გია ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც მოახერხა და არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი.
გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. იგი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
გია ყანჩელი სიჩუმის კომპოზიტორი იყო - სიჩუმე მისი მუსიკის მთავარი ნაწილია. "მთავარი ისაა, რომ როცა მსმენელი მოვა მუსიკის მოსასმენად, მან იფიქროს, რომ ეს ძალიან ადვილად, ცით ან უფლით მოცემულია... ჩემ შემთხვევაში ასე არ ხდება. არ ვიცი, ალბათ, მოცარტი ძალიან მარტივად და თავისუფლად წერდა თავის გენიალურ ქმნილებებს. დარწმუნებული ვარ, მოცარტსაც უხდებოდა ცხოვრებაში დიდი სირთულეების გადალახვა...
რომ დახედავთ ბეთჰოვენის დაწერილ პარტიტურებს, მიხვდებით, რომ ეს უდიდესი ტანჯვის შედეგია, რომ მას მშვიდი ცხოვრება არ ჰქონია, მაგრამ დღეს მისი სიმფონიების მოსმენისას ფიქრობ, რომ ეს ერთი ხელის მოსმით კეთდებოდა. ეს ასე არ არის..." - ამბობდა გია ყანჩელი მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
"არავითარი ილუზია არ გამაჩნია იმის შესახებ, რა მოხდება მომავალში. ახლა თუ უკრავენ ორ კვირაში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩემს ნაწარმოებებს, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, დაუკრავენ თუ არა ნახევარი საუკუნის შემდეგ..."
გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის, „სევდის ანგელოზების“ ფინალი სწორედ ეს შეკითხვაა - იქნებიან კი ორკესტრები, შემსრულებლები და დირიჟორები ნახევარი საუკუნის შემდეგ და თუ იქნებიან დაუკრავენ ყანჩელის ნაწარმოებებს?
1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“... „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა „კინემატოგრაფიულია“.
"სევდის ანგელოზები" სცენარისტმა და რეჟისორმა თეონა ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში - ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენში, ბაქოსა და თბილისში გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, რომლისთვისაც ყველა ეპოქაში, ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო.
საბჭოთა იდეოლოგები კი მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ ის კაპიტალისტურ ქვეყნებში მტრებს ახარებდა.
"მე მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე. ჩვენ 52-ე წელია ერთად ვართ და კარგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი − ნატო და სანდრო; საოცარი რძალი – მარიკა გოგორიშვილი, რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან."
„მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება.
ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან - თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.
მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები. სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იმავეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.
იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები..."
"ხშირად მომიყოლია, მაგრამ მინდა თქვენც მოგიყვეთ ერთი არაჩვეულებრივი შემთხვევის შესახებ: ლეიფციგის გევანდჰაუზის მთავარი დირიჟორი იყო კურტ მაზური, რომელმაც შემიკვეთა მე-6 სიმფონია და ლეიფციგში შეასრულა. ამის შემდეგ გავიდა დრო და დადგა დღე, როცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავი უნდა ეზეიმათ. გერმანიის იმდროინდელმა მთავრობამ კურტ მაზურს სთხოვა, გაემართა კონცერტი, სადაც აჟღერდებოდა საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე.
კურტ მაზურმა დაურეკა ჩემს მეგობარს, ალფრედ შნიტკეს და სთხოვა: ალფრედ, მე ვიცი, რომ ბატონი გია ხალისიან მუსიკას არ წერს და ისიც ვიცი, რომ არ შეხვდება ამ თარიღს ფანფარებით. დაურეკე და სთხოვე, იქნებ დაწეროს რამე, რასაც ამ დღეს შევასრულებ. მაშინ დავწერე „სევდა ნათელი“. ეს არის ნაწარმოები, სადაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მღერის ბიჭუნათა გუნდი და სადაც არის ამონარიდები ოთხი პოეტის: შექსპირის, გოეთეს, პუშკინის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.
მე და ჩემი მეუღლე წავედით პრემიერაზე. ნაწარმოები დაახლოებით 35 წუთი გრძელდება. დასრულდა. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი, ჩამოვარდა სიჩუმე. კურტ მაზური დგას, ორკესტრი ზის, დარბაზი გარინდებულია და ასე გადის 10, 15, 20 წამი. მე უკვე ვეკითხები მეუღლეს: გამაგებინე, რა ხდება? ეს დიდხანს გრძელდებოდა. გარკვეულ მომენტში კურტ მაზური ჩამოვიდა პულტიდან, ხელი ჩამოართვა კონცერტმეისტერს და აი, მაშინ დაიწყო დარბაზის რეაქცია. რომ მოვდიოდი, გადმომცეს მაგნიტური ფირი, სადაც ჩაწერილი იყო ეს კონცერტი. ვინაიდან ხანდახან მულტფილმებზე ვმუშაობდი, შინ წამმზომი მქონდა და როგორც კი სახლში მოვედი, გავზომე ეს სიჩუმე, რომელიც დაახლოებით 40 წამი გრძელდებოდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბედნიერება. ეს ის შემთხვევაა, როცა უხილავი ძაფები იბმება დარბაზსა და სცენას შორის..."