალხი ირეოდა. გავჩერდი, რატომღაც დავიბენი. გიამ წელზე ხელი მომხვია და კარისკენ მიბიძგა. დარბაზში შევედით. ირგვლივ მიმოვიხედე. უცხოდ ვიგრძენი თავი. რა მინდა აქ, რა საჭირო იყო ჩემი მოსვლა? იმწუთას ვინანე კიდეც, გიას რომ დავთანხმდი წამოსვლაზე, მაგრამ გვიან იყო, მომხდარს არაფერი ეშველებოდა. შუა დარბაზში ათასგვარი კერძით დახუნძლული მაგიდა მთელ სიგრძეზე გაეშალათ. შევედით თუ არა, რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგვაჩერდა. ზოგს გაოცება აღებეჭდა სახეზე, ზოგს ინტერესი, ნეტავ ეს ვინ მოჰყავს გიასო. თავი უხერხულად ვიგრძენი.
_ მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული, მალე გაშინაურდები, _ მშვიდად მითხრა გიამ და მარჯვენა მხარეს მდგარი ქალებისკენ გამიძღვა.
_ გიორგი, სანატრელო, მოხვედი? _ შეჯგუფულ ქალებს ერთი ცისფერკაბიანი გამოეყო და ჩვენკენ გამოემართა.
_ პრივეტ, თიკო, როგორ ხარ? _ გიამ გადაკოცნა დამხვდური და მერე ჩემზე ანიშნა, _ ეს მაგდაა, ჩემი მეგობარი, გაიცანი.
თიკომ ხელი ჩამომართვა და თავაზიანად გამიღიმა. მისგან აგრესია ვერ ვიგრძენი.
_ ლევანი სად არის, არ მოსულა? _ ჰკითხა გიამ.
_ სამზარეულოშია, სიტუაციას აკონტროლებს, _ გაიცინა თიკომ, _ მიდი, მიეხმარე, თორემ ხომ იცი, რა დაბდურაა, რაღაცას გააფუჭებს, მაგდას მე მივხედავ.
გიამ ბოდიში მომიხადა, სულ ერთი წამით დაგტოვებო და წავიდა, თიკომ კი ხელი ჩამავლო და ქალებისკენ წამიყვანა, შენს თავს სხვებსაც გავაცნობო. რამდენიმე წუთში გავშინაურდი. ყველანი თბილად შემხვდნენ. ცოტა ხანში დაძაბულობა მომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე, თავისუფლად ვიგრძენი თავი. მალე ქალების კამპანიას მამაკაცებიც შემოუერთდნენ. ადვილი მისახვედრი იყო, ყველას ჩემი ვინაობა აინტერესებდა. მეც თავაზიანად ვეცნობოდი ყველას, თან გაფაციცებით ვიყურებოდი დაბლა ჩასასვლელი კიბისკენ, სადაც სამზარეულო მეგულებოდა, რომ გია დროზე გამოჩენილიყო, მაინც უცხოდ ვგრძნობდი თავს ახალ საზოგადოებაში.
გაგრძელება იქნება