„ჩემი ბოლტის კურიერი დღეს 19-ში, 19 წლის გახდა.
ნიკუშა ახლა რომელიღაც შორეულ აზიურ ქვეყანაშია (ჩვენც არ გვეუბნება რომელში) და სწავლობს იქაურ ენას. მანამდე კარგად ისწავლა იაპონური, სკოლაში სწავლის პარალელურად.
თბილისში ბოლტის კურიერად მუშაობდა თითქმის ერთი წელი, აზიაში ხელახლა წასვლის წინ კი, 2 თვის განმავლობაში ფეხით მოიარა საქართველო. (მხოლოდ 3-4-ჯერ ისარგებლა ავტოსტოპით).
თავის დროზე ნიკუშა, რომელიც ნიკოლოზობაზე დაიბადა, სამებაში მონათლეს უკრაინის და პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშენკომ და ლეხ კაჩინსკიმ (ოღონდ ლეხმა თავის ნაცვლად, პოლონეთის სეიმის სპიკერი გამოაგზავნა).
მე ძალიან დიდ ვალში ვარ ჩემს შვილთან. ვიცი, რა მძიმე ტვირთად დააწვა ყველაზე კრიტიკულ ასაკში ჩემი მდგომარეობა. ამავე დროს, ზუსტად ვიცი, რომ ძვალრბილში აქვს გამჯდარი საზოგადოებისთვის მსახურება, სხვისთვის დახმარება და, ამავე დროს, ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს.
დარწმუნებული ვარ, ჩემზე ბევრად მეტს გაუკეთებს საქართველოს და მსოფლიოს.
გილოცავ დაბადების დღეს ნიკუშ!“ - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილის შვილები
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა 2012 წელს დატოვა, თუმცა ბოლო წლებში ის ჩვენს ქვეყანაში მაინც აქტუალური პერსონაა არა პოლიტიკური საქმიანობის, არამედ პირადი ცხოვრების გამო.
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაქორწინებული იყო სანდრა ელისაბედ რულოვსზე. ათ ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ნიკოლოზი შეეძინათ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყოფილ პრეზიდენტსა და ცნობილ ქართველ მომღერალს, სოფო ნიჟარაძეს, საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი ჰყავთ. სოფო ორსულობისა და შვილის გაჩენის პერიოდში საჯარო ცხოვრებიდან გაქრა, ქვეყნიდან წავიდა და შვილის ვინაობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის სამშობლოში შვილთან ერთად დაბრუნდა.
მითქმა-მოთქმა გამოიწვია მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ელიზავეტა იასკოს ერთად გამოჩენას. 2021 წელს, როცა ჯერ კიდევ ყველა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის რომანზე საუბრობდა, ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ მას ურთიერთობა იასკოსთან ჰქონდა.
გასულ წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის ცხოვრებაში უკრაინის მნიშვნელობაზე საუბრობდა. წერილში მან ახსენა, რომ უკრაინაში მისი ქალიშვილი, ჟასმინი ცხოვრობს, რომლის ნახვაც ჯერ ვერ მოახერხა: "უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია".