ბევრი თაობისთვის საყვარელი დუეტის, "ორად ორი მეგობრის", ნუგზარ კვაშალისა და ვახტანგ ტატიშვილის მეგობრობის შესახებ ჟურნალი OK! ძალიან საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს:
"ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის მეგობრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ანსამბლ „ივერიაში“ მოვხვდი. ეს იყო 1972 წელი და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ნიჭიერი ადამიანების გვერდით ვიმღერებდი. ეს არ იყო მხოლოდ ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის ან მხოლოდ ჩემი და თემურ წიკლაურის მეგობრობა, ეს იყო ანსამბლის 12-ვე წევრის გამორჩეული მეგობრობის ისტორია. როდესაც ჩვენმა ანსამბლმა იუმორისტულ ნაწილშიც დაიწყო განვითარება, მაშინ მე, ვახტანგ ტატიშვილი და თემურ წიკლაური უფრო მეტად დავახლოვდით. 1985 წელს კი შეიქმნა მიუზიკლი, სახელწოდებით „თოვლის ბებოს ზღაპარი“, სადაც ჯუჯების როლი შემოგვთავაზეს. როლზე უარის თქმას ვაპირებდით, მაგრამ საბოლოოდ პროექტი გამოვიდა. სიკეთე, სიყვარული და სილამაზე საზოგადოებაში გავავრცელეთ და 160-ზე მეტი კონცერტი ჩავატარეთ თანმიმდევრობით. ეს იმ დროისთვის რეკორდი იყო. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და სიმღერამაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. 10 წლითა და 2 დღით არის ვახო ჩემზე დიდი, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა, საუკეთესო მეგობრები ვყოფილიყავით. ორი ჯუჯის სიმღერას მოჰყვა მეორე და მესამე სიმღერაც და მისი პოპულარობა ჩვენ ყველაზე მეტად გვახარებდა. ვახო მეუბნება, ჩემი მეორე ნახევარი ხარო. კონცერტებს ახლაც ვმართავთ ხოლმე საქართველოს რეგიონებში. ბოლო 5 წელიწადში 300-მდე კონცერტი ჩავატარეთ. სანამ ფეხზე ვდგავართ და შესაძლებლობა გვაქვს, სიყვარული, სიკეთე და სილამაზე ყველგან მოვაფრქვიოთ, ამას ყოველთვის გავაკეთებთ", - იხსენებს ნუგზარ კვაშალი.
"16-17 წლის იყო ნუგზარ კვაშალი, როდესაც ანსამბლ „ივერიაში“ მოვიდა. მაშინ შევხვდით ერთმანეთს პირველად. თუმცა ორი ჯუჯის პერსონაჟმა უფრო მეტად დაგვაახლოვა და ეს ჯუჯები დღემდე მოგვყვებიან. უკვე 40 წელზე მეტია ვართ ჯუჯებიც და მეგობრებიც. ძალიან მხიარული წლები გავატარეთ ერთად.მეგობრობაში მთავარი მეგობრობაა. მეგობრები ერთი გობიდან ჭამენ და ერთნაირად იყოფენ ყველაფერს – ავსაც და კარგსაც", - ამბობს ვახტანგ ტატიშვილი.
ვახტანგ ტატიშვილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ღირსების ორდენის კავალერი (1994), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011), სსრკ-ის „საკავშირო კონკურსის“ ლაურეატია (1977). ტატიშვილი დაიბადა 1941 წლის 24 ნოემბერს ბათუმში.
1963 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1963-1965 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა.1965-1968 წლებში იყო ანსამბლ „ტრიოს“ წევრი (მარეხი გოძიაშვილთან და ჯემალ ბაღაშვილთან ერთად). 1968 წლიდან ფილარმონიის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტია.
მონაწილეობა აქვს მიღებული კონცერტებში: „ივერია, სიყვარული და“ (1973), „უმცროსი და...“ (1977), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1984); „არგონავტები“ (1986) და სხვ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ მას არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:
"ჩემი ბავშვობით დავიწყებ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ და კოლორიტულ ქალაქში - ბათუმში გავატარე. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ქართული სიმღერის სიყვარულს ადრეული ასაკიდან ვეზიარე, მაგრამ ასე არ ყოფილა. რატომ?.. რუსულ ბაღში დავდიოდი და რუსული სკოლა დავამთავრე. ეს მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ქართული მუსიკის სიყვარული ჩემს გულში ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ჩემი მშობლები ბოტანიკოსები იყვნენ და შეიძლება ითქვას, ჩემს და-ძმასთან ერთად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გავიზარდე. ჩვენი მშობლები მეცნიერები იყვნენ და მუშაობდნენ, ჩვენ კი ამქვეყნიურ სამოთხეში ვიზრდებოდით. მახინჯაურის სკოლაში ვსწავლობდი, იქამდე 5 კილომეტრი იყო, რომელიც ფეხით უნდა გამევლო, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბოტანიკურ ბაღში ხილი ბლომად იყო, ხან რა მწიფდებოდა და ხან - რა, თუმცა ზოგჯერ დაუმწიფებელსაც სიამოვნებით მივირთმევდით: ყველანაირი ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, ხურმა - ვინ იცის, რა არ მოდიოდა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელ მოგონებად რჩება. 1941 წელს ვარ დაბადებული, ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საკვები ძალიან ჭირდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიგრძნია. ამიტომაც ვამბობ, რომ მე ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა.