ამასობაში მუსიკაც დამთავრდა და ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. გიას ხასიათი გაუფუჭდა. მეც. თითქოს უბრად ვიყავით ერთმანეთთან. ირგვლივ სიცილ-კისკისის და მამაკაცების როხროხის ხმა ისმოდა, ჩვენ კი ჩუმად ვისხედით და არ ვერეოდით საერთო მხიარულებაში. მექანიკურად გავიხედე იქითკენ, სადაც ჩემი ლურჯთვალება უცნობი მეგულებოდა. სკამი ცარიელი იყო. გული შემიქანდა. ხომ არ წავიდა? ირგვლივ მიმოვიხედე, არსად ჩანდა. ამ დროს თიკოს ხმა მომესმა.
_ მაგდა, ერთიც ხომ არ დაგველია?
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გიამ უხალისოდ ჩამოასხა. სადღეგრძელო ლევანმა თქვა, თამადას უკვე აღარ უსმენდა.
_ მანდილოსნებს გაუმარჯოს, ჩვენი სუფრის და ქალაქის მშვენებას, _ თქვა ლევანმა.
გიამაც ჩაიბურტყუნა რაღაც. ახლა ბოლომდე დავცალე ჭიქა. ყელი ჩამიწვა სასმელმა. უცებ ჩემ წინ იმან გაიარა, თავისი სკამისკენ მიიჩქაროდა. «აქ ყოფილა», _ გახარებულმა გავიფიქრე და თავისუფლად ამოვისუნთქე.
_ გიუშკი, ნუ ხარ დარდიანი, თორემ მეც გადმომედო, იცოდე, _ გიას მხარი გავკარი უცნობის დანახვით გახალისებულმა.
_ გამივლის, არა უშავს, _ ნაძალადევად გამიღიმა და შუბლი ხელებში ჩამალა.
_ რა გჭირს, გიო, ახლა მელანქოლიის დროა? _ ლევანმა მხარზე გადახვია ხელი, _ გამოფხიზლდი, ბიჭო, ახლა სიყვარულის დროა, _ ომახიანად შესძახა და ჭიქა შეუვსო.
მერე კვლავ გამოაცხადა თამადამ მუსიკარი პაუზა.
_ წამო, ვიცეკვოთ, _ ვუთხარი გიას, თითქოს დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა.
_ არ მინდა, არ გეწყინოს… ხომ გესმის ჩემი… _ გიას თვალები ისე უბრწყინავდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ კარგა გვარიანად შეთვრა.
შემეცოდა. ვინანე, ასე რომ ველაპარაკე ცეკვის დროს. რას გადავუწურე ადამიანს იმედი, დავპირებოდი მაინც… მაგრამ არ შემეძლო მისი მოტყუება, ის ამას არ იმსახურებდა.
მერე… მერე მოხდა, რაც მოხდა. «ის» წამოდგა, ერთი თვალის შევლებით დაზვერა სიტუაცია, მაგიდას შემოუარა და ჩვენ მოგვადგა.
_ გია ბატონო, შეიძლება შენი სტუმარი საცეკვაოდ გავიწვიო? _ მხარზე დაადო უცნობმა გიას ხელი.
_ აუცილებლად, აუცილებლად, ჩემი ნებართვა რა საჭიროა, _ გია წამოდგა და ოდნავ შებრუნდა მისკენ.
_ გთხოვთ, _ მარჯვენა გამომიწოდა მამაკაცმა.
რაღაც საშინელება დამემართა, თითქოს წონასწორობა დავკარგე. არა, ეს კონიაკის ბრალი სულაც არ იყო. მე სხვა რამით ვიყავი მთვრალი. მის ხელს ხელი შევაგებე და ასე, ხელიხელჩაკიდებულები მოცეკვავე წყვილებთან აღმოვჩნდით. გული გამალებით მიცემდა. დარბაზის ეს ადგილი თითქმის ჩაბნელებული იყო, სხვადასხვა ფერის სინათლის ფონით ოდნავ ნათდებოდა მხოლოდ. უცნობმა მარცხენა ხელი წელზე მძლავრად მომხვია, მარჯვენაში კი ჩემი მარცხენა ისე მოიმწყვდია, რომ თავისი ცერა თითი ჩემს ხელისგულში ჩამალა. სასიამოვნო ჟრჟოლამ ამიტანა, მუხლები მეკვეთებოდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა. თითქოს მთელი სამყარო ჩემ ირგვლივ დატრიალდა. ჩემზე თითქმის ერთი თავით მაღალი იყო. ცეკვა რომ დავიწყეთ, შევხედე. იგი უკვე მიყურებდა.
_ თეთრი მთვარე, _ თქვა მან ზუსტად ისე, როგორც მაშინ.
ისევ დამიარა სასიამოვნო ტალღამ. ესე იგი, თეთრ მთვარეს მე მიმასგავსა და არა მაგნოლია.
_ რა გქვია? _ მკითხა უცნობმა და მომნუსხველი ღიმილი მესროლა.
_ მაგდა.
_ ლამაზი სახელია… შენსავით… _ ახლა უფრო ფართოდ გაიღიმა და თვალებში ჩამაშტერდა.
_ შენ რა გქვია? _ არც მიკვირდა, რომ შენობით ვსაუბრობდით, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
_ საბა.
_ საბა… _ გავიმეორე და თვალები მივბნიდე.
_ გიას საიდან იცნობ? _ იდუმალი ხმით მკითხა.
_ სამსახურიდან, _ თან ვიცრუე, თან მართალიც ვთქვი, მე ხომ სამსახურში გავიცანი იგი.
_ დიდი ხანია, მეგობრობთ? _ შემპარავად აგრძელებდა ჩემს დაკითხვას.
_ არც ისე, _ არ დავუკონკრეტე და გიასკენ გავიხედე, იგი ისევ ხელებში თავჩარგული იჯდა და ჩვენკენ საერთოდ არ იყურებოდა.
_ მაშინ რატომ არ მოხვედი, მაგდა, რატომ მომატყუე?
ალმური წამეკიდა. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე.
_ არ მომიტყუებიხარ, გეფიცები. უბრალოდ, დამაგვიანდა. ტრანსპორტში რომ ავედი, მერე დაგინახე, ოპერის ბაღიდან როგორ გამოხვედი. მე მაინც დავბრუნდი უკან, მაგრამ არ დამხვდი. ეს იმის ბრალია, რომ დავაგვიანე, თუმცა ჩემი ბრალი არ იყო, პაციენტი მყავდა და…
_ ექიმი ხარ?
_ ექიმი-ფსიქოლოგი. შენ?
_ მე? მე… პროფესია არა მაქვს, არც სამსახური. ერთი სიტყვით, ცუდი ბიჭი ვარ. ესე იგი, მოხვედი, არა? _ კვლავ ძველ თემაზე გადაიტანა საუბარი.
_ ჰო, მოვედი. ისიც მახსოვს, რა გეცვა. გითხრა?
_ არა, არ მინდა. მჯერა შენი.
მე და საბა ნელა ვირხეოდით. მას, ყველა სიკეთესთან ერთად, საოცარი პლასტიკა ჰქონდა. ისე კარგად ავუწყვეთ ფეხი ერთმანეთს, თითქოს წლების განმავლობაში წყვილში გვეცეკვოს. უდიდეს ნეტარებას განვიცდიდი მისი სიახლოვით. ეს ღვთაებრივი სიამოვნება იყო. გადავწყვიტე, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც მასში ემოციას აღძრავდა ან ვნებას. თავი ავწიე და «შემთხვევით» ჩემი ღაწვი მის ნიკაპს შევახე. სხეული უფრო გამიხურდა, ძუძუსთავებმა თითქოს კვნესა დაიწყეს, ისე მიიწევდნენ მისკენ. კიდევ ერთხელ ჩავიქნიე ნამუსზე ხელი და ახლა მკერდით გავეხახუნე. უცებ მისი მარცხენა ხელი ამოძრავდა, უფრო მოხერხებულად ჩაბღუჯა ჩემი წელი და მძლავრად მიმიკრა გულზე.
_ კარგია, როცა სასიამოვნო მამაკაცთან ცეკვავ, _ ტუჩები ახლოს მივუტანე ყურთან და ვუჩურჩულე, _ დიდი ხანია, მსგავსი რამ არ განმიცდია, _ კონიაკმა ისე გამათამამა, ახლა ყველაფრის სათქმელად მზად ვიყავი.
კვლავ ვიგრძენი საბას ხელის მოძრაობა ჩემს სხეულზე. მისმა თითებმა ნელ-ნელა მაღლა აიწია და ჩემს მკერდს ქვემოთ დაიდო ბინა, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითი წრიულად ამოძრავდა ჩემს ხელისგულზე. საბა არაფერს ამბობდა, თავის სათქმელს მხოლოდ თითებით გამოხატავდა. თვალები დავხუჭე და კვლავ შევეხე ნიკაპზე.
_ მე შენ გელოდი, დიდხანს ვიცადე მაშინ გაჩერებაზე, მაგრამ… მერე კი გეძებდი, მთელ თბილისში გეძებდი და ვერ გიპოვე. არ მეგონა, თუ ისევ გნახავდი… როგორ ფიქრობ, ეს ბედისწერაა? _ ალაპარაკდა იგი.
_ ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ… ის მაგნოლია დღესაც შენახული მაქვს, _ ლოყას არ ვაშორებდი მის ნიკაპს.
_ შენახული? გინდა მითხრა, რომ მან აქამდე გაძლო? _ ყურთან მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი.
_ არა, მალევე გახმა, მაგრამ წიგნში მაქვს ჩადებული. იცი? ის დღე არასდროს დამავიწყდება. ასე მგონია, საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ.
_ მეც ასე მეჩვენება.
ახლა ჩემს მარცხენა ძუძუსთან ამოძრავდნენ მისი თითები. ვგრძნობდი, როგორ გადმოდიოდა ვნების უხილავი ტალღები მისი სხეულიდან ჩემში.
_ მომწონს «იოჯის» სურნელი, უცხო რამეა, _ თქვა მან.
«იოჯის» სუნამო გიამ მაჩუქა. სწორედ ის დავიპკურე დღეს, სანამ წამოვიდოდით.
_ ასე კარგად ერკვევი სუნამოებში? _ თავი ავწიე და ღიმილით შევხედე.
თვალები დანისლოდა.
_ ყველაში არა, მხოლოდ რამდენიმე ვიცი, ის, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს. გიამ გაჩუქა?
_ ჰო, _ ვთქვი და ამოვიოხრე, არ მინდოდა მომეტყუებინა.
_ მას კარგი გემოვნება აქვს, თვითონაც კარგი ბიჭია.
_ ჰო, _ გავიმეორე და მზერა ავარიდე.
_ გიყვარს? _ მკითხა მოულოდნელად.
_ ვინ, გია?
_ გია, აბა სხვა ვინ?
_ არა, გია არ მიყვარს.
_ სხვა ვინმე გიყვარს?
კითხვა უპასუხოდ დავტოვე. დიდი სიამოვნებით ვეტყოდი, შენ მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ახლა არ ღირდა, ყალბად გამომივიდოდა.
_ შენ «ორგანზაც» გექნება სახლში, _ თქვა უცებ.
გაოცება ვერ დავმალე. საიდან იცის?
_ და «ბეიბი დოლიც», ივ სენ ლორანის.
_ მაქვს, მართლა მაქვს ორივე. როგორ მიხვდი? _ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
_ ქალს რომ გავიცნობ, მაშინვე ვგრძნობ, დაახლოებით რომელ სურნელს ანიჭებს უპირატესობას.
_ ამჯერად არ დაგეთანხმები. ეს სუნამოები მაჩუქეს და მხოლოდ იმიტომ მაქვს, თორემ ჩემი სურვილით არ შემირჩევია.
_ ჰო, მაგრამ მძაფრი და ცივი სურნელი არ გიზიდავს, ასე არ არის?
_ ეს კი მართალია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ სწორედ ისინი ჩამოთვალე, რომელიც მაქვს, უფრო სწორად რომელიც…
_ მოგართვეს, არა? _ გაიღიმა, ჩემი მარჯვენა ხელი მხარზე დაიდო და ახლა მკლავები მომხვია წელზე, _ დაივიწყე, ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, _ თქვა და… მუსიკაც მიწყდა.
_ მორჩა, _ ისე ამოვიოხრე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე.
_ რა სამწუხაროა. ვინ იცის, ოდესმე კიდევ მეღირსება შენთან ცეკვის სიამოვნება?
_ რატომაც არა, მთავარია მონდომება, _ მრავლისმეტყველი თვალებით შევხედე.
_ გია კარგი ადამიანია, კარგი მეგობარიც, _ რატომღაც ხაზგასმით თქვა და მივხვდი, რატომაც _ მიმანიშნა, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება ეჭვქვეშ დგებოდა.
ბარიერი, რომელიც გიას სახით გვეღობებოდა წინ, ადვილად გადასალახი არ იქნებოდა…
* * *
ბანკეტი თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა. მე და საბას მეტჯერ არ გვიცეკვია. გია დათვრა, თანაც ისე, რომ ფეხზე ვერ იდგა. შეუძლებელი იყო, საჭე ემართა. რაღაც უნდა მეღონა. ლევანი გავიხმე გვერდზე, რომ დავლაპარაკებოდი. ამ დროს საბაც მოგვიახლოვდა.
_ მოხდა რამე? _ ლევანს ჰკითხა.
_ ჰო, გია ისეთი მთვრალია, საჭეს ვერ დაიმორჩილებს. შეწუხდა მაგდა, ახლა გამოსავალს ვეძებთ.
_ მე წაგიყვანთ, რა პრობლემაა?
_ მერე შენ? შენც ხომ მანქანით ხარ, _ ლევანმა ჯერ მას შეხედა, მერე _ მე.
_ არა უშავს, ამათ მე წავიყვან და აქ დაცვის რომელიმე ბიჭს ვთხოვ, უკან გამომყვეს გიას მანქანით.
_ მერე დაცვა უკან რითი დაბრუნდება?
_ ტაქსით, რა მოხდა, გია უცხო ხომ არ არის, აბა რისთვის ვართ მეგობრები? _ მხრები აიჩეჩა საბამ.
გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ღმერთო, შენ მიშველე, ოღონდ არ გადაიფიქროს. ვიცოდი, იგი შინ პირველად გიას მიიყვანდა და კიდევ ერთხელ მომიწევდა მასთან მარტო დარჩენა. მეც ეგ მინდოდა. თავს ვერ ვიმორჩილებდი სიხარულისგან.
_ რა ვიცი, საბა, თუ მაგ სიკეთეს იზამ… მთავარია, შენ არ გაგიფუჭდეს საქმე. მაგდასი მერიდება, თორემ გიას მეც მივიყვანდი სახლში. მაგრამ მანქანას აქ ხომ არ დატოვებს, რა ვიცი…
_ ჩათვალე, რომ ეს საქმე მოგვარებულია. მე მომანდე მაგდას და გიას დაბინავება. ყველაფერი კარგად იქნება.
_ აგაშენა ღმერთმა, მაშინ აღარ ვინერვიულებ და ამ ლამაზ გოგოსაც შენ გაბარებ. გიას უკვე გონი აღარ ეკითხება.
_ არა უშავს, საკუთარი თავივით გავუფრთხილდები ორივეს.
_ შენ რას შვრები, დღეს ვეღარ გამოგელაპარაკე წესიერად, როდის მიდიხარ?
_ ჯერ არ ვიცი, აქაც უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჯერ არ გადამიწყვეტია.
_ მოკლედ, ჩაგვაბერდი ხელში ამ გადაფრენ-გადმოფრენაში.
_ რას იზამ, ასეთი ცხოვრება, _ გაიღიმა საბამ და მალულად გამომხედა.
მათი საუბრიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი _ საბას ხშირად უწევდა ქალაქიდან გასვლა. თუმცა სად, რატომ და რამდენი ხნით, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩებოდა. ეს არ მომეწონა, თუმცა არ შევიმჩნიე.
ავჩქარდი. რადგან საბამ გადაწყვიტა ჩვენი წაყვანა, ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი რესტორნიდან. ლევანმა და საბამ გია ძლივს წამოაყენეს და, რომ იტყვიან, კი არ ჩასვეს, ჩადეს მანქანის უკანა სალონში. მანქანაც არის და მანქანაც! ლუკას უძვირფასესი ავტომობილი «ნისანის» ჯიპი აღმოჩნდა, მუქი ნაცრისფერი, ერთ-ერთი ბოლო მოდელის. საიდან ასეთი ძვირად ღირებული ფუფუნება? რას წარმოადგენს? რა პროფესიისაა? აკი უმუშევარი ვარო? მთელი ცხოვრება რომ ვიმუშაო, ცხვირით მიწა რომ ვჩიჩქნო, ასეთი მანქანის ფულს ვერასდროს დავაგროვებ. ვინ არის? ინტერესი მკლავდა.
