ორიანა ფალაჩი იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ფალაჩი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. ფალაჩის ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის, ისლამისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას, 2000-იანების დასაწყისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ფალაჩი 1930 წელს ანტი-ფაშისტურ ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სულ რაღაც 13 წლის ასაკში, იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის იატაკქვეშა გაერთიანების წევრი გახდა და 15 წლის ასაკში ამ საქმიანობისთვის მოკავშირეთა მიერ დაწესებული ჯილდოც გადაეცა.
თავად ფალაჩი თავს ყოველთვის მწერლად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ჟურნალისტად, მაგრამ აღიარებდა, რომ ჟურნალისტიკამ მისცა საშუალება, ცხოვრება ნამდვილ თავგადასავლად ექცია.
"პირველად, როდესაც საბეჭდ მანქანასთან დავჯექი, სიტყვებისადმი უსაზღვრო სიყვარული ვიგრძენი, ისინი წვიმის წვეთებივით სათითაოდ მოედინებოდნენ და თეთრ ქაღალდზე რჩებოდნენ."
მიუხედავად მწერლობისადმი მისი დიდი სიყვარულისა, ის იყო ჟურნალისტი, რომლისთვისაც მსოფლიოს არც ერთ უდიდეს ფიგურას არ შეეძლო ინტერვიუზე უარის თქმა, მის რესპონდენტთა შორის იყვნენ: ჰენრი კისინჯერი, ინდირა განდი, გოლდა მეირი, დენ სიაოპინი, აიათოლა ჰომეინი, ლეხ ვალენსა, მუამარ კადაფი...
საშუალო სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, ფალაჩი მცირე ხნით დაესწრო ფლორენციის უნივერსიტეტს , სადაც სწავლობდა მედიცინასა და ქიმიას. მოგვიანებით გადავიდა ლიტერატურაში, მაგრამ მალევე მიატოვა და სწავლა აღარ დაუმთავრებია. მისმა ბიძამ, ბრუნო ფალაჩიმ, შესთავაზა ჟურნალისტური კარიერა გაეგრძელებინა. ფალაჩიმ კარიერა ჟურნალისტიკაში დაიწყო თინეიჯერობის პერიოდში, 1946 წელს გახდა იტალიური გაზეთის mattino dell'Italia centrale სპეციალური კორესპონდენტი.
ორიანა თავდაპირველად სამხედრო კორესპონდენტი იყო. 1960-იან და 1970-იან წლებში ფალაჩი აშუქებდა მნიშვნელოვან გლობალურ კონფლიქტებსა და პოლიტიკურ აჯანყებებს, რომელთა შორის იყო: ამბოხება და დაკავებების პროცესები უნგრეთში; ლიბანისა და ქუვეითის სამოქალაქო ომი; ლათინური ამერიკის რევოლუციები ბრაზილიაში, პერუში, ბოლივიაში, ასევე მექსიკაში, სადაც მას 1968 წელს მეხიკოში სტუდენტების დემონტრაციის დროს ესროლეს. ტყვია სამგან მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ფალაჩი 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ვიეტნამშიც, სადაც მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო ნათლად დაანახა ავტორიტარული რეჟიმების სისასტიკე და გაუძლიერა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილიც.
1979 წელს აიათოლა ხომეინთან ინტერვიუს დროს მან ხომეინს "ტირანი" უწოდა"
ფალაჩი: კიდევ ბევრი რამ უნდა გკითხო. მაგალითად, „ჩადრის“ შესახებ - ვალდებული ვიყავი ჩამეცვა, რომ მოვსულიყავი და გაგსაუბრებოდით. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ კაბას, არამედ იმას, რასაც ის წარმოადგენს, ვგულისხმობ ყველაფერს რასაც ირანელი ქალები რევოლუციის შემდეგ განიცდიან - ისინი ვერ სწავლობენ უნივერსიტეტში მამაკაცებთან, ვერ მუშაობენ მამაკაცებთან, არ შეუძლიათ ცურვა ზღვაში ან აუზში მამაკაცებთან ერთად. მათ ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა გააკეთონ, თავიანთი „ჩადრით“. სხვათა შორის, როგორ შეიძლება "ჩადრით" ბანაობა?
ა.ხ: არცერთი ეს შენ არ გეხება, ჩვენი ადათ-წესები შენ არ გეხება. თუ ისლამური სამოსი არ მოგწონთ, ვალდებული არ ხართ ჩაიცვათ, რადგან ის ახალგაზრდა და პატივსაცემი ქალბატონებისთვისაა.
ო.ფ: მაშინ, ვაპირებ, თავიდან მოვიშორო ეს შუა საუკუნეების ნაჭერი.