ამ დროს ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გონება დავძაბე, თითქოს მეცნო ის «ვიღაცა», კარგად დავაკვირდი… ლამის იყო, გაოგნებისგან იქვე ჩავიკეცე. ის იყო… ის, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი, ვისზე ფიქრშიც თვეების განმავლობაში უიმედოდ ვათენ-ვაღამებდი _ მომნუსხველი ლურჯთვალება მამაკაცი, რომელმაც მაგნოლია მომიწყვიტა… მუხლები მომეკვეთა. უცნობმა ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა, თითქოს მომესალმა კიდეც და მერე თვალი ამარიდა. გავწითლდი, გავმწვანდი და გავყვითლდი. მე თვითონ არ ვიცი, რა ფერი დამედო. სხეული ამიკანკალდა, მუხლები მომეკვეთა. ნუთუ გიას ჯგუფელია? ნუთუ მაინცდამაინც აქ უნდა შევხვედროდი? ნუთუ აქ უნდა გამეცნო? რაღა გიას ნაცნობი გამოდგა? ბედის ირონიაც ამას ჰქვია. აი, ბედის დაცინვა რას ნიშნავს. ხომ გეუბნებოდით, სიყვარულში უიღბლო ვარ-მეთქი? ახლაც არ გჯერათ? რატომ ხდება ასე, რატომ? რა დავაშავე ასეთი? რა მოხდებოდა, მაშინ შემდგარიყო ჩვენი შეხვედრა? გიას გაცნობას ხომ ავცდებოდი? ამ დღეში ხომ არ ჩავვარდებოდი? რა ვქნა ახლა მე, რა მეშველება? ნეტავ ფეხი მომტეხოდა და არ წამოვსულიყავი. არ უნდა დამეჯერებინა გიასთვის. ეს რა სისულელე ჩავიდინე, ეს რა მომივიდა! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ შევამჩნიე, როგორ გამოემართა ჩემკენ უცნობი… გულმა უარესად დამიწყო ცემა…
* * *
სანამ ახლოს მოვიდოდა, მე ჩემი დამემართა. ადამიანის ფერი არ მედო სახეზე.
_ გამარჯობათ, კინაღამ ვერ გიცანით, _ გამიღიმა და თავი დამიკრა.
_ გაგიმარჯოთ, _ ძლივს ამოვილუღლუღე.
_ ახლა არ მითხრათ, რომ ჩვენთან ერთად სწავლობდით და არ გამაგიჟოთ, _ თავი გვერდზე გადახარა და კარგი ნივთივით შემათვალიერა.
_ არა, მე სტუმრად ვარ, დამპატიჟეს, _ როგორც იქნა, გავიღიმე.
_ ჰო, ეგ კარგია. თუ საიდუმლო არ არის, ვისი სტუმარი ხართ?
_ გიას ახლობელი ვარ, _ ახლა კი გავწითლდი.
ჯანდაბას! ეგ მინდოდა? რატომ, რატომ, რატომ?!
_ ფრიად სასიამოვნოა. უკაცრავად, მერე გნახავთ, _ კვლავ დამიკრა თავი და გამერიდა.
თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. მორჩა, რადგან ვუთხარი, გიას ახლობელი ვარ-მეთქი, ალბათ ზედაც არ შემომხედავს, მაგრამ ახლობელი ხომ შეყვარებულს არ ნიშნავს? მე სპეციალურად შევარჩიე ეს სიტყვა, რომ სხვანაირად არ ეფიქრა. იქნებ არც იფიქრა? იქნებ ვიღაცების ცნობისმოყვარე მზერას მოერიდა? ვნახოთ, ვნახოთ.
მოლხენის სურვილი გამიქრა. ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი. მთელი გულისყური იმისკენ იყო მიმართული, ჩემი საოცნებო ობიექტისკენ, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი.
ამასობაში გიაც გამოჩნდა. კარგ გუნებაზე ჩანდა.
_ უჩემოდ არაფერი კეთდება, _ სიცილით მითხრა, _ ძლივს ავარჩევინე ღვინო, მაგრები არიან.
_ ასე გაუჭირდათ ღვინის არჩევა?
_ უფრო იაფი ჯდებაო, გამაგიჟებს ეს ხალხი, რაღაც ლარშია განსხვავება. ამის გამო ღირს მჟავე ღვინის დალევა?
_ იქნებ ფული არ ჰყოფნით?
_ არა, რა ფული არ ჰყოფნით, ვითომ რაც მოგვრჩება, ხვალ გავაგრძელოთო. ერთი დღის ქეიფი არ იკმარეს. ხომ არ მოიწყინე?
_ ცოტათი.
_ სად წავიდა თიკო?
_ გოგოებთან.
_ და მარტო დაგტოვა, არა? უყურე მაგას!
_ არა უშავს, მერე რა მოხდა.
_ ორ წუთში დავსხდებით. ახლავე მოვალ, _ გიამ უცებ ვიღაც შეამჩნია და გეზი დარბაზის შუაგულისკენ აიღო.
იქ ის იდგა ვიღაც ორ მამაკაცთან ერთად. გია მივიდა, ყველას ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა. ცოტა ხანს ილაპარაკეს, მერე ისევ ჩემკენ წამოვიდა.
ცოტა ხანში ყველანი სუფრას შემოვუსხედით. მე, რა თქმა უნდა, გიას გვერდით დავჯექი. ჩემი «სამიზნე» მოპირდაპირე მხარეს, ჩემგან მარცხნივ მოხვდა. თიკომ და ლევანმა გიას დაუმშვენეს მხარი. თამადად ვინმე მაღალი, სიმპათიური, ჰალსტუხიანი ვაჟა შეარჩიეს. მანაც ყელი მოიღერა და სუფრის გაძღოლას შეუდგა.
ისე ვნერვიულობდი, შუა ზაფხულში ხელ-ფეხი გამეყინა. ხანდახან თვალი გამექცეოდა იმისკენ, მაგრამ მას ერთხელაც არ გამოუხედავს. დამერხა! ეგ მე ყურადღებას არ მომაქცევს, ვფიქრობდი გულში. მინდოდა გიასთვის მეკითხა, რა ჰქვია-მეთქი, მაგრამ ვერ ვბედავდი, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამომეჩინა. არა უშავს, მერე გავიგებ, დავიმშვიდე თავი.
გია ყურადღებას არ მაკლებდა, ხან რას მთავაზობდა, ხან რას. ქალებისთვის ლიქიორი იდგა მაგიდაზე, მე კი ლიქიორს ვერ ვიტან, არც ღვინო მეხატება გულზე მაინცდამაინც. ჩემს კავალერს ვთხოვე, იქნებ კონიაკი მოატანინო-მეთქი. მაშინვე ამისრულა თხოვნა, სომხური კონიაკი მოატანინა და ფულიც იქვე გადაუხადა. პირველივე ჭიქამ ცხლად დამიარა ძარღვებში, მესიამოვნა. ცოტათი შევხურდი, მეორე და მესამე ჭიქაზე კი უკვე ღაწვები შემეფაკლა, მომეკიდა სასმელი.
_ შენ რა მსმელი ყოფილხარ, არ ვიცოდი?! ჩემთან რატომ არასდროს სვამდი?
_ შენ გგონია, დიდი მსმელი ვარ? უბრალოდ, მამცივნებს და იმიტომ დავლიე, თორემ მაინცდამაინც არ ვეტანები, _ თავი ვიმართლე.
_ კონიაკი გიყვარს, არა? _ ეშმაკურად გამომხედა.
_ კი, ყველა სასმელს მირჩევნია, _ თავი დავუქნიე.
_ მე სულ შამპანურზე გეპატიჟებოდი. მომავალში გავითვალისწინებ, _ ხელები მოიფშვნიტა გიამ.
_ შენ გგონია, დავლევ?
_ ვითომ რატომ არა, ჩემთან გიტყდება, თუ რამის გეშინია?
_ არა, რა სისულელეა, რატომ უნდა მიტყდებოდეს, ან რატომ უნდა მეშინოდეს. არ მიყვარს დალევა, მით უფრო _ დათრობა.
_ ქალები არ თვრებიან, ხომ?
_ როგორ არ თვრებიან, მაგრამ რა სასიამოვნოა მთვრალი ქალის ყურება, ამაზე საშინელება მგონი არც არაფერია.
_ დაგისხა?
_ არა, არა, მეტს ვერ დავლევ, საკმარისია, დიდი მადლობა, _ ჭიქას ხელი დავაფარე, რომ აღარ დაესხა.