მე წინ დავჯექი, საბას გვერდით. გზა ისე გავლიეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. დაცვის ერთ-ერთი წევრი უკან მოგვდევდა გიას მანქანით.
_ ჯერ გია მივიყვანოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? _ მკითხა საბამ.
_ არა, რა თქმა უნდა, ასე აჯობებს, _ დავეთანხმე.
გული ამოვარდნაზე მქონდა. ლოყები მიხურდა სიმხურვალისგან. საბა მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ჯიპს.
_ იცი, სად ცხოვრობს?
_ ვიცი რომელია, მთელი სტუდენტობა ლამის მის სახლში გვაქვს გატარებული. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, _ ღიმილით გადმომხედა.
თვალი ავარიდე. მისი შემოხედვა მაბნევდა. ასე მეგონა, სულში მიძვრებოდა და ყველაფერს დაწვრილებით კითხულობდა, რაც იქ ხდებოდა. იქ კი… იქ ნამდვილი ქაოსი სუფევდა…
გია ვაკეში ცხოვრობდა. მის სახლს რომ მივუახლოვდით, საბამ სვლა შეაჩერა და სადარბაზოსთან ახლოს გააჩერა მანქანა. მან და დაცვის ბიჭმა ძლივს გადმოიყვანეს გია, რომელსაც უკვე ჩასძინებოდა და ლამის იყო, მხარზე გადაკიდებული შეიყვანეს სადარბაზოში.
_ მალე დავბრუნდები, შენ არ მოიწყინო, _ მომაძახა საბამ და ორივენი «გემრიელი ტვირთით» კიბეს აუყვნენ.
ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ისინი რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ ვიღაც ქალთან ერთად.
_ დიდი მადლობა, შვილებო, გაიხარეთ, დალოცვილი იყავით. კიდევ კარგი, საბუნია, სახლამდე რომ მოაცილე, თორემ ამის ჯავრი მომკლავდა ამაღამ, _ ვიშვიშებდა ქალი.
დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ეს ლამაზი ქალბატონი გიას დედა იქნებოდა. კარი გავაღე და ზრდილობის გულისთვის მანქანიდან გადავედი. ამასობაში საბამ რესტორნის თანამშრომელი გააცილა, ტაქსი რომ გაეჩერებინა.
_ გამარჯობათ, ქალბატონო, _ მივესალმე მომავალ «სადედამთილოს».
_ გაგიმარჯოს, დედა, შენ რომელი ხარ, ვერ გიცანი…
_ მე… მე მაგდა ვარ, გიას მეგობარი.
_ უიმე, უიმე, მაგდა, შვილო, როგორა ხარ, გენაცვალე? რა კარგი გოგო ყოფილხარ, ტყუილად არ არის თურმე ჩემი ბიჭი შენზე გადარეული. აბა, ახლა ასეთ სიტუაციაში უნდა გაგვეცნო ჩვენ ერთმანეთი? გიას რა ვუთხარი, რა დაემართა, კაცო, რა დალია ამისთანა, ასე რამ დაათრო, ვერაფერი გამიგია, _ ვიშვიშებდა შეწუხებული ქალი, თან ბოდიშს მიხდიდა…
საბა ორიოდე წუთში დაბრუნდა. როგორც იქნა, დავემშვიდობეთ გიას დედას და გზა გავაგრძელეთ.
_ ახლა საით? _ მკითხა საბამ.
ავუხსენი, საითაც უნდა წასულიყო, თან ხმა მიკანკალებდა. ამჯერად საბას ნელა მიჰყავდა მანქანა, სულაც არ ჩქარობდა. მეც მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაწელილიყო ჩვენი მარშრუტი, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და იმწუთას სხვა სურვილი არ მამოძრავებდა.
გაგრძელება იქნება