_ ისე დავასხამ, არ არის ლამაზი ცარიელი სასმისი, _ თქვა გიამ და ბოთლი მოიმარჯვა. კონიაკი რაკრაკით ჩავიდა ჭიქაში.
_ ბავშვებო, ეგ კონიაკი ჩემთვის არ შეიძლება? _ თიკომ გამოგვძახა.
_ როგორ არ შეიძლება, ქალბატონო თიკო, თქვენ ოღონდ მთხოვეთ… _ გიამ მასაც დაუსხა.
თამადამ მორიგი სადღეგრძელო შესვა _ მეგობრობის და თბილი ურთიერთობების. მივუჭახუნეთ ერთმანეთს. კიდევ ერთი ჭიქის დალევამ მომიწია, მაგრამ მხოლოდ მოვსვი, დათრობის შემეშინდა. ნელ-ნელა დავწყნარდი. უფრო მეტიც, სასმელმა სითამამე შემმატა. ახლა უკვე მალულად აღარ მიწევდა იმისკენ თვალის გაპარება, ჩვეულებრივად გავხედავდი ხოლმე. რაღაც მომენტში ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. სხვებისთვის შეუმჩნევლად რაღაც მითხრა თვალებით, რაღაც ძალიან სასიამოვნო, მეც ვუპასუხე და სიამოვნებისგან დავდნი კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წამში მოხდა, მერე კვლავ ამარიდა მზერა.
სტუმრები თანდათან ახმაურდნენ, ალკოჰოლმა თავისი გაიტანა. კარგა ხნის შემდეგ თამადამ პირველი მუსიკალური პაუზა გამოაცხადა. ამან გამოაცოცხლა თანამესუფრეები, ქალები და მამაკაცები რიგრიგობით დგებოდნენ სუფრიდან და დარბაზის შუაგულისკენ მიიწევდნენ წყვილ-წყვილად.
_ ჩვენ არ ვიცეკვოთ? _ გია ჩემკენ გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა.
_ რა ვიცი, თუ გინდა, ვიცეკვოთ.
_ რომ არ მეხერხება ეგეთი რაღაცები?
_ მაშინ არ ვიცეკვოთ და ეგ იქნება, _ თავი გავწიე, რომ მისი ტუჩები არ შემხებოდა.
_ არა, მაინც ვიცეკვოთ, შენ ხომ არ დამძრახავ, ცუდად თუ გამომივა?
_ არა გრცხვენია?
_ მაგდა კარგად ცეკვავს, არა? _ მკითხა, როცა ავდექით.
_ მაგდა კი, ბავშვობიდან ცეკვავს, ერთხელ უკვე ხომ გითხარი? _ ხმამაღლა ვუპასუხე, რომ მუსიკის ხმაში გაეგონა.
_ ჰოდა, რა მეშველება ახლა მე? _ გიამ ორივე ხელი წელზე მომხვია და დავტრიალდით.
სულაც არ ცეკვავდა ცუდად. ან კი რა ცეკვა ვალსს უნდოდა, გახვალ _ გამოხვალ, გახვალ _ გამოხვალ და მორჩა, სულ ეგ არის.
_ ტყუილად მაცოდებ თავს, მშვენივრად გამოგდის, _ თითი დავუქნიე.
_ შენი ტანის რხევის რიტმს ავყევი და იმიტომ, _ იმართლა თავი, _ მაგარი ტანი გაქვს, დედას გეფიცები, _ კვლავ ყურში მიჩურჩულა.
_ გმადლობ, სასიამოვნო მოსასმენია, _ მორიდებით გავუღიმე.
მერე ორივე გავჩუმდით. დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თვალებით იმას ვეძებდი, ვისზე ფიქრიც გონებიდან არ მშორდებოდა, მაგრამ ვერსად შევამჩნიე _ არც მოცეკვავეებს შორის ჩანდა და არც მოქეიფეებს შორის.
_ მაგდა, რაღაც მინდა გითხრა.
გამაჟრჟოლა, ახლა რომ სიყვარული ამიხსნას, აქვე ჩავიკეცები.
_ ცუდი თუ კარგი?
_ არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ დიდი ხანია, ამას ვაპირებ.
_ რას ეხება, ჯერ ის მითხარი.
_ ვერ ხვდები?
_ მაინც? დავუშვათ და, ვერ ვხვდები.
_ ჩვენს ურთიერთობას.
ამაკანკალა.
_ გია, გთხოვ, ოღონდ დღეს არა, არ გინდა, გემუდარები.
_ რატომ, რატომ, ოდესმე ხომ მომიწევს ამაზე ლაპარაკი? _ გიას სახე მოეღუშა.
_ ჰო, მაგრამ დღეს ნუ… დამიჯერე.
_ გინდა მითხრა, რომ პასუხი მზად არ გაქვს?
_ ვშიშობ, გულს გატკენს ჩემი პასუხი და იმიტომ.
_ დღეს თუ მერეც?
_ არ ვიცი, ალბათ მერეც.
_ მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, როდის გეტყვი? ბარემ დღესვე მეცოდინება, რისი იმედი უნდა მქონდეს.
_ არ გინდა…
_ მინდა და ნუ გამაჩერებ. დედაჩემი უნდა გაგაცნო.
წარბები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან. ამას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომანტიკული სიტყვების ნიაღვარი წამოვიდოდა, ლამაზ სიტყვებად დაიღვრებოდა, ის კი დედამისის გაცნობას მთავაზობდა მხოლოდ.
_ კი ბატონო, მაგაზე ადვილი არაფერია, მაგრამ რა ისეთი სათქმელი ეს იყო? ადრე გეთქვა და ნებისმიერ დროს გამოგყვებოდი.
_ დედამ შენ შესახებ ყველაფერი იცის და მთხოვა, გამაცანიო.
_ ჩემ შესახებ? საინტერესოა, რას უყვები ჩემ შესახებ, _ კოპები შევკარი გაღიმებულმა.
_ იმას, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, უიშვიათესი, რომ ძალიან მიყვარხარ და რომ…
_ ნუღარ გააგრძელებ, საკმარისია, _ ტუჩებზე ავაფარე თითები.
ხელისგულზე მაკოცა. დამდუღრულივით გამოვწიე ხელი.
_ რატომ გამირბიხარ ასე, ნუთუ სულ არ მოგწონვარ? _ სევდა ჩაუდგა თვალებში.
_ გია, ხომ გითხარი…
_ მაცალე, ნუ მაწყვეტინებ.
_ მე გაწყვეტინებ თუ შენ მაწყვეტინებ? _ მოჩვენებითად გავბრაზდი.
_ ნუ მაწყვეტინებ-მეთქი, გეუბნები. ბოლომდე მათქმევინე და პირობას გაძლევ, მერე, სანამ საჭირო არ გახდება, ამ თემას არ შევეხები. გასაგებია, რომ არ გიყვარვარ, მაგრამ შტერი უნდა იყო ადამიანი, ჩემს დამოკიდეულებას ვერ ხვდებოდეს. ეს გამორიცხულია. ვიცი, რომ ყველაფერს ხვდები, ისიც ვიცი, რომ ამ ეტაპზე არ გიყვარვარ, მაგრამ ეს არ მანერვიულებს. მე დაგელოდები. იმედი არ გადამიწურავს. შევძლებ, რომ თავი შეგაყვარო. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ოღონდ კი შენ ეცადე. კარგი?
პასუხი არ გავეცი, თვალი ავარიდე.
_ კარგი? მაძლევ ამის პირობას? _ გია თავის მოძრაობით ცდილობდა, დაეჭირა ჩემი მზერა, _ მითხარი, ეცდები?
_ არ ვიცი, გია, ვერ მოგატყუებ. მე შენ ისე შეგეჩვიე, თავადაც მიკვირს, მაგრამ სულ სხვა თვალით გიყურებ, შენ ჩემთვის სულ სხვა ხარ, _ მუდარა გავურიე ხმაში.
_ სხვა ხომ არ გიყვარს? იქნებ ხდება ისეთი რამ შენს ცხოვრებაში, რაც მე არ ვიცი? ხვდები ვინმეს?
_ არა, არა, შენც ხომ იცი, რომ ასე არ არის. უბრალოდ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ… მე შენ არ მიყვარხარ, გია.
_ ეგ ვიცი. ცოტა ხანს დამაცდი?
_ ვნახოთ.
_ მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, აი ნახავ.
გაგრძელება იქნება